Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირას საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ დაძაბულობას


გასულ კვირას საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ დაძაბულობას

დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაზე გავლენა არ მოუხდენია. პირიქით, რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებამ ქართულ მხატვრულ ელიტას შემოქმედებითი მუხტი გაუმძაფრა. უფრო სწორად, გააქტიურდნენ შოუბიზნესში ჩართული ადამიანები და ცალკეული კულტურული ორგანიზაციები. მაგალითად, რუსეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობის ცენტრმა დაასრულა სანკტ-პეტერბურგის კულტურის დღეებისთვის მზადება. როცა თბილისში რუსეთ-საქართველოს შესაძლო ომზე დაიწყო ლაპარაკი, ტელევიზიით აჩვენებდნენ სარეკლამო კლიპს, რომელიც რუსული ხელოვნების მოყვარულებს გრიბოედოვის თეატრში სანკტ-პეტერბურგის კულტურის ფესტივალის ჩატარებას აუწყებდა. რეკლამას რაც შეეხება... აჟიოტაჟმა, რომელიც თბილისში პუტინის განცხადებას მოჰყვა, ვერ დააფრთხო კავკასიის რეკლამის მეორე საერთაშორისო ფესტივალის, “სიფას,” სტუმრები. ისევე როგორც შარშან, დედაქალაქის საშემოდგომო კულტურული სეზონი “სიფამ” გახსნა. ოღონდ ერთი განსხვავებით: ფესტივალის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კომპანია “მაგთი ჯიესემმა” ფესტივალის სპონსორობაზე უარი განაცხადა. თუმცა ფესტივალის ხარისხზე ამას ნამდვილად არ უმოქმედია. პირიქით: გასულ წელს კავკასიის რეკლამის ფესტივალი უფრო “მაგთის” პრეზენტაციას და, ე.ი. კომპანია “მაგთის” რეკლამას, ჰგავდა – “მაგთის” კლიპებმა აშკარად დაჩაგრა სხვა კომპანიების სარეკლამო რგოლები. განსაკუთრებით დაზარალდნენ ფესტივალის კონკურსში მონაწილე სომეხი და აზერბაიჯანელი ავტორები. უცხოელ ექსპერტთა აზრით, ქართული რეკლამა შესრულების ხარისხითაც, გამომგონებლობითაც გამოირჩეოდა კონკურენტებისგან. თუმცა შესრულების ხარისიხი, როგორც ჩანს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სარეკლამო ბიზნესის პრობლემად რჩება. ამიტომ “სიფას” წლევანდელმა ჟიურიმ, რომელსაც ფესტივალის დაწყებამდე ერთი ადამიანი გამოაკლდა (ლუიზა-მარია პერერამ თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა), თავიდანვე განაცხადა, რომ წელს შეფასების კრიტერიუმი იქნება რეკლამის იდეა და არა ხარისხი. გამოდის, რომ “სიფამ” 2002 წელს პრიორიტეტები შეცვალა. შარშანდელ ფესტივალზე ჟიურიმ განსაკუთრებული ყურადღება მიანიჭა ნაციონალურ მოტივს რეკლამაში, თუმცა, სპეციალისტების აზრით, გასულ წელს აშკარად გამოიკვეთა ერთი პრობლემა, რომელსაც ვერაფრით წყვეტენ ქართველი დიზაინერებიც. მათი უმრავლესობა, როგორც წესი, სარეკლამო რგოლის ტექნიკურ ხარისხზე ზრუნავს, მაგრამ, ამავე დროს, თანამედროვე ტექნიკის დეფიციტს განიცდის. უცხოელი სპეცალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთ პირობებში დიზაინერებმა უფრო მეტად მხატვრული სახეების მრავალფეროვნებაზე, დრამატურგიის სრულყოფაზე უნდა იზრუნონ და დრო არ დაკარგონ კლიპის “შეფუთვაზე”. უცხოელთა შენიშვნას იზიარებს “სიფას” პრესცენტრის ხელმძღვანელი ბატონი მერაბ გეგეჭკორიც, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა [მერაბ გეგეჭკორის ხმა]: “შარშან ჩვენს ფესტივალზე იყო რამდენიმე წლის ნამუშევარი, წელს ცოტა შემცირდა, მაგრამ დონე აშკარადაა აწეული, არის რეკლამა, რომელიც ევროპულ კინოს არ ჩამოუვარდება... იდეების ხარჯზე, თორემ ტექნიკა, განათების ხარისხი იქ, ცხადია, უკეთესია.

რეკლამის დონემ, შესაძლოა, მართლაც აიწია, წელს გაიზარდა მონაწილეთა და სარეკლამო კამპანიების რიცხვიც, მიუხედავად იმისა, რომ მოიხსნა გაზეთისა და ჟურნალის პოსტირების კონკურსი, სამაგიეროდ, ჩატარდა ქართული კლიპების ფესტივალი. მაგრამ, შარშანდელთან შედარებით, “სიფას” აშკარად მოაკლდა მაყურებელი. ბატონ მერაბ გეგეჭკორს ჩვენ ფესტივალის პირველ დღეს შევხვდით, როცა კინოს სახლში, ფაქტობრივად, ცარიელ დარბაზში უჩვენებდნენ “სიფას” საკონკურსო პროგრამას. იმ დღეს ფესტივალის პრესცენტრის ხელმძღვანელი იმედიანად გამოიყურებოდა [მერაბ გეგეჭკორის ხმა]: “მაყურებელი ჯერჯერობით ცოტაა, ალბათ, პირველი დღის ფაქტორია. შარშან კინოთეატრ “რუსთაველში” მეტი ხალხი იყო, თუმცა წელს აკრედიტაციებიც ბევრია გაყიდული და ბილეთებიც... შარშანდელი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ პროფესიონალიც ბევრი მოდის და ჩვეულებრივი მაყურებელიც, განსაკუთრებით ბევრია სტუდენტობა.”
სტუდენტობა არა იმდენად სარეკლამო კლიპებით, რამდენადაც უფრო სემინარებითა და მასტერკლასებით დაინტერესდა. მითუმეტეს, რომ სემინარებს წელს მსოფლიო სარეკლამო ბიზნესში წარმატებით დამკვიდრებული უცხოელი სპეციალისტები ატარებდნენ. მაგალითად, ლორენცო მარინი, რომელმაც თბილისში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რეკლამაში მთავარია არა “დეკორი”, არა ლამაზი პეიზაჟები, ლამაზი გოგონები და სარეკლამო რგოლის პერსონაჟებად ქცეული პოპულარული ადამიანები, არამედ იდეა, რომლის შესახებ ყველა ილაპარაკებს. იდეები რომ ბევრი ყოფილიყო, “სიფას” კონკურსში ჩართული სარეკლამო რგოლების ცქერისას მაყურებელს მთქნარება არ აუტყდებოდა. პირადად ჩემზე განსაკუთრებით მძიმე შთაბეჭდილება დატოვა აზერბაიჯანულმა და უკრაინულმა რეკლამამ. თუმცა ჩვენი სარეკლამო კლიპების ავტორებიც ბოლომდე ვერ გაემიჯნენ ტენდენციას, რომელიც აზერბაიჯანულ, სომხურ, უკრაინულ, თურქულ პროდუქციაში წარმოჩნდა: რეკლამაში ისევ ბევრია ტექსტი, ისევ გაუაზრებელია მუსიკა და არც დრამატურგია გამოირჩევა დაძაბულობით; ხშირია ბავშვებით სპეკულაცია (როგორც ჩანს, რეკლამაში გადაღებაზე ბავშვები მინიმალურ ჰონორარზეც თანხმდებიან). სრულიად გაუგებარია ქართველი რეჟისორების სურვილი რეკლამას მიანიჭონ “განმანათლებლის” ფუნქცია და ექსკურსები მოგვიწყონ ისტორიაში. მითუმეტეს, როცა ასეთ რეკლამას “უშველებელი” ტექსტი ახლავს ხოლმე.
მიუხედავად გადაუწყვეტელი პრობლემებისა მხატვრული თვალსაზრისით, უნდა ვაღიაროთ, რომ წლევანდელ ფესტივალზე ქართულმა რეკლამამ “რაოდენობით” მაინც გაგვახარა. საზოგადოებამ კარგად იცის - რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკა, მით უფრო განვითარებულია რეკლამა.

ქართული კინემატოგრაფიული საზოგადოების დაინტერესება რეკლამის ხელოვნებით, ამავე დროს, ბუნებრივადაც უნდა მივიჩნიოთ. ქართველ რეჟისორებს ყოველთვის ახასიათებდათ ეგრეთ წოდებული “ნოველური აზროვნება” – წარმატებას აღწევდნენ იგავური ფორმების გამოყენების დროს და ვერ იღებდნენ კინორომანებს. დღეს, როცა ქართული კინო, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, ეროვნული “კინემატოგრაფიული ნიჭი” სწორედ რეკლამაში გამოიხატა. ამას ადასტურებს ბატონი მერაბ გეგეჭკორიც, რომელიც აღნიშნავს, რომ ბოლო დროს ქართველ რეჟისორებს უცხოელმა დამკვეთმაც მიაქცია ყურადღება[მერაბ გეგეჭკორის ხმა]: “შეიძლება გაჩნდეს დამკვეთი, რადგან ქართულ ვიდეორგოლებში, მათი სიტყვებით რომ ვთქვათ, არის სხარტი აზროვნება, დეტალები.. ვთქვათ, ნიკუშა ახვლედიანის კლიპები ძალიან მოსწონთ და ქართული რეკლამა ნელ-ნელა შედის ევროპულ რეკლამაში. უკვე სიხარულით მოდიან ჩვენთან, საქართველოში.”
უცხოელები საქართველოში სიამოვნებით მოდიან. სიამოვნებით ჩამოდიან რუსებიც. ამ კვირაში თბილისში რუსეთის კულტურის დღეები იწყება. დაგეგმილია სანკტ-პეტერბურგის საუკეთესო ვარსკვლავების ჩამოსვლა. ოფოციალურად არ არის დაგეგმილი, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ქართველი და რუსი ხალხის საუკუნოვან ძმობაზე ისაუბრებენ
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG