Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად კანონიერად განხორციელდა 5 ჩეჩენი მეომრის ექსტრადიცია


5 ჩეჩენი მეომრის რუსეთში ექსტრადიციას, ჩეჩენთა დიასპორის გარდა, საქართველოში მოქმედი უფლებადაცვითი ორგანიზაციებიც აპროტესტებენ.

ქუჩის აქციების შემდეგ მათმა მოქმედებამ სამართლებრივი ბრძოლის ფორმა მიიღო და, შესაძლებელია, რომ შედეგიც უფრო მეტი ჰქონდეს. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული 13 ჩეჩენი მეომრის უფლებათა დაცვისას არასამთავრობოთა ძირითად არგუმენტს ევროკონვენცია წარმოადგენს.

საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული 13 ჩეჩენი მეომრიდან საქართველოში დარჩენილი 8 მებრძოლის ექსტრადიციის საკითხზე მსჯელობა გენერალურმა პროკურატურამ ჯერჯერობით შეაჩერა. გენერალური პროკურატურის საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველოს უფროსის პაატა მსხილაძის განცხადებით, ამის მიზეზი ის არის, რომ დაკავებულ ჩეჩენთა რეალური ვინაობა, გვარები და სახელები ჯერ კიდევ გაურკვეველია.

მსხილაძემ ისიც აღნიშნა, რომ, პროკურატურის მონაცემებით, დაკავებულ ჩეჩენთაგან არც-ერთი საქართველოს მოქალაქე არ არის. ბრალდებულთა ადვოკატები და ადამიანის უფლებადამცავი ორგანიზაციები საწინააღმდეგოს აცხადებენ და ირწმუნებიან, რომ დარჩენილი 8 მებრძოლი საქართველოს მოქალაქეა. დამცველები ვერაფერს ამბობენ რუსეთისთვის უკვე გადაცემული 5 ჩეჩენი მეომრის მოქალაქეობის შესახებ, თუმცა კი აცხადებენ, რომ მათი ექსტრადიცია საერთაშორისო ნორმების დარღვევით განხორციელდა.

ადვოკატებმა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართეს სპეციალური, განსაკუთრებული ფორმით, რომელიც სასამართლოს წესდების 39-ე მუხლითაა გათვალისწინებული და რომელიც იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ექსტრადირებულ პიროვნებებს სიკვდილით დასჯა ან წამება ემუქრება. ამავე სპეციალური წესების შესაბამისად, ევროსასამართლომ განცხადებაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაცია გამოუგზავნა. მასში წერია, რომ ევროსასამართლოში საქმის განხილვამდე მიზანშეწონილი არ არის დაკავებული ჩეჩენის ექსტრადიცია.

ეს შეტყობინება, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუსტიციის სამინისტრომ 4 ოქტომბერს, 23 საათსა და 30 წუთზე, მიიღო, 5 ჩეჩენი მებრძოლის თვითმფრინავით ეტაპირება კი 23 საათზე განხორციელდა. არაოფიციალური წყაროების ცნობით კი, ამ დროისთვის იუსტიციის სამინისტროს ევროსასამართლოს რეკომენდაცია უკვე მიღებული ჰქონდა, მაგრამ ექსტრადიცია მაინც არ შეაჩერა.

ადამიანის უფლებადამცავ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 5 ჩეჩენი მეომრის რუსეთისთვის გადაცემით საერთაშორისო კონვენცია დაარღვია.
დაკავებულ ჩეჩენთა ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ ჩემთან საუბარში, აი, რა განაცხადა:

[მუხაშავრიას ხმა] „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პირები იქნებიან ევროკონვენციის მეორე და მესამე მუხლის მსხვერპლნი. მეორე მუხლი იცავს სიცოცხლის უფლებას და მესამე კრძალავს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ამის გამო ჩვენ ვითხოვეთ, სასამართლო პროცედურა ჩატარდეს კანონის მიხედვით და გადასინჯულ იქნეს მათი გადაცემის საკითხი რუსეთის მხარისათვის.“[სტილი დაცულია]

რუსეთში სიკვდილით დასჯა დროებით არის შეჩერებული და მორატორიუმი ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს. ჩემს შეკითხვაზე, მიიღო თუ არა რუსეთისგან ქართულმა მხარემ ექსტრადირებულ ჩეჩენთა უფლებების დასაცავად მოთხოვნილი საგარანტიო წერილი, გენერალური პროკურატურის პრესცენტრის წარმომადგენელმა თემურ კვირკველიამ განაცხადა:
[კვირკველიას ხმა] „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მივიღეთ, და ეს არის არამხოლოდ ფორმალური მხარე ამ შემთხვევაში. ანუ, თუ, ვთქვათ, რუსეთში მოქმედებს სიკვდილით დასჯა, სასჯელის ეს ფორმა, მაშინ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში, მისი მოქალაქეა თუ ვისი მოქალაქეც არ უნდა იყოს, თუ ამ პირს ემუქრება, რომ ის სიკვდილით შეიძლება დაისაჯოს, ჩვენ არ უნდა გადავცეთ.“[სტილი დაცულია]

სამართლებრივად რომ ყველაფერი რიგზე იყოს, რაც ძნელი სათქმელია, თავად ექსტრადიციის განხორციელების ფორმამ საზოგადოების უკურეაქცია გამოიწვია და ქართულ-ჩეჩნურ ურთიერთობებში უცებ გააჩინა ბზარი. ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩკერიის ლიდერმა ასლან მასხადოვმა საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი შეცდომად მიიჩნია, ხოლო რუსლან გელაევმა განაცხადა, რომ მისი ხალხის გადაცემისთვის ყველა „პასუხს აგებს“.
XS
SM
MD
LG