Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბასილ მკალავიშვილი საქართველოში გამომავალი პორნოგრაფიული ჟურნალ-გაზეთების წინააღმდეგ


განკვეთილი მღვდლის ბასილ მკალავიშვილის მოქმედების არეალი გაფართოვდა. იეღოვას მოწმეების გარდა, ის თავისი ამალით რისხვად ჟურნალ-გაზეთებით მოვაჭრეებსაც მოევლინა.

19 სექტემბერს თბილისში, ვაგზლის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული “რეიდებით” ბასილის თანამებრძოლებმა მოვაჭრეებს10000 ეგზემპლარზე მეტი პორნოგრაფიული გაზეთი წაართვეს. დიდი ნაწილი გაანადგურეს, მცირე ნაწილი კი ჟურნალისტებს შორის გაავრცელეს, რათა ამ უკანასკნელთ თავისი თვალით ენახათ, საგაზეთო ჯიხურებში რას სთავაზობენ მოზარდებს.
მკალავიშვილის პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი გაზეთები, მართლაც, პორნოგრაფია იყო. მისი მყიდველები კი , მართლაც, მოზარდები უნდა იყვნენ. საქმე ის არის, რომ ამ პრობლემის მოგვარებას, სახელმწიფოს ნაცვლად, ბასილ მკალავიშვილი და მისი მრევლი ცდილობს.

19 სექტემბრის ფაქტი - მხედველობაში მაქვს გაზეთებით მოვაჭრეებისგან პორნოგრაფიული ჟურნალ-გაზეთების ამოღება და განადგურება - ჩვენი საზოგადოების თვალში ბასილ მკალავიშვილს აუცილებლად ქულებს შემატებდა. მან ხომ ამჯერად მოზარდთა გარყვნის აღკვეთის მისია იტვირთა და, როგორც თავად განმარტა, ამით მრავალი პედაგოგისა და მშობლის მოთხოვნა შეასრულა. ვაგზლის მოედანზე განხორციელებული “რეიდების” შემდეგ მკალავიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და
ჟურნალისტებს ჟურნალ-გაზეთებით მოვაჭრეებისგან ამოღებული პორნოგრაფიული მასალა წარმოგვიდგინა.

[ბასილ მკალავიშვილის ხმა] “ იქ მოტანილი იყო ჟურნალი “სექსი”, აგრეთვე, “ დავიმონოთ მამაკაცი” და “ძინ-ძინ”. მე მინდა განახოთ ეს ყველაფერი. მაპატიეთ, მაგრამ თვალები უნდა ავიხვიო, მე ვერ ვუყურებ ასეთ გაზეთს. მომეცი აქ. აი, რა ხდება. თურმე პოლიცია იცავს ასეთ მეძავებს. აქ აწერია:” ჩევნ გვიცავს ჩვენი პოლიცია.” გადაშალეთ და აჩვენეთ, რა საშინელება ხდება.”

იმის არსებობისთვის, რაც ბასილ მკალავიშვილის მოთხოვნით გადაშალეს და გვიჩვენეს, პასუხი პრესკონფერენციაზე დაბარებულ პოლიციელს მოეთხოვა. მოთხოვნა მკაცრი იყო, რადგან, როგორც უკვე ითქვა, ერთ-ერთ პორნოგრაფიულ გაზეთს თან ახლდა განმარტება: “ჩვენ გვიცავს პოლიცია. ” მკაცრი იყო პრესკონფერენციაზე დაბარებული პოლიციელის პასუხიც.

[ბასილ მკალავიშვილის და პოლიციელის ხმები]

მკალავიშვილი: “პოლიციიდან ვინ არის? მოვიდეს აქ ! როგორ შეიძლება, რომ ამას პოლიცია უყურებდეს მშვიდად!”

პოლიციელი: “ ჯერ ერთი, ამას მე პირველად ვუყურებ და ცოტა ისე ილაპარაკე, როცა პოლიციაზე ლაპარაკობ. შეიძლება აქ მამა ბასილის გვარიც მიაწერონ, მფარველობ?”

ბასილ მკალავიშვილი: “კაცო, ეგ რომ ვნახო, მაგის დამწერს ცოცხალს არ გავაჭაჭანებ!”



ეს კამათი ხელჩართულ ბრძოლაში არ გადაზრდილა. ბასილ მკალავიშვილმა პოლიციელის წინაშე უკან დაიხია და განმარტა, რომ მტყუანსა და მართალს სასამართლოში გაარკვევს.
ერთ-ერთ გაზეთში მითითებულია, რომ ის რეგისტრირებულია ისან-სამგორის რაიონის სასამართლოში. ადვოკატ ქართლოს ღარიბაშვილის დახმარებით, მკალავიშვილი პორნოგრაფიული გაზეთების გამავრცელებლების წინააღმდეგ სარჩელს ამავე სასამართლოში შეიტანს. მკალავიშვილმა დაიქადნა, რომ მისი მრევლი ჟურნალ-გაზეთებით ვაჭრობას მკაცრ კონტროლზე აიყვანს და პორნოგრაფიული გაზეთების გავრცელებას აღკვეთს. მკალავიშვილის პრესკონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ ქართლოს ღარიბაშვილმა კი, როგორც იურისტმა, განმარტა, რომ პორნოგრაფიული გაზეთების გავრცელება დასჯადი ქმედებაა, ოღონდ ეს დასჯა არ გულისხმობს პირისთვის თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმით შემოიფარგლება.

მკალავიშვილის პრესკონფერენციის ირგვლივ საუბარს აქ ვწყვეტ და გაგაცნობთ ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას მოსაზრებას იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რასაც ბასილ მკალავიშვილის 19 სექტემბრის აქცია წარმოადგენდა.

[ნანა ჩაჩუას ხმა] “ის, რაც ასეთ პორნოგრაფიულ ლიტერატურაში არის, მოზარდებისთვის ისედაც ცნობილია ამა თუ იმ გზით. მაგრამ მის გვერდით უნდა იყოს გარკვეული შემეცნებითი ინფორმაცია. “გვერდით” - ამაში იგულისხმება სკოლა, ოჯახი, სიტუაცია. ასეთ შემთხვევაში მოზარდი თავის ინდივიდუალურ არჩევანს გააკეთებს. მაგრამ ის რომ სადმე დამალო, რაც უკვე არის, გაცილებით მეტი ზიანის მომტანია.”

ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას მოსაზრებით, ბასილის 19 სექტემბრის ღონისძიება იზამს იმას, რომ ამ დღეს ამოღებული ლიტერატურის მიმართ ინტერესი გაღვივდება. თუმცა ნანა ჩაჩუა ფიქრობს, რომ მოზარდებს ეს დიდ ზიანს არ მოუტანს იმ შემთხვევაში, თუ ექნებათ მისაღებისა და მიუღებლის გარჩევის საშუალება. “ყველაზე ცუდია ფაქტის დამალვა. ეს ლიტერატურაც ეპოქის მიმართ პროტესტია, თაობებს შორის წინააღმდეგობის ერთ-ერთი გამოვლინებაა და მამების თაობა უნდა ითვალისწინებდეს ამ წინააღმდეგობის ფსიქოლოგიურ შინაარსს,”- მითხრა ნანა ჩაჩუა.
XS
SM
MD
LG