Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციები უკრაინაში


ორშაბათს კიევში გაიმართა მრავალათასიანი მიტინგი, რომლის მონაწილენი პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასა და მისი მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.

მიტინგი, რომელშიც 25 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, მისადაგებული იყო ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის გაუჩინარების მეორე წლისთავისადმი. სიმბოლური საპროტესტო აქციები მოეწყო ნიუ იორკში, ვაშინგტონში, პარიზში, ლონდონში, ბრიუსელში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ლისაბონში, პრაღაში. გიორგი ღონღაძის გარდა, აქციების მონაწილეებმა პატივი მიაგეს იმ უკრაინელი პოლიტიკოსებისა თუ ჟურნალისტების ხსოვნასაც, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ მკვლელობათა მსხვერპლად იქცნენ.

შეგახსენებთ, რომ ქართული წარმოშობის უკრაინელი ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე 2000 წლის 16 სექტემბერს გაუჩინარდა, როცა სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა. ღონღაძე რედაქტორობდა საინტერნეტო გამოცემა “უკრაინსკა პრავდას”, რომელიც ძირითადად კორუფციის ფაქტების გამოძიებით იყო დაკავებული. გაუჩინარებიდან თვენახევრის შემდეგ კიევის მახლობლად, ერთ-ერთ ტყეში, აღმოაჩინეს მამაკაცის თავმოკვეთილი გვამი, რომელიც მოგვიანებით ამოცნობილ იქნა, როგორც ღონღაძისა.

საპროტესტო ტალღა უკრაინაში მას შემდეგ აგორდა, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ღონღაძის მკვლელობა ხელისუფლების წარმომადგენლებს და პირადად პრეზიდენტ კუჩმას დაუკავშირეს. იმ დროიდან მოყოლებული არაერთი დემონსტრაცია გაიმართა, მაგრამ ორშაბათის საპროტესტო აქცია ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო არა მარტო ღონღაძის სახელთან დაკავშირებულ აქციებს შორის, არამედ – ყველაზე ხალხმრავალი 80-იანი წლების მიწურულისა და 90-იანი წლების დამდეგის დემონსტრაციების შემდეგ, როცა უკრაინელმა ხალხმა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

[დემონსტრანტების ხმები: “ძირს კუჩმა! ძირს კუჩმა!”]

მიტინგზე გამოსვლისას, უკრაინის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ პეტრო სიმონენკომ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ:

[პეტრო სიმონენკოს ხმა] “ჩვენი მოთხოვნებია: ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ხელისუფლებიდან კუჩმას წასვლა, სამთავრობო სისტემის შეცვლა, საკონსტიტუციო ცვლილებები, ახალი, პროპორციულ სისტემაზე დამყარებული საარჩევნო კანონი.”

უცხოეთში გამართულ საპროტესტო აქციებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოსთან მოწყობილი დემონსტრაცია. მიტინგზე სიტყვა წარმოთქვა გიორგი ღონღაძის ქვრივმა მიროსლავამ, რომელსაც შეერთებულ შტატებში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს. წინა დღეს მიროსლავა ღონღაძემ, რომელიც, სხვათა შორის, ჩვენი რადიოს შტატგარეშე თანამშრომელია, მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში ტარას შევჩენკოს ძეგლთან გამართულ მემორიალურ მიტინგში. მიტინგი ეძღვნებოდა გიორგი ღონღაძისა და გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული თუ დაღუპული სხვა უკრაინელი მოღვაწეების ხსოვნას; მათ შორის 1992 წელს დაღუპული ვადიმ ბოიკოსა და 94 წელს დაკარგული მიხაილო ბოიჩიშინის ხსოვნასაც.

[მიროსლავა ღონღიძის ხმა] “ხშირად ვფიქრობ: უკრაინის საზოგადოებას დროულად რომ მოეხდინა რეაქცია ბოიკოს სიკვდილზე ან ბოიჩიშინის გაუჩინარებაზე, გარდაცვლილთა საზარელი სია, შესაძლოა, გაცილებით უფრო მოკლე ყოფილიყო. არ მინდა, რომ ჩემი ქმრის სიკვდილი ამაო გამოდგეს: მინდა, რომ უკრაინის საზოგადოებამ ისწავლოს საკუთარი შეცდომებიდან.”

მომავალ კვირაში მიროსლავა ღონღაძე სტრასბურგში მიემგზავრება. იქ იგი შეეცდება დაარწმუნოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეები, რომ უკრაინელი გამომძიებლები საკმარისად არ ზრუნავენ მისი ქმრის მკვლელობის საქმეში სიმართლის მისაკვლევად.

მიროსლავა ღონღაძის მტკიცებას სავსებით სამართლიანად მიიჩნევს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი. ნიუ იორკში მოქმედი ამ არასამთავრობო ორგანიზიციის განცხადებით, პრეზიდენტ კუჩმას მთავრობა ყოველმხრივ ხელს უშლის ოფიციალურ გამოძიებას.
XS
SM
MD
LG