Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიტერორისტული ოპერაცია, სამხედრო სწავლება და ახალი სოციალურ-ეკონომიკური აქცენტები, რომლითაც კახეთი აქამდე განებივრებული არ ყოფილა


საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება – კახეთში 2002-2004 წლებში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ, ოფიციალურ პრესაში იმ დღეს გაჩნდა,

როცა მთელი საქართველოს ყურადღება, გასაგები მიზეზების გამო, სწორედ კახეთისაკენ იყო მიმართული. ძნელი სავარაუდოა, ამგვარი დამთხვევა შემთხვევითი იყოს – ანტიტერორისტული ოპერაცია და სამხედრო სწავლება, რუსული ავიარეიდების კვალდაკვალ, კახეთს მოვლენათა ეპიცენტრში წარმოაჩენს. მოსახლეობის დაძაბულობას კი განეიტრალება სჭირდება და, როგორც ჩანს, ოფიციალურ სტრუქტურებში პრეზიდენტის ზოგადი განკარგულება მრავალი მისამართითა და დავალებით ამგვარი განმუხტვის საშუალებადაც მიაჩნიათ. რეალურად კი რას მოუტანს პრეზიდენტის განკარგულება კახეთის მოსახლეობას, ძნელი განსაჭვრეტი არ უნდა იყოს.

2002-2004 წლებში კახეთში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულების თაობაზე ჯერ-ჯერობით პრაქტიკულად არაფერი იციან განკარგულების უშუალო ადრესატმა სამინისტროებმა. ფინანსთა სამინიტროში, მაგალითად, პრეზიდენტის კანცელარიას გადაგზავნილიც კი არ აქვს ამ განკარგულების ასლი, მაშინ, როცა ამ განკარგულების ერთი, პირველი პუნქტის მიხედვით, დრო არ ითმენს და “რთველი – 2002”-ის სუფსიდირებისა თუ შეღავათიანი საბიუჯეტო კრედიტის გამოყოფის თაობაზე წინადადებათა ვარიანტების წარდგენა, პრეზიდენტის მიერ ორი კვირის ვადაშია ნაბრძანები. არაოფიციალური ინფორმაციით, “რთველი 2002”-ის დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტი 2 მილიონამდე ლარის ფარგლებში შეძლებს, თუმცა ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ შესრულდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციიდან შევნიშნავთ ასევე, რომ განკარგულების მიხედვით, მას ევალება 2003-2004 წლების სახელმწიფო ბიუჯეტების პროექტების ფორმირებისას განიხილოს საკითხი გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და ყვარლის რაიონებში სასმელი წლის ქსელების რეაბილიტაციის, ახმეტაში ხანძრისაგან განადგურებული კულტურის სახლის აღდგენისა და მთელი რიგი სხვა საკითხებისათვის ასიგნებათა გამოყოფის შესახებ. როგორც მოგახსენეთ, ფინანსთა სამინისტროში პრეზიდენტის განკარგულება ჯერ თვალითაც არ უნახავთ, რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებებს ზოგადად, ჯერ პრაქტიკულად 2003 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე ლაპარაკიც კი ნაადრევია.
კიდევ უფრო შორს მიდის პრეზიდენტი განკარგულების იმ ნაწილში, რომლის აღსრულება ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ევალება – კერძოდ, სამინისტრო ვალდებულია კახეთში მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობოს ცენტრის მეშვეობით, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროგრამების დაფინანსებას და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2004 წლის ინდიკატორულ გეგმაში კახეთის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ჩასმას. სამ თვეში უნდა წარადგინოს სახელმწიფო წილის მქონე საწარმოთა ფუნქციონირების გაუმჯობესების წინადადებები, თავის მხრივ, ქონების მართვის სამინისტრომ, რომლის პარტნიორები ამ საქმეში არიან მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.
ვინაიდან კახეთის სოციალურ-ეკონომიკური აღმშენებლობის თაობაზე განკარგულება პრეზიდენტმა კახეთის მოსახლეობის გულის მოგების მიზნით, როგორღაც გულუბრყვილოდ დაუკავშირა ახმეტასა და პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებულ ინტერესს განკარგულების ის ნაწილი იწვევს, რომელიც ეგრეთ წოდებული ცხელი წერტილის სოციალურ-ეკონომიკურ რეაბილიტაციას შეეხება, ფურცელზე მაინც – განკარგულების თანახმად, უნდა აღდგეს ახმეტის რაიონის პანკისის ხეობის სოფლების რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი გზის სავალი ნაწილი და მეორე, სამ თვეში უნდა შემუშავდეს ტექნიკურ-ეკონომიკური და ორგანიზაციურ-ფინანსური პროგრამა პანკისის ხეობის საშენი და მოსაპირკეთებელი ქვის კარიერების ასამოქმედებლად.
XS
SM
MD
LG