Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განიარაღების ინსპექტორთა მისია ერაყში ახალი ვიზიტისთვის ემზადება


უშიშროების საბჭოსთვის ინფორმაცია უნდა მოამზადოს გაეროს ინსპექტორთა ჯგუფმა, რომელმაც ბაღდადისგან სამხდერო და სხვა ობიექტების უპირობო დათვალიერების წინასწარი უფლება უკვე მიიღო.

ვენაში შეიკრიბნენ გაეროს მეთვალყურეები და ერაყის წარმომადგენლები, რათა პრაქტიკული მხარე შეათანხმონ, რისი ნახვა შეუძლიათ ინსპექტორებს და როდის.
ერაყის პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის ტექნიკური მრჩეველის ამირ ალ საადის მეთაურობით დელეგაციის ვენაში ჩასვლას, მისი მხრივ კომენტარი არ მოჰყოლია. უფრო ღია ინსპექტორთა მეთაური ჰანს ბლიქსი და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლები იყვნენ. ამ სააგენტოს ვენაში აქვს შტაბბინა და ასევე მონაწილეობს ინსპექციაში.
შეგახსენებთ, რომ 4 წელიწადია, რაც ამ მისიას აღარ მისცემია საშუალება ერაყში ჩასვლისა. ბაღდადს პრეტენზია ჰქონდა თავის დროზე ინსპექტორთა უფლებების თაობაზე და მისიის მუშაობა მაშინ ჩაიშალა. ახლა, შეერთებული შტატების მუქარის შედეგად ერაყმა გამოაცხადა, რომ შეუშვებს ქვეყანაში მეთვალყურეებს უპირობოდ. ამ ახალი ინსპექციის ტექნიკური მხარეა ვენაში შეკრებილთა მსჯელობის საგანი.
ბლიქსის თანახმად, მოლაპარაკება შეეხება შემდეგ საკითხებს:
წარსულის რეზოლუციებსა და შეთანხმებების პირობებით, თქვა მან, ინსპექტორთა დაბინავებას, მათი ადგილსამყოფელის, ერაყში მოძრაობას, ინსპექტორთა უსარფხოებას, ნიმუშების აღებას და სხვა თემებს განვიხილავთო.
ბლიქსისვე თქმით, მნიშვნელოვანია ერაყის მხრივ ინსპექტორებისთვის პრეზიდენტის სასახლის გაუფრთხილებებელი, მოულოდნელი შემოწმების ჩატარების უფლების მიცემა. ინსპექტორთა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვენაში უნდა მოხდეს გარიგება ყველა თემაზე, ისე, რომ იქ უკვე აღარ მოუწიოს მხარეებს დავამ. შეგახსენებთ, რომ წინა ინსპექციის დროს ერაყის მთავრობამ უარი თქვა ინსპექტორებისთვის პრეზიდენტის სასახლის დათვალიერების უფლება მიეცა, რადგან ეს ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფად მიაჩნდა. სუვერენიტეტი კი, ინსპექციის დროს, გაეროს რეზოლუციის თანახმად, დაცული უნდა იყოს. ახლა, როცა ბაღდადი ყაბულსაა ინსპექტორების შეშვებაზე, კვლავაც აცხადებს, რომ ყველაფერი რეზოლუციების თანახმად უნდა მოხდეს.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო საგენტოს თანამშრომელი მელისა ფლემინგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოულოდნელ ინსპექციას. ეს მისი თქმით, ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც მიღებულდია საერთაშორისო პრაქტიკაში. ამასთან, მისი თქმით, საჭიროა ერაყელ სპეციალისტებთან, საერთოდ ადამიანებთან გასაუბრების საშუალების ქონა, ასევე დოკუმენტების გაცნობა.
სხვადასხვა სახელმწიფო, თვით გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები, სხვადასხვაგვარად უყურებენ ერაყისთვის წაყენებულ ბრალდებებს. საფრანგეთი გაეროს გადაწყვეტილებას ელოდება, ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ბაღდადი აქტიურად მუშაობს თავისი არსენალის გაფართოებაზე, არ არის დამაჯერებელი. გაეროს თანხმობას მიიჩნევს გადამჭრელად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანაც.
ბოლოს გამცნობთ, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენლები ეწვივნენ მოსკოვსაც, რათა კრემლი მხარდაჭერაზე დაეყოლიებინათ. ვლადიმირ პუტინის პასუხი ასეთია, მთავარი ახლა ინპექტორების ერაყში ჩასვლაა, შემდგომ გაეროს ჩარჩოებში ერაყის საკითხის პოლიტიკურ მოგვარებაზე უნდა ვიფიქროთო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG