Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ფილმები თურქეთში


თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში დასრულდა 39-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელშიც წელს პირველად მიიღეს მონაწილეობა ქართველმა კინემატოგრაფისტებმა.

სიმბოლურია, რომ ქართული ფილმები ჩართეს პროგრამაში, რომელსაც “ევროპისა და აზიის კულტურების შეხვედრა” ეწოდა.

სიმბოლურია... თუმცა ანტალიის კინოფესტივალზე არავის დაუკონკრეტებია, სად არის ქართული კულტურის ადგილი – ევროპასა თუ აზიაში, მით უფრო, რომ დასავლეთისა და აღმოსავლეთის შეხვედრის “კერად” თურქები თავიანთ დედაქალაქ სტამბულს მიიჩნევენ. ასეა თუ ისე, ქართული კინო წელს პირველად იყო წარმოდგენილი ანტალიის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ევროპა-აზიის ერთიანობის დევიზით გაიმართა.საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი არჩილ შუბაშვილი მიიჩნევს, რომ ანტალიის კინოფორუმი უძველესია, მაგრამ საერთაშორისო ავტორიტეტს მხოლოდ ბოლო დროს იძენს.
[არჩილ შუბაშვილის ხმა]: “თურქეთში რამდენიმე ფესტივალი ტარდება: სტამბულის, ანკარის, ანტალიის. რა თქმა უნდა, სტამბულის ფესტივალი ყველაზე მნიშვნელოვანია..რაც შეეხება ანტალიის კინოფესტივალს, აქ, ძირითადად, აქცენტი გაკეთებულია თურქული ფილმების კონკურსზე.

ეს აქცენტები წელს შეიცვალა. თურქებმა ფესტივალის პროგრამაში 5 ქართული ფილმი ჩართეს – “ცისფერი მთები”, “ნუცას სკოლა”, “ნათლისღება”, “ისინი”, “აქ თენდება”... ანუ სხვადასხვა დროს გადაღებული სურათები, რომლებიც თურქეთში აქამდე არასდროს უჩვენებიათ. თურქებმა გაითვალისწინეს რა ქართული კინოს წარმატება ანტალიაში, ჩვენი კინემატოგრაფისტები უკვე მოიწვიეს, ასევე ძალზე პრესტიჟულ, ანკარის საერთაშორისო კინოფესტივალზე. თუმცა არჩილ შუბაშვილის აზრით, არა მარტო ისაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი მეზობლები, მათ შორის, თურქეთში მცხოვრები ქართველები, ნელ-ნელა ეცნობიან ჩვენს კულტურას, არამედ უფრო ის, რომ ამ 5 ფილმით იქმნება წარმოდგენა საქართველოს უახლეს ისტორიაზე – “ცისფერ მთებში” წარმოჩენილი საბჭოთა სისტემის ნგრევიდან – საქართველოს დღევანდელი სურათის ჩათვლით, იმ სურათისა, რომელიც თუნდაც ნოდარ მანაგაძის “ნათლისღებაში” იხატება. ისიც სიმბოლურია, რომ ქართული ფილმები უჩვენეს პროგრამაში, რომელიც გაიხსნა იტალიური ნეორეალიზმის შედევრით, რობერტო როსელინის ფილმით “რომი – ღია ქალაქი”. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ქართველ კინემატოგრაფისტებს დღეს ძალიან უჭირთ და ეროვნული კინოს გადარჩენას ხელისუფლების დაუხმარებლად ცდილობენ. შესაძლებელია, საზღვარგარეთ ძველი ქართული ფილმების წარმატებულ ჩვენებას უცხოელი პროდიუსერების დაინტერესება მოჰყვეს. მით უმეტეს, მსოფლიოში ბევრი ვერ იამაყებს, რომ იმ ქვეყნის რეჟისორია, სადაც დასავლეთი და აღმოსავლეთი ხვდება ერთმანეთს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG