Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოს ფართომასშტაბიან საომარ კონფლიქტში ჩასათრევად ემზადება


რუსეთი საქართველოდან საზღვრის მთელ მონაკვეთზე ელის ჩეჩენი ბოევიკების თავდასხმას. საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მნიშვნელოვანი მონაკვეთი კი სეპარატისტულ რეგიონებზე გადის,

რომელსაც ოფიციალური თბილისი ვერ აკონტროლებს. ამ რეგიონებიდან რუსეთში ბანდიტების შეჭრის ინსცენირებით მოსკოვს საშუალება ეძლევა დაძაბულობის ახალი კერები შექმნას და საქართველოს ტერიტორიაზე დაკარგული სამხედრო ზეგავლენა და კონტროლი ამ გზით აღადგინოს. ამ გეგმაში მთავარ სამიზნეს აფხაზეთის ქართული ნაწილი, კოდორის ხეობა, წარმოადგენს.

საქართველოსთან უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობის პირობებში რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, უპირველეს ყოვლისა კი, აფხაზეთში საკუთარი ინტერესების ხორცშესასხმელად. აფხაზეთში მცხოვრებთა პასპორტიზაციის შემდეგ მოსკოვი რესპუბლიკის მართვასაც კი აღარ ანდობს თავის მიერ ხელდასხმულ სეპარატისტულ ხელისუფლებას და, როგორც აფხაზეთიდან დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი იუწყება:

[ნადარეიშვილის ხმა] „აფხაზეთში, პრინციპში, მთელი ხელისუფლება აიღეს რუსმა გენერლებმა, რომლებიც, პრაქტიკულად, დღეს მართავენ აფხაზეთს. თუკი ადრე შეიმჩნეოდა რუსი რაღაც გარკვეული თანამდებობის პირთა ვიზიტები, ახლა, პრინციპში, მხოლოდ და მხოლოდ სამხედროები ახორციელებენ ყველა მართველობას.“ [სტილი დაცულია]

ამას ემატება აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ზრდა. არაოფიციალური წყაროების ცნობით, დიდი რაოდენობით რუსი სამხედროების კონცენტრაციას უბრალო მოსახლეობაც კი ამჩნევს. აფხაზეთში, სოხუმისა და გაგრის რაიონებში რუსული არმიის არა სამშვიდობო, არამედ სადესანტო ნაწილების ბანაკები განთავსდა. ისინი რეგულარულ მანევრებს აწარმოებენ კოდორის ხეობისა და გალის რაიონის მიმართულებით. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რუსი სამხედროები დაბანაკდნენ შრომის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ ანქვაბი კატეგორიულად უარყოფს აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის მატებას და მხოლოდ იმას აღიარებს, რომ თავად აფხაზეთის არმიაა მოყვანილი სრულ მზადყოფნაში კოდორის ხეობაზე შეტევის განსახორციელებლად, თუ იქ ჩეჩენი ბოევიკები გამოჩნდებიან.

ცხადია, რომ მოსკოვი კოდორში თბილისის იურისდიქციის აღკვეთისთვის ემზადება, რაც აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე სეპარატისტული ხელისუფლების გავრცელებას შეუწყობს ხელს და აფხაზეთს კვლავ აქცევს თბილისზე ზეწოლის კიდევ ერთ მძლავრ ბერკეტად.

ამიტომ კოდორის ხეობაში ჩეჩენი მეომრების გადასვლის შესაძლებლობას მთელი კვირის მანძილზე ქადაგებდნენ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები და სახელმწიფო მოხელეები. რუსეთის საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ნიკოლაი რეზნიჩენკომ 20 სექტემბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა პანკისიდან გაქცეული ჩეჩენი ბოევიკების კოდორის ხეობაში გადასვლის მცდელობა.

[რეზნიჩენკოს ხმა] „ჩვენი ინფორმაციით, მათი ნაწილი ემზადება ჩეჩნეთში გადასასვლელად, ნაწილი კი კოდორის ხეობაში გადადის.“

კოდორის ხეობაში არც გაეროსა და რუსეთის დამკვირვებლებს აღმოუჩენიათ რაიმე საეჭვო და არც სამხედრო-გეოგრაფიული პირობები უწყობს ხელს იქ ჩეჩენი მეომრების გადასვლას. პრეზიდენტის წარმომადგენლის პრესმდივნის ნორა კვიციანის ცნობით, კოდორის ხეობის შესასვლელები რუს სამხედროებს აქვთ ჩაკეტილი. მისი ინფორმაციით, მარუხის უღელტეხილზე თითქმის ყოველდღიურად ხორციელდება რუსეთის სამხედრო ავიაციის რეიდები და მის მახლობლად, ადიღეის მხარეს, რუსები სამხედრო სწავლებასაც კი ატარებენ. ეს კოდორის ხეობაში ის ერთ-ერთი შესასვლელია, რომელიც შეიძლება ჩეჩნებს გამოეყენებინათ, მეორე შესასვლელი კი, სოფელ ჯვრიდან, რუსი მშვიდობისმყოფლებისგან კონტროლდება. ნორა კვიციანი ემოციურად კითხულობს, თუ როგორ შეიძლება ასეთ პირობებში კოდორში მოხვდნენ ჩეჩენი მეომრები?

[კვიციანის ხმა] „ყველგან რუსი დგას. აი, მარუხის უღელტეხილი რომ მარუხის უღელტეხილია იქაც თვითონ დგანან. საიდან მოდიან აქ, საიდან, სპეციალურად თუ არ უნდათ ამის... ჯვარის მხრიდან თვითონ დგანან, მარუხის მხრიდანაც თვითონ დგანან, საიდან შემოდიან ესენი, მე ვერ გავიგე.“

საქართველოსთან კონფლიქტში რუსეთს რაიმეს მტკიცებით ადრეც არ შეუწუხებია თავი და არც კოდორის ხეობაში ჩეჩენი მეომრების ყოფნის რეალურობას მიაქცევს დიდ ყურადღებას, თუ ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებას მართლაც გადაწყვეტს. არადა, ამის წინაპირობები ბოლო დროს სულ უფრო მომრავლდა.

ვითარება რთულდება საქართველოს სხვა სეპარატისტულ თუ სეპარატისტულად განწყობილ რეგიონებშიც. ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის პოლიტიკურმა ორგანიზაცია „ჯავახკმა“ რუსეთის სამხედრო ბაზის გაუქმების საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო. 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ კი დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა სამხედრო აღლუმით, რომელზეც პრეზიდენტმა კოკოითმა განაცხადა, რომ მოსახლეობის 70%-ზე მეტმა უკვე მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. მოსკოვი ამ რეგიონში, აფხაზეთის მსგავსად, იურიდიულ საფუძვლებს ქმნის რუსეთის ფედერაციაში მისი შესვლის საკითხის დასაყენებლად. მანამდე კი სეპარატისტულ რეგიონებს და იქ დაძაბულობის კერების პროვოცირებას საქართველოზე ზეწოლისთვის იყენებს. მოსკოვის მთავარ მიზანს ხომ არა ტერორიზმთან ბრძოლა, არამედ საქართველოს ხელისუფლების შეცვლის დაჩქარება წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG