Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ ჩნდებიან ახალი პოლიტიკური ლიდერები


ქართულ პოლიტიკაში ახალი სახე ძალიან იშვიათად ჩნდება. ის ადამიანებიც კი, რომლებიც ახალ პარტიებს ქმნიან არჩევნების მოახლოებისას, უკვე დიდი ხანია პოლიტიკაში საქმიანობენ.

ბოლო ათი წლის განმავლობაში პოლიტიკურ სპექტრს სულ რამდენიმე ახალი ლიდერი შეემატა. ამიტომ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ იმ სახეებს შევხვდებით, რომლებსაც საზოგადოება უკვე დიდი ხანია იცნობს და, ფაქტობრივად, არ ენდობა.

საქართველოს რეალობაში, პოლიტიკურ ლიდერად ადამიანი მხოლოდ ხელისუფლებაში მოხვედრის შემდეგ ყალიბდება. რაც დიდია თანამდებობა, მით მაღალია ლიდერობის შანსიც და აუცილებლობაც. ამის კლასიკური მაგალითია სახელმწიფო მინისტრის პოსტი. ნიკო ლეკიშვილს გამინისტრებამ ბევრი ვერაფერი შეჰმატა – იგი არ იყო და ვერ გახდა პოლიტიკური ფიგურა. ვაჟა ლორთქიფანიძე კი სახელმწიფო მინისტირის პოსტზე ისეთ ლიდერად იქცა, რომელსაც მომავალში პრეზიდენტობას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, როგორც კი პოსტი დაკარგა, მისი პოლიტიკური აქტივობაც შეწყდა.

სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ლიდერად ვერც გიორგი არსენიშვილი იქცა, თუმცა იმ წლებში მისი გავლენა გაიზარდა, რაც მხოლოდ თანამდებობასთან იყო დაკავშირებული და არა პიროვნულ თვისებებთან. ხელისუფლება ენერგიულად ცდილობს, ლიდერის იმიჯი შეუქმნას ამჟამინდელ სახელმწიფო მინისტრს – ავთანდილ ჯორბენაძეს. იგი პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატებს შორისაც კი მოიხსენიება, თუმცა, ცხადია, რომ მისი პირადი თვისებებიდან გამომდინარე, ჯორბენაძე არ არის პოლიტიკური ლიდერი და როგორც კი თანამდებობას დატოვებს, მისი პოლიტიკური აქტივობაც ნულის ნიშნულზე ჩამოვა.

ასე რომ, სახელისუფლო პოსტები ამა თუ იმ პიროვნებას ლიდერის მანტიით მოსავს მხოლოდ დროებით, ძალაუფლების ფლობის პარალელურად. უეჭველად შეიძლება ითქვას, რომ ეს გზა არ ამართლებს. არსებობს ლიდერად ჩამოყალიბების კიდევ ერთი გზა – საპარლამენტო ტრიბუნა და საპარლამენტო აქტიურობა. ოღონდ ამ გზის გავლამდე ახალ პოტენციურ ლიდერებს, საზოგადოებისთვის თითქმის უცნობ სახეებს, უკვე ცნობილი ლიდერები საარჩევნო სიაში წერენ და მექანიკურად უხსნიან გზას საპარლამენტო დარბაზისკენ. ერთადერთი პარტიული ლიდერი, რომელმაც ტრადიციული გზა გაიარა, – შექმნა პარტია, მოიგო არჩევნები და ასე მოხვდა პარლამენტში, – გოგი თოფაძეა.

წესით და რიგით, პოლიტიკური ლიდერი პარტიულ საქმიანობაში უნდა ყალიბდებოდეს. იგი, თავის თანამოაზრეებთან ერთად, უნდა ქმნიდეს პარტიას, აძლიერებდეს მას, იხვეჭდეს მოსახლეობის ნდობას, იგებდეს არჩევნებს და მხოლოდ ამის შემდეგ მონაწილეობდეს ქვეყნის მართვაში. საქართველოში ეს მარტივი სქემა დარღვეულია, რადგან ახალ პარტიებს გაძლიერების არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ამიტომ ასეთი პარტიები არ იქმნება და, თუ იქმნება, მათ სათავეში კვლავ ძველ პოლიტიკურ სახეებს ვხედავთ. ეს პირუკუ პროცესი, რომ პიროვნება ჯერ ხელისუფლებაში უნდა მოხვდეს და შემდეგ ჩამოყალიბდეს ლიდერად – სრულებით არ ამართლებს. მუდმივად განახლებადი პარტიული ცხოვრება კი საქართველოში არ არსებობს. სწორედ ამ ორი მიზეზის გამო, წლები გადის და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში ახალი სახეები საერთოდ არ ჩნდება; ძველები კი, ამასობაში, მეტისმეტად მოძველდა.
XS
SM
MD
LG