Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს საზღვრის ერთობლივ პატრულირებაში შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებიც ჩაერთვებიან


როგორც ჩანს, კიშინიოვის სამიტზე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები, საზღვრის ერთობლივი პატრულირების სახელით, სტრატეგიულ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

სამიტის დღიდან ინტენსიურად მიმდინარეობს რუსი და ქართველი სამართალდამცველების, უშიშროების წარმომადგენლებისა თუ სამხედროთა კონსულტაციები და ვიზიტები. ამას საქართველოში ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა შევარდნაძის უკან დახევა დაარქვეს, მოსკოვი კი თბილისის თანამშრომლობაზე დაყოლიების გამო კმაყოფილებას ვერ ფარავს.

ჩემს ორი კვირის წინანდელ გადაცემაში საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ლიბანის სცენარით განვითარება ვივარაუდე და იქვე აღვნიშნე, თუ რას შეიძლებოდა შეეჩერებინა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მოულოდნელი შემოჭრა. კერძოდ, ვთქვი, რომ ამისათვის უნდა გადაკეტილიყო ჩეჩენ მეომართა „წინააღმდეგობის მოძრაობის“ მკვებავი თითქმის ერთადერთი არხი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

როგორც ჩანს, სწორედ ამაზე შეთანხმდნენ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები კიშინიოვში დსთ-ს მეთაურთა სამიტზე. საზღვრის ერთობლივ პატრულირებაში, რომელიც შევარდნაძისა და პუტინის მოლაპარაკებათა მთავარ შედეგად გამოცხადდა, სულაც არ იგულისხმება რუსი და ქართველი მესაზღვრეების ხელიხელჩაკიდებული სიარული სახელმწიფო საზღვრის პერიმეტრზე. ეს იმდენად ყოვლის მომცველი შეთანხმება აღმოჩნდა, რომ ამ თითქოსდა მხოლოდ სასაზღვრო უწყებათა საქმეში უშიშროების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროთა დელეგაციებიც კი ჩაერთვნენ.

14 ოქტომბერს თბილისს ესტუმრნენ რუსეთის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროთა დელეგაციები. მათი ვიზიტი რომ წინასწარ არაა მომზადებული და ისინი ქართველი კოლეგების კიშინიოვის გადაწყვეტილებებში გასათვითცნობიერებლად ჩამოდიან, ამას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებაც მოწმობს:
[ნარჩემაშვილის ხმა] „ესენი არიან ოპერატიული სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც გარკვეულ ინფორმაციას ჩამოიტანენ, რა გააჩნიათ მათ, რა ოპერატიული ინფორმაციები იმ ხალხზე, რომლებიც დღეს შეიძლება იმყოფებოდნენ საქართველოში, ან სად შეიძლება იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ უკვე კონკრეტულად ინფორმაციის დამუშავებას და რეალიზაციას.“[სტილი დაცულია]

მინისტრის მიერ ჟურნალისტებისათვის მიცემული ასეთი განმარტება ბუნებრივი იქნებოდა, რუსეთის დელეგაციის ვიზიტი რომ „საზღვრის ერთობლივი პატრულირების“ ეგიდით არ ხორციელდებოდეს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავი ორგანოები აქამდეც თანამშრომლობდნენ. და თუ კობა ნარჩემაშვილის 14 ოქტომბრის განცხადებასაც მოვიშველიებთ, ცხადი ხდება ორი ქვეყნის ძალოვან უწყებათა კონსულტაციების მთავარი თემა. ნარჩემაშვილის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ, ლტოლვილთა საფარქვეშ, პანკისის ხეობაში კიდევ იმყოფებოდნენ ჩეჩენი ბოევიკები. ისინი უიარაღოდ არიან, ფორმები არ აცვიათ და ამიტომ პანკისში სრული წესრიგის დამყარებისთვის კიდევ რამდენიმე თვის მუშაობა იქნება საჭიროო, - დასძინა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მანამდე, კიშინიოვში მიღწეული შეთანხმების ეგიდით, თბილისში იმყოფებოდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე ვლადიმირ პრონიჩევი. მან 13 ოქტომბერს თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტერმინი „რუსეთ- საქართველოს საზღვრის ერთობლივი კონტროლი“ არავის არ უნდა აშინებდეს, რადგან ეს შეთანხმებულ მოქმედებას ნიშნავს და ის, საჭიროების შემთხვევაში, ყველა ქვეყნის საზღვარზე ხორციელდება.

მისივე სიტყვებით, საზღვრის ერთობლივი პატრულირების მთავარ მიზანს წარმოადგენს საზღვარზე ბანდფორმირებებისა და დამნაშავე პირების გადაადგილების აღკვეთა, ასევე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და სხვა უკანონო მოქმედებების აღკვეთა. პრონიჩევმა დასძინა, რომ საჭიროა ერთობლივი შეთანხმებისა და კონკრეტული გეგმის შემუშავება, რამაც უნდა უზრუნველყოს ორი ქვეყნის პრეზიდენტების გადაწყვეტილების შესრულება.

თუ რატომ დასთანხმდა საქართველო რუსეთთან ასეთ თანამშრომლობას, თბილისში ამის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. ძნელია რომელიმე მათგანი სრულად ასახავდეს კიშინიოვის შეთანხმების მოტივს, რადგან მოლაპარაკებათა შინაარსი დეტალურად არავისთვისაა ცნობილი. ის, რაც ფაქტებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, შემდეგია: მოსკოვის მხრიდან გამუდმებული პრესინგის კვლავ გაძლება თბილისის ძალებს აღემატებოდა და მას სულის მოსათქმელად დრო ესაჭიროებოდა. პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებას როგორმე უნდა გადაეწყვიტა ჩეჩენი მეომრების პრობლემა, რადგან ის არა მარტო რუსეთისთვის, არამედ თბილისისთვისაც მნიშვნელოვან საფრთხედ ყალიბდებოდა.
XS
SM
MD
LG