Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიანსი თბილისის საკრებულოსათვის. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და “ნაციონალური მოძრაობის” ერთობლივი ინიციატივა


ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგებს საბოლოოდ ერთ კვირაში დააზუსტებს. შესამოწმებელი ბიულეტენებით 57 ტომარაღაა სავსე, რაც იმას ნიშნავს,

რომ ხმების ხელახალი დათვლა 90 პროცენტით შესრულებულია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის შედეგები პირვანდელი ოქმის შედეგებში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ შეიტანს. ანუ საკრებულოში ძალთა ცნობილი თანაფარდობა უცვლელი დარჩება. ხმების ხელახალი დათვლის პროცესის შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ საშუალება ისევ მიმართონ სასამართლოს, მაგრამ, საკრებულოს ამოქმედების მოთხოვნიდან გამომდინარე, ცალკეული ორგანიზაციები მათ გაჩუმებას სთხოვენ. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და “ნაციონალური მოძრაობა” სიმართლის ძებნას საკრებულოს ამუშავებას ამჯობინებენ.

ადგილობრივ არჩევნებში განცდილმა მარცხმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები სტრატეგიის შეცვლის აუცილებლობაზე დააფიქრა. ამ რამდენიმე თვის წინ ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ დადო პირობა, რომ მისი პარტია მოქმედების სტრატეგიას შეიცვლიდა და სრულიად არაორდინალურ სვლებს შემოგვთავაზებდა. ე.დ.პ -მ ეს სვლები, ჯერ იყო და, გაერთიანებულ დემოკრატებთან და ტრადიციონალისტებთან ხელისუფლების კრიმინალიზაციის საწინააღმდეგოდ და ქართულ პოლიტიკაში ეთიკის წესების დამკვიდრების სასარგებლოდ გაერთიანების სახით შემოგვთავაზა, ახლა კი, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსით, რაც ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის საკრებულოს ამოქმედების მიზანს უკავშირდება. მიუხედავად 2 ივნისის არჩევნების გაყალბებისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გაყალბება ვერც ხმების ხელახლა დათვლით დაიძლევა და პოლიტიკურ პარტიებს ისევ ექნებათ საბაბი უჩივლონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ეროვნულ დემოკრატების და ნაციონალების სურვილია არ მოხდეს ასეთი რამ. 1 ოქტომბერს ეს ორი, ახლო წარსულში მკვეთრად ურთიერთდაპირისპირებული, ძალა ერთობლივი ინიციატივით გამოვიდა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა ამ ინიციატივის შესახებ:

[ბაჩუკი ქარდავას ხმა] “საზოგადოებისათის ჩვენ უნდა გვეჩვენებინა, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული. არის ბევრი საბაბი საჩივრისა, მაგრამ არის მეორე საბაბიც. არ შეიძლება დემოკრატიულობის მოთხოვნა გამოყენებულ იქნეს ხელისუფლების პოლიტიკური ინტრიგებისთვის და დედაქალაქი დარჩეს საკრებულოს გარეშე. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, მიმართავს ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შევიკავოთ ყოველგვარი გასაჩივრებისაგან და მივცეთ თბილისს საკრებულოს ყოლის საშუალება.” [სტილი დაცულია]

“ნაციონალური მოძრაობის” ინტერესი გასაგებია. ის 2 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში ერთ-ერთი გამარჯვებული ძალაა. რაც შეეხება ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკრებულოს ამოქმედების ზეპარტიული ინტერესით გამოდიან და ამ შემთხვევაში ნაციონალები ეროვნულ-დემოკრატების მადლიერები არიან.

[ვანო მერაბიშვილის ხმა] “უნდა დავუშვათ პრეცედენტი, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ეს შედეგები ძალაში იქნება და ხელისუფლებას არ ექნება იმედი იმის, რომ იურიდიული თუ სხვა მექანიზმებით არ დაუშვებს ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლას. მე მადლობას ვუხდი ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას და მოხარული ვიქნები, თუ სხვა პარტიებიც შეუერთდებიან ამ ინიციატივას, მათ შორის, ისინიც, რომლებმაც, სარჩელი შეიტანეს წინა პროცესის დროს.”

ვანო მერაბიშვილის მიერ მინიშნებულ ასეთ პარტიებს შორის სახალხო პარტიაც იგულისხმება, თუმცა მისი თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ეროვნულ-დემოკრატებისა და ნაციონალების ინიციატივას არ ეთანხმება. ის აცხადებს, რომ მთავარი ამოცანაა შეიქმნას არჩევნების გაყალბების აღკვეთის პრეცედენტი და არა პრეცედენტი გაყალბებული არჩევნებით ოპოზიციური ძალების გამარჯვებისა. საჭიროების შეთხვევაში ‘სახალხო” ისევ სასამართლოს მიმართავს. უფრო კატეგორიულ განცხადებას აკეთებს სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი დენის დავითაშვილი. მისი თქმით, თბილისის საკრებულოს 2 ივნისის არჩევნების დოკუმენტაციის შემოწმებამ იმდენად სერიოზული დარღვევები გამოააშკარავა, არ შეიძლება თბილისის საკრებულოს არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს. ძირითადი პრეტენზია უკავშირდება საარჩევნო სიებს, რომელთაც არ ახლავთ კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერები. დენის დავითაშვილის აზრით, ასეთი გაყალბების მოთმენა გაყალბებაზე არანაკლები დანაშაულია.

მოკლედ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნა, ხელი არ შეეშალოს თბილისის საკრებულოს ამოქმედებას, მეტად საეჭვოა განხორციელდეს.
XS
SM
MD
LG