Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პოზიცია საქართველო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობის საკითხში


7 ოქტომბერს მოლდავეთის დედაქალაქი კიშინიოვი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების სამიტს უმასპინძლებს. თანამეგობრობის ლიდერთა თავყრილობა ჩვენთვის

განსაკუთრებით იმით არის საინტერესო, რომ იგი საქართველო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობის ფონზე იმართება. რა პოზიციას დაიკავებენ სამიტის მონაწილე ქვეყნები ამ საკითხში? ვინც ჩვენს გადაცემებს რეგულარულად უსმენს, იცის, რომ მიმდინარე კვირაში ამ თემაზე ყოველდღიურად ვმსჯელობთ. უკვე შემოგთავაზეთ გადაცემები სომხეთზე, ბელორუსიაზე და შუა აზიის ქვეყნებზე. დღეს უკრაინაზე ვისაუბრებთ, რაშიც რადიო ”თავისუფლების” უკრაინული რედაქციის თანამშრომელი მარიანა დრაჩი დაგვეხმარება.

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს არაერთხელ გამოუხატავთ საჯაროდ ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთისთვის ქათინაურებიც არასოდეს დაუკლიათ და კიევისა და თბილისის სტრატეგიულ პარტნიორობაზეც არცთუ იშვითად უსაუბრიათ.

საკამათო არ არის: ორ ქვეყანას ბევრი რამ აქვს საერთო: ახლო წარსულში ორივე შედიოდა “ხალხების ციხედ” წოდებულ გაერთიანებაში, რომელსაც ოფიციალურად საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ეწოდებოდა; ორივე უშუალოდ ესაზღვრება თავის დროზე ამ კავშირის უძლიერესსა და უდიდეს წევრს – რუსეთს და, შესაბამისად, ორივეში დღემდე დიდია მისი გავლენა; ერთიცა და მეორეც ცდილობს, ამა თუ იმ გზით შეამციროს მეზობლისგან თავისი დამოკიდებულების ხარისხი; ერთიცა და მეორეც წევრია საერთაშორისო გაერთიანებისა სახელწოდებით სუუამი, რომელსაც ბევრი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ერთგვარ საპირწონედ მიიჩნევს.

ეს ყველაფერი ასეა. მაგრამ რამდენად მზად არის დღეს უკრაინა, მხარი დაუჭიროს საქართველოს რუსეთთან დაპირისპირებაში? ამ შეკითხვით მივმართე ჩემს უკრაინელ კოლეგას მარიანა დრაჩს.

[მარიანა დრაჩის ხმა]: “სიტყვით უკრაინა მუდამ მხარს უჭერს საქართველოს, მუდამ აღნიშნავს, რომ საქართველო უკრაინის მნიშვნელოვანი პარტნიორია სუუამის ორგანიზაციაში. მაგრამ რაც შეეხება კონფლიქტს თბილისსა და მოსკოვს შორის, დარწმუნებული ვარ, რომ კიევი ძალიან ფრთხილ პოზიციას დაიკავებს. უკრაინელმა დიპლომატებმა უკვე რამდენიმეჯერ მოუწოდეს მხარეებს, კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოაგვარონ. უკრაინელ ჩინოვნიკთა სიფრთხილეზე მოწმობს თუნდაც ამ რამდენიმე დღის წინათ ატეხილი მითქმა-მოთქმა: როგორც კი თბილისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო უკრაინისგან საზენიტო რაკეტების შეძენას აპირებს, კომპანია “უკრსპეცექსპორტმა” მაშინვე უარყო ეს ცნობა და განაცხადა, რომ მიღებულია მხოლოდ საქართველოს შესაბამისი განაცხადი. უკრაინის ხელმძღვანელობას საქმეს ურთულებს გამწვავებული შიდაპოლიტიკური სიტუაციაც. ოპოზიცია ლეონიდ კუჩმას გადადგომას მოითხოვს. ასეთ ვითარებაში პრეზიდენტს ძლიერი მხარდამჭერი სჭირდება. პუტინმა კი ამ რამდენიმე წლის წინათ, ანალოგიურ სიტუაციაში, ერთხელ უკვე დაუჭირა მხარი კუჩმას. ამასვე უნდა ველოდეთ ამჯერადაც. მოკლედ, უკრაინას ახლა საქართველოს თავი არა აქვს. მით უმეტეს, რომ 6 ოქტომბერს, მოლდავეთის სამიტის წინა დღეს, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში, კერძოდ ზაპოროჟიეში ჩავა, რათა იქ კუჩმას შეხვდეს.”

თბილისის მხრიდან მართლაც გულუბრყვილობა იქნებოდა, მოსკოვთან დაპირისპირებაში ოფიციალური კიევისგან მხარდაჭერას ელოდეს. სხვა საქმეა ოპოზიცია. მისი წარმომადგენლები საქართველოს დაუფარავად გამოუხატავენ თანადგომას. აი, მაგალითად, რა გვითხრა გენადი უდოვენკომ, უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, რომელიც ამჟამად ოპოზიციურ სახალხო მოძრაობა “რუხს” უდგას სათავეში:

[გენადი უდოვენკოს ხმა] “შექმნილ ვითარებას უკრაინის სახალხო მოძრაობა “რუხი” იმის დასტურად მიიჩნევს, რომ რუსეთი აძლიერებს თავის ნეოიმპერიულ პოლიტიკას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ. ხვალ ასეთივე რამ მან უკრაინის მისამართითაც შეიძლება გამოთქვას, თუ რუს პოლიტიკოსებს რაიმე არ მოეწონათ. ამიტომ უკრაინამ მკვეთრი რეაქცია უნდა მოახდინოს, მკაფიოდ უნდა გამოთქვას საკუთარი პოზიცია, განაცხადოს, რომ ასეთ მუქარებს, ასეთ მოქმედებებს ჰგმობს. გარდა ამისა, საშუალება გვაქვს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს გაეროს უშიშროების საბჭოში (თუმცა იქ მხოლოდ სიტყვიერად, რადგან უკრაინა საბჭოს წევრი აღარ არის), გენერალური ასამბლეის სესიაზე, ეუთოში, ევროპის საბჭოში... მოკლედ, არსებობს საერთაშორისო ფორუმები, სადაც უკრაინას შესაძლებლობა აქვს, მხარი დაუჭიროს საქართველოს პოზიციას.”

სხვა საკითხია, რამდენად გამოიყენებს ოფიციალური კიევი ამ შესაძლებლობებს. ამ თემაზე მსჯელობისას მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს რუსეთზე უკრაინის დამოკიდებულების მაღალი ხარისხი. ამ საკითხზე კომენტარი ისევ ჩვენს უკრაინელ კოლეგას, მარიანა დრაჩს ვთხოვე:

[მარიანა დრაჩის ხმა]: “ეკონომიკურად უკრაინა დიდად არის დამოკიდებული რუსეთზე. გასარკვევია, რამდენად დიდია პოლიტიკური დამოკიდებულების ხარისხი. სულ მალე რუსეთმა და უკრაინამ უნდა გააფორმონ ხელშეკრულება ერთობლივი კონსორციუმის შექმნის შესახებ, რომელიც უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემას უხელმძღვანელებს. ამ კონსორციუმის ჩამოყალიბებას აქტიურად ეწინააღმდეგება ოპოზიცია, რომლისთვისაც სრულიად აშკარაა პროექტის პოლიტიკური მოტივაცია. ის კი არა, ბოლო ხანს აღარც კუჩმას გუნდის წევრები მალავენ, რომ კონსორციუმის შექმნა უწინარესად პოლიტიკური თვალსაზრისით არის მიზანშეწონილი. აშკარაა, რომ კუჩმას პოლიტიკურ მომავალს დიდად განაპირობებს რუსეთის მხარდაჭერა. და, მართალია, ენერგეტიკული კონსორციუმის საკითხში კუჩმას ოპოზიციის მოსაზრებების გათვალისწინება მოუწევს, არა მგონია, პრეზიდენტის სავარძელი მან ვინმეს დაუთმოს.”
XS
SM
MD
LG