Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტია ”ედინაია როსია”-ს წარმომადგენლებმა პრეზიდენტისადმი ერთგულება მოსკოვში საქართველოს საელჩოსთან პიკეტით გამოხატეს


20 სექტემბერს 12 საათზე მოსკოვში საქართველოს საელჩოს შენობასთან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ერთსაათიანი პიკეტი მოაწყო. აქციის ორგანიზატორები იყვნენ პარტია

”ედინაია როსია”-ს მოსკოვის ორგანიზაცია და მისი ახალგაზრდული ფრთა ”ახალგაზრდული ერთობა”. პიკეტის ორგანიზატორები საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ დაიშალნენ.

აქციამ ხმაურის გარეშე ჩაიარა. მონაწილეებმა თავიანთი პოზიცია პლაკატებით გამოხატეს, რომლებიც ასეთი შინაარსის გახლდათ: ”პუტინი მართალია”, ”რუსები და ქართველები ერთად უნდა შეებრძოლონ ტერორიზმს”, ”ვგმობთ ტერორისტების მფარველობას”.

პიკეტის ინიციატორებს შეხვდა საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი თეიმურაზ გამცემლიძე, რომელმაც ამ კონკრეტული ღონისძიების მნიშვნელობის შესახებ ჩემთან შეხვედრისას განაცხადა:

[თეიმურაზ გამცემლიძის ხმა]
”ედინაია როსია” ეს არის ოფიციალური ხელისუფლების მხარდამჭერი პარტია, იცით თქვენ ძალიან კარგად. ეს იყო კიდევ ერთი ხაზგასმა იმ მხარდაჭერისა, რასაც ამ პარტიის წევრები უცხადებენ პუტინს იმიტომ, რომ ის მომართვა, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა, ძირითადი აზრი ამ მომართვისა მდგომრეობდა იმაში, რომ პარტია ”ედინაია როსია” მხარს უჭერს პრეზიდენტის განცხადებას”

განცხადებაში კი ნათქვამია, რომ საქართველოს საელჩოსთან პიკეტის მოწყობისას მის ინიციატორებს ამოძრავებდათ მხოლოდ ერთი მიზანი- (ციტატა) ”რუსეთისა და საქართველოს ხალხების გაერთიანება საერთაშორისო ტერორიზმთან და საერთაშორისო ბანდიტების მფარველობის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში”. დოკუმენტის ავტორები აგრეთვე დასძენენ: ”რუსეთის ვალია დაეხმაროს მოძმე ქართველ ხალხს გაუსწორდეს ტერორისტებს! ჩვენ მხარს ვუჭერთ რუს და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობას! ჩვენ ბანდიტების მფრაველობის წინააღმდეგი ვართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს, არამედ მთელს მსოფლიო საზოგადოებრიობას! ბანდიტები, სადაც უნდა იყვნენ ისინი, საკადრისად უნდა დაისაჯონ!”, - ძალიან ნაცნობი ინტონაციაა, ძალიან ნაცნობი წარსულიდან.

თეიმურაზ გამცემლიძის განცხადებით, მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საელჩოს მუშაობა ნორმალურ რიტმში წარიმართება. ჩემს შეკითხვაზე - ხომ არ გახშირდა საქართველოს მოქალაქეთა მიერ საელჩოსთვის საჩივრებით მიმართვის შემთხვევები, რაც დაკავშირებული იქნებოდა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა ზოგადი დაძაბვით გამოწვეულ რაიმე აგრესიის გამოვლინებასთან, საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა განაცხადა:

[გამცემლიძის ხმა]
”მსავსი განცხადებები მოდის ჩვენთან საელჩოში, მაგრამ ეს არის მაინც გამონაკლისი, იშვიათი შემთხვევებია და ეს არ არის დაკავშირებული ამ ურთიერთობების და ფონის გამწვავებასთან ამ ურთიერთობებში. ეს ადრეც , მოდიოდა და ახლაც მოდის. ამისაგან დაზღვეულები არც ერთი არა ვართ, მაგრამ ის, რომ ამან რაღაც მასობრივი ხასიათი მიიღო, მასობრივს რომ თავი დავანებოთ, ერთჯერადი ხასიათი არა აქვს და რამოდენიმე განცხადებაა მოსული, ასეთს ვერც ერთ მაგალითს ვერ დაგისახელებთ”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG