Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ბედი ჯერ არ გადაწყვეტილა


ერაყის თავზე სულ უფრო თავს იყრის ავდრის ღრუბლები. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კატეგორიულად აცხადებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო თუ ახალ რეზოლუციას არ მიიღებს ერაყის

განიარაღების თაობაზე, ამერიკა ცალმხრივად წამოიწყებს სამხედრო კამპანიას სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ. ამასობაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა გამოაქვეყნა საგანგებო დოსიე, რომელიც მოწმობს, რომ სპარსეთის ყურს ომის შემდეგ ბაღდადი განაგრძობდა მასობრივი განადგურების იარაღზე მუშაობას.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამოქვეყნებული 55 გვერდიანი დოსი მთლად სენსაციად შეიძლება არ იქნა აღქმული, მაგრამ მის გარშემო დიდი აჟიოტაჟი წარმოიშვა. დოკუმენტი, რომლის შინაარსი სამშაბათს დილას გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, შეიცავს სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ერაყი ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს და განაგრძობს მის სრულყოფაზე მუშაობას.

დოკუმენტის გამოქვეყნებამდე, ორშაბათს, მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრაზე, ბლერმა საათნახევრის მანძილზე წარმოადგინა იმის დამამტკიცებელი არგუმენტები, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება აუცილებელია, თუკი სადამი იგი არ განიარაღდება. ზემოხსენებული დოსიეს გარშემო გამართული დისკუსიის შედეგად ბლერს კაბინეტის უმრავლესობა მიემხრო. მას მხარს უჭერენ ისინიც, ვინც ადრე ეწინააღმდეგებოდა ერაყის წინააღმდეგ გალაშქრებას. ბლერის დასკვნა ასე ჟღერს: [ბლერის ხმა] ”სადამ ჰუსეინის მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამა არის აქტიური, დეტალური, მზარდი პროგრამა. შეკავების პოლიტიკა არ ამართლებს, მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამა არ დახურულა, იგი ძალაშია და მოქმედებს”.

ასე რომ, შეიძლება ითქვას, ერაყის წინააღმდეგ ომის მთავარ მოსურნეს, ჯორჯ ბუშს, დიდი დახმარება გაუწია მისმა ბრიტანელმა მოკავშირემ. მაგრამ ბუში სულ უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდება საკუთარ ქვეყანაში.

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ელ გორმა ორშაბათს სან ფრანცისკოში გამოსვლისას მწვავედ გააკრიტიკა ბუშის სურვილი, იმოქმედოს ცალმხრივად, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ანგარიშის გაუწევლად. ეს ზარალს მოუტანს არა მარტო თავად ერაყის მიმართ პოლიტიკას, არამედ ანტიტერორისტულ კამპანიას, რომელიც ბოლომდეა მისაყვანიო, შენიშნა გორმა.

[გორს ხმა] ”სრულიად აშკარაა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ომი ერთობლივ მიდგომას საჭიროებს. შეუძლებელია ტერორიზმის დამარცხება, თუ არ უზრუნველვყავით მრავალი ქვეყნის უწყვეტი თანამშრომლობა”.

გოროს პოზიციას არაერთი ამერიკელი პოლიტიკოსი იზიარებს. მათი აზრით, ბუშის ცალმხრივი მოქმედება ძირს გამოუთხრის გაეროს, როგორც მსოფლოში მშვიდობის უზრუნველყოფის მთავარ მექანიზმს და, ამდენად, ძირს ზიანს მოუტანს ვაშინგტონის სტრატეგიულ ინტერესებს.

ერთ-ერთმა მათგანმა, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ჯონ მალხაზ შალიკაშვილმა ორშაბათს სენატში გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა არ უნდა ეცადოს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებზე ზედმეტი ზეწოლის მოხდენას, რათა უარი არ მიიღოს მათგან.

გაეროზე ზეწოლა, რა კურსსაც ადგას ამჟამად ვაშინგტონი, საკმაოდ სარისკოა. იგი არჩევანის თავისუფლებას არ უტოვებს უშიშროების საბჭოს წევრებს. ბუშის კრიტიკოსების აზრით, ამერიკის ადმინისტრაციის პოლიტიკა ასეთი ფორმულით შეიძლება იქნეს გამოხატული: ”გინდა მიიღეთ ერაყის განიარაღების თაობაზე ახალი რეზოლუცია, გინდა არა – ჩვენ მაინც ჩვენსას გავაკეთებთო.” მრავალი ანალიტიკოსი გამოთქვამს შიშს, რომ ამგვარი დამოკიდებულება სერიოზულად გააუარესებს ვაშინგტონის ურთიერთობებს მის პარტნიორებთან.
XS
SM
MD
LG