Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე შეთანხმდნენ პუტინი და შევარდნაძე


ედუარდ შევარდნაძესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ პუტინი საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ მკაცრი აღარაა და აცხადებს,

რომ 11 სექტემბერს სოჭში გამოთქმული მუქარის შესრულების საბაბს ვერ ხედავს. პუტინის თქმით, არ არსებობს არავითარი წინააღმდეგობა შევარდნაძესთან მიღწეული შეთანხმებების განხორციელებისთვის. თავის მხრივ, პუტინთან შეხვედრას ისტორიულს უწოდებს შევარდნაძე, თუმცა რა იყო ეს შეხვედრა ან რას მოიტანს ის, არავინ იცის. მოსკოვში შევარდნაძის არ სჯერათ და არც თბილისში სჯერათ პუტინისა. პრეზიდენტების შეხვედრის ფონზე, რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებმა საქართველოს საჰაერო სივრცე ზედიზედ ოთხჯერ დაარღვიეს.


საქართველო თანახმაა რუსეთის მხარეს გადასცეს ის 8 ჩეჩენიც, რომლებიც ჯერჯერობით თბილისში ნომერ მეხუთე საგამოძიებო იზოლატორში რჩებიან.

შევარდნაძე უშვებს საქართველ-რუსეთის საზღვრის ერთობლივ პატრულირებას, ოღონდ - საჭიროების შემთხვევაში.

შეთანხმებულია ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურება.

რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული სადავო საკითხების გადაწყვეტაში პრეზიდენტების პირადი წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

ასეთია კიშინიოვის შეხვედრის შედეგები. თბილისში მიიჩნევენ, რომ პუტინთან მოლაპარაკებით შევარდნაძემ პროგრამა მინიმუმი შეასრულა, რადგან ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვას მიაღწია. მოსკოვში კი ფიქრობენ, რომ საქართველოს მიმართ ტონის შეცვლით პუტინი რისკზე წავიდა და შევარდნაძეს კიდევ ერთხელ მისცა დაპირებულის საწინააღმდეგოდ ქმედების საშუალება. მოსკოვში შევარდნაძის არ სჯერათ. რუსი პოლიტოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი პოზიციას არ შეიცვლის და რუსეთისკენ არ შებრუნდება. ერთ-ერთი მათგანის, მარკ ურნოვის, განცხადებით,“ შევარდნაძის შეცვლა შეუძლებელია: ის ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. გიყურებს, იცინის და გატყუებს, ის პროფესიონალი აფერისტია.”

საქართველოს მიმართ პოზიციას ვერც რუსეთი და მისი პრეზიდენტი შეიცვლის. რუსეთის მიზნებზე საქართველოში და მთელ ამიერკავკასიაში უწინდებურად ღიად საუბრობენ რუსეთის მედიაში. 7 ოქტომბრის “ნეზავისიმაია გაზეტა” კიდევ ერთხელ იუწყება იმის შესახებ, თუ რატომ სჭირდება რუსეთს საქართველოში, შევარდნაძის ნაცვლად, პრორუსული ორიენტაციის პიროვნების აღზევება. ასეა თუ ისე, შევარდნაძესთან ურთიერთგაგების მიღწევით კმაყოფილმა პუტინმა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ის ღია თამაშის პირობებში წარიმართა.

პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ტერორიზმი, ბანდიტიზმი და ნარკობიზნესი საერთო პრობლემებია. ამ და სხვა მწვავე საკითხებზე მათი პირადი წარმომადგენლები იმუშავებენ. “ყველაფერი კარგად იქნებაო,” – თქვა პუტინთან შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ, თუმცა არსებობს მრავალი შეკითხვა, რომლებიც კიშინიოვის შეთანხმებების რეალიზაციას ეჭვქვეშ აყენებს. თუ შევარდნაძე პუტინს დაპირებას შეუსრულებს და თბილისის საგამოძიებო იზოლატორში დარჩენილ 8 ჩეჩენსაც გადასცემს, გარდა იმისა, რომ ჩეჩნებთან ურთიერთობას გაირთულებს, ამით ევროსაბჭოს რეკომენდაციასაც უგულებელყოფს. საკმაოდ ბუნდოვანია, რას ნიშნავს რუსეთ-საქართველოს საზღვრის ერთობლივი პატრულირების დაშვებაც. პუტინთან შევარდნაძის შეთანხმების ამ ნაწილს მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა თბილისშიც და მოსკოვშიც. ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილმა ის საქართველოს პრეზიდენტის გაუმართლებელ დათმობად შეაფასა. რუსი ექსპერტების აზრით, რადგან საზღვრების ერთობლივ პატრულირებას შევარდნაძე ზოგადი მინიშნებით დათანხმდა და არ თქვა, რომ ამ ღონისძიების სასწრაფოდ განხორცილებას უჭერს მხარს, ჩანს, ამ ზომას უკიდურეს ზომად განიხილავს და საეჭოა, ამ უკიდურესი ზომის მიღება მან მიზანშეწონილად მიიჩნიოს.
XS
SM
MD
LG