Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფულო საქართველო შავ ფულს მიაქვს


ისევე, როგორც ბევრი ეკონომიკურად სუსტი გარდამავალი ქვეყანა, საქართველოც შავი ფულის გათეთრების საუკეთესო ასპარეზად იქცა. საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები კი არათუ არ

ცდილობენ წინ აღუდგნენ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლების მოძიებას და ამოღებას, არამედ ხშირად კრიმინალური კაპიტალის მფარველებადაც გვევლინებიან. ამგვარი მიდგომა კი ქვეყანას სულ მალე, შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს. საქართველოს საფინანსო წრეების წარმომადგენელთა ინფორმაციით, თუკი საქართველოს ხელისუფლება წლის ბოლომდე შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში პრევენციულ საკანონმდებლო ბაზას არ შექმნის, ქვეყანა, შესაძლოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი ტრანშის გარეშე აღმოჩნდეს.

კორუფციის წინააღმდეგ ვერბალურად მებრძოლ საქართველოს ხელისუფლებას ახალი ვირტუალური მოწინააღმდეგე გაუჩნდა შავი ფულის სახით, რომელიც საქართველოში დაუბრკოლებლად ლეგალიზდება და ყიდულობს ყველაფერს, მათ შორის, ძალაუფლებასაც. თუმცა ამით მმართველი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები არანაირ დისკომფორტს არ გრძნობენ. მეტიც, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, აშკარად, დარწმუნებულია, რომ შავი ფულით კეთილი საქმეების კეთება შეიძლება და ამიტომ თავადვე უწყობდნენ ხელს დანაშაულებრივი ფულის გასათეთრებელი ახალ-ახალი კერების აღმოცენებას.

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] "ერთ-ერთი შემთხვევა დაკავშირებული იყო ფეხბურთის კლუბ "დინამოსთან." მართლაც გაჭირვებაში მყოფ ფეხბურთის კლუბს დაეხმარა პიროვნება თუ პიროვნებათა ჯგუფი და არავინ არ დაინტერესდა ამ ფულის წარმომავლობის კანონიერებით. თუმცა იმ პიროვნებას შემდეგ ბიუჯეტიდან გაუსტუმრდა ეს თანხები."[სტილი დაცულია]

მაგრამ, თუ აქამდე საქართველოს ხელისუფლებას კიდევ შეეძლო საკუთარი თავისთვის ასეთი ფუფუნების უფლება მიეცა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ფულის გათეთრების ხელშეწყობა გლობალურ ტერორიზმთან თანამშრომლობასთან გაიგივდა. ამიტომ მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ საფუძველი ჩაუყარა ფულის გარეცხვის წინააღმდეგ ბრძოლის სრულიად ახალ ეტაპს. აღსანიშნავია, რომ ფულის გათეთრების აღკვეთის სფეროში მოქმედმა საერთაშორისო ორგანიზაციამ (FATF) სასწრაფოდ მიიღო და შეიმუშავა 8 სპეციალური რეკომენდაცია, რომელთა მიხედვითაც, ტერორისტული საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფის აღსაკვეთად დასაშვებია ანგარიშების გაუქმება, ტერორისტთა აქტივების გაყინვა, საეჭვო ოპერაციების კონტროლი და მათზე მუდმივი მონიტორინგი. იმ ქვეყნებს კი, სადაც არ არსებობს ფულის გარეცხვის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პროგრამა, FATF-ის "შავ სიაში" შეყვანა დაემუქრებათ. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ქვეყანა - მაგალითად: უნგრეთი, ფილიპინები, დომენიკა, ეგვიპტე და ინდონეზია - ამ შავ სიაში უკვე მოხვდა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს უფროსის მურთაზ კიკორიას თქმით, თუკი საქართველოც მათ რიცხვს შეუერთდება, ქვეყანას სერიოზული ფინანსური სანქცია ელოდება.

[მურთაზ კიკორიას ხმა] "სტრუქტურული გარდაქმნებისათვის მორიგი ტრანშის მიღების წინაპირობად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ვალდებულებად დაგვიდგინა წლის ბოლომდე ამ კანონის მიღება. ანუ მორიგი ტრანშის მიღება დამოკიდებული იქნება ამ ვალდებულების შესრულებაზე."

ასეთი სანქციის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილმა უწყებათშორისმა საკოორდინაციო კომისიამ შეიმუშავა კანონის პროექტი უკანონო შემოსავლების ლეგალიზების აღკვეთის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტის პირველი საჯარო განხილვა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტისა და ამერიკის იურისტთა სისხლის სამართლის პროგრამის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ კონფერენციაზე 16 ოქტომბერს მოეწყო. კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის, ანონიმური საბანკო ანგარიშების გაუქმებას, გარიგებებისთვის 30 000 ლარიანი ზღვრული ლიმიტის დაწესებას და ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება პრინციპული შეთანხმების მიღწევა იმაზე, თუ ვის უნდა დაექვემდებაროს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რის გამოც ეჭვქვეშ დგება კანონპროექტის მიღება წლის ბოლომდე. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონპროექტის მიღება მოესწრო, არანაირი ილუზია არ არსებობს, რომ ეს სტრუქტურა ბოლომდე თავისუფალი დარჩება ჭუჭყიანი ფულის მფლობელთა ზეგავლენისაგან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG