Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო სამი ქართველი მესაზღვრის დაპატიმრების ფაქტს აპროტესტებს


საქართველოსა და რუსეთს შორის გართულებული ურთიერთობების მიუხედავად, ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყება, ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ოპერატიული ინფორმაციის ყოველდღიური

ურთიერთგაცვლით თითქმის ბოლო მომენტამდე იწონებდა თავს. მაგრამ 2 სექტემბერს მამისონის უღელტეხილზე მომხდარი შემთხვევა ადასტურებს, რომ მესაზღვრეთა დეკლარირებული თანამშრომლობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატერებს. ყოველ შემთხვევაში ძნელია კონსტრუქციული ეწოდოს ურთიერთობას, როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი ინცინდენტის დროს, როგორიცაა შეიარაღებული მესაზღვრეების დაპატიმრება, ერთი მხარე მეორეს დეპეშით ატყობინებს და სატელეფონო საუბარსაც ამადლის.

რუსეთ-საქართველოს საზღვრის ინგუშეთის მონაკვეთზე სამი ქართველი მესაზღვრის, უფროს ლეიტენანტ გოგლიძის, რიგითების ჩიგოგიძისა და ჯეჯელავას გაუჩინარება საქართველოს საზღვრის დაცის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, ორშაბათს, საღამოს ოთხ საათზე გახდა ცნობილი. მაგრამ მამისონის უღელტეხილზე მდებარე ქართული სასაზღვრო საგუშაგოს მორიგის ინფორმაციაში მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ მესაზღვრეები უკან არ დაბრუნდნენ. ხოლო რუსეთის მხარის მიერ სამი ქართველი მესაზღვრის დაკავების ამბავი და მათი ადგილსამყოფლის დადგენა კი საქართველოს ხელისუფლებაზე ადრე ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რამაც საქართველოს სასაზღვრო უწყების აღშოფოთება გამოიწვია.

საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა ასევე პოსტფაქტუმ შეიტო, რომ მამისონის უღელტეხილეზე პატრულირების დროს გაუჩინარებული სამი ქართველი მესაზღვრე უკვე პატიმრობაში იმყოფება და ჩრდილოეთ კავკასიის სასაზღვრო უწყების შტაბის წარმომადგენლები მათ სახელმწიფო საზღვრის დარღვევასა და იარაღის უკანონო გადატანაში დებენ ბრალს. თუმცა, როგორც ირკვევა, ქართველი მესაზღვრეების დანაშაულის დამადასტურებელი რაიმე არგუმენტი რუსეთის მხარეს არ წარმოუდგენია.

აღსანიშნავია, რომ იგნორირების პოლიტიკა სამშაბათსაც გაგრძელდა. საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარატამენტის შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ კორნელი სალაის განცახდებით, მისი ყოველგვარი მცდელობა, ტელეფონით დაკავშირებოდა რუს კოლეგებს, უშედეგოდ დამთავრდა. ამიტომ საქართველოს სასაზღვრო უწყება დღის ბოლოს იძულებული გახდა ოფიციალური წერილით მიემართა ჩრდილოეთ კავკასიის სასაზღვრო უწყების შტაბისათვის და ამ ინცინდენტის ერთობლივი გამოძიება ეთხოვა.


რაც შეეხება, მამისონის ინცინდენტს, ქართული მხარე აცხადებს, რომ დაკავებული მესაზღვრეები საზღვრის პატრულირებას ახდენდნენ და რაკი ამ მონაკვეთზე რუსეთ-საქართველოს შორის საზღვარი ზუსტად დადგენილი არ არის, ამიტომ ძნელი სათქმელია, მართლა მოხდა, თუ არა საზღვრის დარღვევა. მით უფრო, რომ, როგორც ირკვევა, ქართველი მესაზღვრეების დანაშაულის დამადასტურებელი რაიმე არგუმენტი რუსეთის მხარეს არ წარმოუდგენია.

საქართველო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში არც იმას გამორიცხავენ, რომ სასაზღვრო ინცინდენტი ხელოვნურადაც იყოს პროვოცირებული, რათა რუსეთმა ამჯერად მაინც შეძლოს საქართველოს ხელისუფლების ცოტა უფრო დამაჯერებლად დისკრედიტაცია საერთაშორისო საზოგადოების თვალში. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მესამე ინცინდენტია, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოხდა. ადრე რუსებმა ქართულ მხარეს საზღვარზე ცეცხლის გახსნასა და 8 მესაზღვრის მკვლელობაში დადეს ბრალი, რაც რუსეთს საპირირისპიროდ შეუტრიალდა მას შემდეგ, რაც ნამდვილი მკვლელების ვინაობა დადგინდა და ისინი თავად რუსეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ.

თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც და იგი, ისევე როგორც პანკისის მრავალჯერადი დაბომბვა, საქართველოს ხელისუფლების უპრინციპო პოლიტიკას უკავშირდება. კერძოდ, რუსეთის მიერ საქართველოს სახმელეთო საზღვრისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსმა მესაზღვრეებმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე 1999 წელს საზღავრი რამდენიმე ასეული მეტრით ჯერ სოფელ ლარსთან გადმოწიეს, მოგვიანებით კი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, იგივე განმეორდა სოფელ ფიჭვების შემთხვევაში. მაშინაც საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ სიტყვიერი პროტესტით შემოიფარგლა. ასე რომ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ანალოგიურ ვითარებასთან გვქონდეს საქმე მამისონის ინცინდენტის შემთხვევაშიც და რუსეთი ამზადებდეს ნიადაგს, ძალისმიერი მეთოდით მორიგი არდელიმიტირებული სასაზღვრო ზოლის მისატაცებლად.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG