Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამშაბათს ნიუ-იორკში საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ?


[იგორ ივანოვის ხმა] ”2 თუ 3 დღის წინ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა და გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი და შეერთებულ შტატები არ გარიგებულან

ერაყისა და საქართველოს თაობაზე, რომ არ მოხდება მათ შორის ერთგვარი გაცვლა. გარწმუნებთ ყველს, რომ ჩვენს შორის არანაირი გარიგება არ მომხდარა და არც შეიძლებოდა მომხდარიყო: ჩვენ რაღაც თამაშებს არ დავიწყებთ. ეს არის ძველი ეპოქის თამაშები და ბატონ შევარდნაძეს, როგორც ჩანს ძველი ეპოქის, ცივი ომის დროინდელი წარმოდგენა შემორჩა. ჩვენ სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ, და ასეთი გაცვლებით არა ვართ დაკავებული,”
- ეს, საქართველოსათვის დამაიმედებელი, თუმაც მისი ლიდერისადმი გარკვეული ირონიის შემცველი განცხადება ეკუთვნის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვს, რომელიც სამშაბათს, ნიუ-იორკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე შეეხო დამსწრე ჟურნალისტებისათვის საინტერესო საკითხებს.

მათგან ყურადღების ცენტრში, რა გასაკვირია, ერაყის პრობლემისადმი რუსეთის დამოკიდებულება აღმოჩნდა. პრეს-კონფერენციის წინა დღეს ხომ ბაღდადმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ მზად არის, ისევ შეუშვას ერაყში განიარაღების ექსპერტები. ბაღდადის ეს გადაწყვეტილება იგორ ივანოვმა საერთაშორისო თანამეგობრობის დიდ წარმატებად მოიხსენია და აღნიშნა ისიც, რომ რუსეთი, მრავალ სხვა ქვეყანასთან ერთად, ბუნებრივია შეშფოთებული იყო ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ ცალმხრივი სამხედრო აქციის დაწყების საფრთხით. ცხადია, აქ იგულისხმება შეერთებული შტატების მუქარა, რომ ერაყის წინააღმდეგ – გაეროს რეზოლუციების კვლავინდებურად იგნორირების შემთხვევაში - სამხედრო ზომებს მიიღებენ.

რაც შეეხება მუქარას საქართველოს მისამართით, რომელიც, როგორც ცნობილია რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა, პრეს-კონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტებს დაებადა შეკითხვა, რა მიზანი ამოძრავებს რუსეთს, საქართველოზე ზეწოლის განხორციელებისას. ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად იგორ ივანოვმა, რომ იტყვიან, შორიდან მოუარა: [იგორ ივანოვის ხმა] ”რუსეთი პატივსა სცემს და პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთი არ ერევა და არც ჩაერევა სუვერენული საქართველოს საშინაო საქმეებში. რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ საქართველომ შეასრულოს თავისი მოვალეობები ტერორიზმთან ბრძოლაში. ის, რის შესახებაც რუსეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, არის რუსეთის ფედერაციის უფლება: იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ჩვენთან არ ითანამშრომლებს და არ აწარმოებს ბრძოლას ტერორისტებთან, რომლებიც დანაშაულებს სჩადიან რუსეთის ტერიტორიაზე, მივიღებთ ზომას საქართველოს ტერიტორიაზეც. ეს არის უკიდურესი ზომა”.

მაგრამ, თუ იგორ ივანოვს ვენდობით, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საქმე უკიდურეს ზომამდე არ მივა. [იგორ ივანოვი] ”ჩვენ საქართველოსთან ერთადერთი პრობლემა გვაქვს – ტერორიზმთან ბრძოლა. რუსეთსა და საქართველოს შორის სხვა პრობლემა, რომელიც ჩრდილს მიაყენებდა ჩვენი მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, არ არსებობს,” - აღნიშნა ნიუ-იორკში 17 სექტემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე იგორ ივანოვმა. მაგრამ თუ დამსწრე ჟურნალისტებს თუნდაც აფხაზეთის პრობლემა არ დავიწყებიათ, ეს მტკიცება მათ ყურში დამაჯერებლად არ გაიჟღერებდა.
XS
SM
MD
LG