Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის მსოფლიოში იოჰანესბურგის სამიტი


სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს ეგრეთწოდებული დედამიწის სამიტი, რომლის მთავარი თემები სიღარიბის დაძლევა და ბუნების დაცვის გაძლიერებაა.

ორშაბათს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გახსნა ამ სამიტის ბოლო, მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც უნდა გაარკვიოს ამ კონფერენციის წარმატება-წარუმატებლობა.

კოფი ანანმა, დამსწრეთ, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელებს, მოუწოდა უფრო აქტიური მოქმედებისკენ. ანანის აზრით, ახლა მხოლოდ წუხილი არ კმარა, მთავრობებს, ხალხს, საწარმოებს მეტი პოლიტიკური სიმამაცე სჭირდებათ, რათა იმოქმედონ. საწარმოებს ჩვენ არ მოვუწოდებთ აკეთონ სხვა რამ, განსხვავებული მათი ჩვეულებრივი საქმიანობისგან, არამედ ჩვენ მათ მოვუწოდებთ, თავიანთი საქმიანობა სხვაგვარად წარმართონ.
ანანი შეეხო შიმშილობას, რომელიც ახლა აფრიკაში 13 მილიონ ადამიანს ემუქრება: [ანანის ხმა] “თუკი ვინმეს სჭირდება იმის შეხსენება, რა ხდება, როცა ჩვენ პლანეტის შორეული მომავლის დაგეგმვაში ჩავფლავდით, შეუძლია მოისმინოს ცამეტი მილიონი უბედური არსების დახმარებისთვის ძახილი”.

კონფერენცია, რომელიც ოთხშაბათს დასრულდება, უდიდესია გაეროს ისტორიაში. მისი მონაწილეები შეთანხმდნენ ბევრ საკამათო საკითხში. სხვათა შორის, იმ მიზანზე, რომელიც 2015 წლისთვის იმ ადამიანების რიცხვის განახევრებას გულისხმობს, რომლებსაც არ გააჩნიათ საშუალება, ისარგებლონ სანიტარული კვანძით. შეთანხმება არ მოხდა ევროპის კავშირისა და, კერძოდ გერმანიის, მოთხოვნაზე, 2010 წლამდე 15 პროცენტით გაიზარდოს ეგრეთწოდებული “განახლებადი ენერგიის” წილი. ასევე უთანხმობაა სხვა სფეროებში, რომელთა მოგვარების ვადების დადგენის წინაღმდეგ გამოდის შეერთებული შტატები. კონფერენციის მონაწილეები თავიანთ სამოქმედო გეგმასთან ერთად, მიიღებენ ერთობლივ განცხადებას, რომლის პროექტი უკვე გამოქვეყნდა იოჰანესბურგში. მასში ნათქვამია, რომ რიოს შეხვედრის ათი წლის წინანდელი გადაწყვეტილელები ვერ შესრულდა. ამიტომ, ღარიბმა ქვეყნებმა დაკარგეს რწმენა ჩვენეული დემოკრატიისა, რომლის წინაშე ვალდებულები ვართ, ვიმოქმედოთ იმგვარად, რომ მათი ცხოვრება შევცვალოთ.

სამიტის ბოლო ეტაპის პირველსავე დღეს იოჰანესბურგში სიტყვით გამოვიდნენ ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები, გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ბრიტაგეთის პრემიერი და სხვები. ისინი ერთ აზრზე არიან იმაში, რომ პლანეტას უკეთ უნდა მიეხედოს. ტონი ბლერმა, ისევე, როგორ გერჰარდ შრიოდერმა, კიოტოს ოქმის სახელით ცნობილი შეთანხმების რატიფიცირების აუცილებლობაზე ილაპარაკა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა დამსწრეთ ეკოლოგიური რევოლუციისკენ მოუწოდა, მან თქვა, რომ ჰავის ცვლილება მუქარას წარმოადგენს, მაგრამ არა ისეთს, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია.
როგორ გარდაიქმნება მოქმედებად პოლიტიკოსთა ამგვარი ოპტიმიზმი, მომავალში გამოჩნდება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG