Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შევარდნაძის ახალი დაპირება: პანკისის პრობლემას წერტილი ახლო მომავალში უნდა დაესვას


კემპ-დევიდში ჯორჯ ბუშის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ (შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტა, რომ პუტინს მოსთხოვა ადროვოს საქართველოს პანკისის სპეცოპერაციის

ბოლომდე მიყვანა) ედუარდ შევარდნაძე უფრო თავდაჯერებული გახდა. 16 სექტემბრის ტრადიციულ ბრიფინგზე მან რამდენჯერმე გაიმეორა ფრაზა - “ჩვენ ცამდე მართალი ვართ, საქართველო მართალია,” და დადო პირობა, რომ პანკისის პრობლემას ბოლო ახლო მომავალში მოეღება. სხვათა შორის, ედუარდ შევარდნაძის ეს ბრიფინგი წინა ბრიფინგებისგან საგრძნობლად გამოირჩეოდა.საქართველოს პრეზიდენტი ამ დღეს კონკრეტული იყო.

შეკითხვას: “ ხომ არ ჯობს ვლადიმირ პუტინის თბილისში მოწვევა, მათ შორის, საქართველო-რუსეთის საფეხბურთო მატჩზე დასასწრებლად და თბილისის სტადიონზე ორი პრეზიდენტის არაოფიციალური შეხვედრის გამართვა?” ედუარდ შევარდნაძემ უპასუხა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ტრუსებში?”

როგორც ჩანს, პრეზიდენტის ასეთ განწყობილებას სტიმული საქართველოს თაობაზე ჯორჯ ბუშის უკანასკნელმა განცხადებამაც მისცა. მართალია, რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქართველოს გულისთვის შეერთებული შტატები რუსეთთან ურთიერთობას არ გაამწვავებს და პანკისზე რუსეთის სამხედრო შეტევას მარტოოდენ საპროტესტო განცხადების მიღებით უპასუხებს, ედუარდ შევარდნაძეს აქვს იმედი, რომ დასავლეთი საქართველოს არ მიატოვებს.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ერთსულოვან გამოხმაურებას ველოდი. ამაში დარწმუნებული ვიყავი. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოება იქნება კიდევ უფრო მკაცრი, თუ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ სხვა ბერკეტებსაც გამოიყენებს, მათ შორის, ეკონომიკურ ბერკეტებს. იმიტომ, რომ ეს იქნება კიდევ უფრო ღრმა გამოვლინება უსამართლობისა და უკანონობისა მოსაზღვრე პატარა სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მართალია.”

უფრო მეტი სიმართლისთვის საქართველოს პანკისის პრობლემის მოგვარებას სთხოვენ. უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე პანკისში ალ-ყაიდას წარმომადგენლების ყოფნას გამორიცხავს, მაგრამ ის არ გამორიცხავს იქ ისეთი ელემენტების ყოფნას, რომლებსაც, შესაძლოა, ჰქონდეთ კავშირი ალ-ყაიდასთან. რუსული წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ გენშტაბი საქართველოში სამხედრო ოპერაციის ორ ვარიანტს ამუშავებს. ერთ-ერთი მათგანის მიზანია აიძულოს საქართველო დათანხმდეს ერთობლივ სპეცოპერაციას, რომელშიც მონაწილეობას, რუსებთან ერთად, ქართველები და ამერიკელები მიიღებენ. ედუარდ შევარდნაძე კი პოზიციას არ თმობს და ირწმუნება, რომ პანკისის პრობლემას საქართველო 2-3 კვირაში საკუთარი ძალებით მოერევა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: პრეზიდენტმა მოუწოდა რუსეთის გენშტაბის წარმომადგენლებს, იარაღის გარეშე ჩამოვიდნენ საქართველოში და თავისი თვალით ნახონ, რა ხდება პანკისში. მანვე აღიარა, რომ პანკისის ხეობაში მუშაობენ რუსეთის სპეცსამსახურების თანაშრომლებიც და ამერიკელებიც.
“მაინც რისი მომასწავებელია პანკისში რუსი და ამერიკელი აგენტების მოქმედება?” ეს შეკითხვა ღიად დარჩა. ედუარდ შევარდნაძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დაძაბვის მიზეზებს ჩაუღრმავდა და გამოთქვა აზრი, რომ დაძაბულობა მნიშვნელოვანწილად აზერბაიჯანული ნავთობის დასავლურმა მიმართულებამ განაპირობა. “ჩვენ გვთხოვდნენ, უარი გვეთქვა ამ პროექტზეო,” თქვა მან. ბოლო დღეებმა საქართველოს აშკარა და ფარული მტრები გამოააშკარავა. ასეთებად პრეზიდენტმა საკუთარი თანამემამულეებიც დაასახელა, - ისინი, რომლებიც რუსეთის მედიაში ყველაზე ხშირად ჩანან. გააკეთა საინტერესო მინიშნება ასლან აბაშიძისთვის აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესაძლო შეჩერების თაობაზე და გამოხატა სიმპათია ორი სრულიად განსხვავებული საგარეო ორიენტაციის პოლიტიკოსის: ვახტან რჩეულიშვილისა და ზურაბ ჟვანიას, როგორც კონსტრუქციული პოლიტიკოსების მიმართ.
ჩანს, გლობალურ პოლიტიკაში საქართველოს თამაში მის საშიანო საქმეებშიც აისახება. რამდენად სასიკეთო იქნება ეს ყველაფერი, ამის გარკვევას პანკისის სპეცოპერაციის ფინალი და დასავლეთსა და რუსეთს შორის საქართველოს საგარეო ვექტორის რყევის შეჩერება განაპირობებს. თუმცა, ვნახოთ.
XS
SM
MD
LG