Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული ''წვრთნისა და აღჭურვის'' პროგრამა და შევარდნაძის სიურპრიზი


პანკისის ხეობაში მიმდინარე სრულიად სამხედრო ძალების ანტიკრიმინალურ და ანტიტერორისტულ ოპერაციას, 29 აგვისტოს საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ანტიტერორისტული

სამხედრო ღონისძიების დაწყება დაემთხვა და მასში, პანკისური მანევრებისგან განსხვავებით, მონაწილეობას ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორებიც ღებულობენ. ხუთშაბათს თავდაცვის სამინისტროს კრწანისის სასწავლო ცენტრის პოლიგონზე საზემოდ გაიხსნა ამერიკული სამხედრო დახმარების პროგრამის _ "წვრთნისა და აღჭურვის" მესამე ფაზა, რომელიც პირველი ქართული პროფესიული ანტიტერორისტული ქვედანაყოფების ტაქტიკურ მომზადებას ითვალისწინებს.

1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტზე პირველი ტერორისტული თავდასხმა მოხდა. იმ დროიდან ტერმინ ტერორიზმის უკან მდგარი საშიშროება ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად იქცა და ისევე მყარად დამკვიდრდა საქართველოს ხელისუფლების სამუშაო ლექსიკონში, როგორც აგრესიული სეპარატიზი, ექსტრემიზმი ან, სულაც, პროვინციული ფაშიზმი, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხშირად მიმართავდა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, ზვიად გამსახურდიას დისკრედიტაციის მიზნით. მაგრამ ექსპრეზიდენტის დაღუპვისა და მისი მომხრეების დაქსაქსვის შემდეგ პროვინციული ფაშიზმის საფრთხემ ედაურდ შევარდნაძისთვის აქტუალობა დაკარგა. თითქმის გამოვიდა ხმარებიდან ტერმინები _ აგრესიული სეპარატიზმი და ექსტრემიზმი, სამაგიეროდ 11 სექტემბრის შემდეგ კიდევ უფრო გამოიკვეთა გლობალური ტერორიზმის საშიშროება.

აღსანიშნავია, რომ მასზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მეშვიდე წლისთავზე ედუარდ შევარდნაძემ ამ ტერმინებს კიდევ ერთხელ მოუყარა თავი და არაორაზროვნად განაცხადა, რომ ტერორიზმის დამარცხების შემდეგ მსოფლიო აგრესიული სეპარატიზმის და ექსტრემიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა გაერთიანდესო.

თუმცა, ედუარდ შევარდნაძემ საჭიროდ არ ჩათვალა დაუზუსტებია, კვლავ ვრცელდება თუ არა აგრესიულ სეპარატიზმი და ექსტრემიზმი სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლებაზე, თუ ეს უკვე განყენებული ცნებებია. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს მინიშნებაც კი არ გაუკეთებია, თუ რა ანტიტერორისტული ფუნქცია დაეკისრებათ მომავალში ამერიკის სპეცდანიშნულების მე-10 დივიზიის ინსტრუქტორების მიერ მომზადებულ თავდაპირველად 450, საერთო ჯამში კი 1600 ქართველ ჯარისკაცს.

სამაგიეროდ, ამერიკელი ხალხის მიმართ მადლიერებისა და სოლიდარობის ნიშნად, პრეზიდენტი შევარდნაძე გამოვიდა ინიციატივით, რათა კრწანისის სასწავლო პოლიგონს, სადაც 29 აგვისტოს ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის მესამე ფაზა დაიწყო, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნის პოლიგონი ეწოდოს.

სამადლობელი კი საქართველოს მართლაც ბევრი აქვს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველომ უკვე მიიღო საშტაბო ოფიცერთა ბირთვი, ამჯერად კი სამთვიან ტაქტიკურ მომზადებას უშუალოდ რიგითი შემადგენლობა გაივლის. თანაც, 450 კაციანი კონტინგენტი მთლიანად საკონტრაქტო პირობებით შეირჩა და მათ, როგორც პროფესიონალმა ჯარისკაცებმა, საბანკო პლასტიკური ბარათებით უკვე პირველი ხელფასის მიღებაც მოასწრეს. შეგახსენებთ, რომ პროგრამაში ჩაბმულ პროფესიონალ ქართველ ჯარისკაცთა ხელფასი 400, ხოლო ოფიცერთა _ 600 ლარს შეადგენს. 30 აგვისტოს კი ანტიტერორისტული ქვედანაყოფის მებრძოლებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ელოდებათ _ ალექსეევკის აეროდრომზე დაეშვება ამერიკული თვითმფრინავი, რომელიც ქართველი სამხედროებისთვის ამერიკულ აღჭურვილობას და საბრძოლო იარაღს ჩამოიტანს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG