Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეცვლის თუ არა კრემლი პოლიტიკას ჩეჩნეთის მიმართ?


მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მელნიკოვის ქუჩაზე მდებარე თეატრალურ ცენტრში გრძელდება მძევლებთან დაკავშირებული დრამა. უკვე არის მსხვერპლი, ტერორისტებმა 20 წლის გოგო მოკლეს.

ყველაფრის პარალელურად დამოუკიდებელი ექსპერტები უკვე მოსალოდნელი შედეგების მასშტაბებზე საუბრობენ. რა შეიძლება მოუტანოს მძევლების ოპერაციამ ჩეჩნებს და რა პრობლემის წინაშე დგას დღეს რუსეთის ხელისუფლება?

როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება მართლაც ძალიან მოუმზადებელი შეხვდა მოსკოვში ტერორისტების ასეთ, თუ შეიძლება ითქვას, "პომპეზურ" გამოჩენას. ამის დასტურია პრეზიდენტ პუტინის პირველი შეფასებაც, რომელიც ასეთი მძაფრი მომენტისთვის მოძველებული ჩანდა და შოკში მყოფი ადამიანის შთაბეჭდილებას უფრო გავდა, ვიდრე გამოსავლის მაძიებელი პრეზიდენტის დასკვნას, რაც სიტუაციის სპეციფიკიდან თუ გამოვალთ, ბუნებრივადაც შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტზე ამ მომენტშიც ჩეჩნეთის პრობლემის გადაბრალების ტენდენციამ იმძლავრა. კერძოდ, პუტინმა განაცხადა:

[პუტინის ხმა] "პირველი ინფორმაცია, რომელიც ტერორისტებმა ღამით მოსკოვში მძევლების აყვანის შემდეგ გამოაქვეყნეს, საზღვარგარეთიდან მოვიდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ტერაქტი, რომელიც შეიძლება როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე უცხოეთში მომხდარ უდიდეს ტერაქტებს შეიძლება გაუტოლდეს, იგეგმებოდა საზღვარგარეთის ტერორისტულ ცენტრებში."

იმაზე, რომ პრეზიდენტი ლოგიკურზე უფრო ტენდენციური იყო, მისი სიტყვები მეტყველებს, რადგან სინამდვილეში ის, თუ საიდან მოვიდა ინფორმაცია, დღევანდელ დღეს არაფერზეც არ მეტყველებს და მითუმეტეს ტერორისტული აქტის დაგეგმვის ადგილზე, მაგრამ უმთავრესი დასკვნა, რაც შეიძლება პრეზიდენტის გამოსვლიდან გაკეთდეს, არის მისი მოუმზადებლობა მსგავსი ამბისადმი.

ამ პოზიციას ადასტურებს მოსკოვის კარნეგის ცენტრის პოლიტიკური ანალიტიკოსი ლილია შევცოვაც:

[შევცოვას ხმა] "ყველამ გაიფიქრა ერთი – აქამდეც მივიდა საქმე, ანუ ჩეჩნეთმა მოსკოვამდე მოაღწია. ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო და აღმოჩნდა, რომ მოსკოვი – როგორც მოსახლეობა, ისე დედაქალაქისა და ფედერალური ხელმძღვანელობა სრულიად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ მსგავსი დრამისთვის"

კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი იმასაც ნათლად განმარტავს, თუ რა უნდა უგულვებელყოს და რა პრიორიტეტები უნდა დასახოს მოცემულ მომენტში ქვეყნის პრეზიდენტმა:

[შევცოვას ხმა] "ახლა პუტინს ძალიან დიდი სიმამაცე, ძალიან მაღალი სტრატეგიული აზროვნება სჭირდება იმისათვის, რომ გადალახოს ემოცია, არ იფიქროს წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ საკითხებზე პრესტიჟისა და პოპულარობის კუთხით, არამედ ძალიან მამაცური გადაწყვეტილების მისაღებად მან უნდა იფიქროს მხოლოდ ამ დრამიდან მშვიდობიანად გამოსვლის გზაზე. მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ მძევლებთან დაკავშირებული დრამა, არამედ დრამა ჩეჩნეთში."

მოვლენების ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში ტერორისტებთან მოლაპარაკებების წარმართვა აუცილებელ ფაქტორად და პრობლემის შეძლებისდაგვარად მშვიდობიანად მოგვარების გზად რჩება, თუკი, როგორც რუსი ძალოვნები აცხადებენ, ტერორისტებმა თავად არ წამოიწყეს საარტილერიო შტურმი. თუმცა, დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი თვლის, რომ საარტილერიო შტურმის გარდა მოლაპარაკებების წარმოებას სხვა დაბრკოლებაც ახლავს, კერძოდ – მოლაპარაკების ობიექტის არ არსებობა. ფელგენგაუერმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა:

[ფელგენგაუერის ხმა] "ახლა მოლაპარაკებების წარმოება ძალიან ძნელია და გაუგებარიც არის ვისთან უნდა წარიმართოს მოლაპარაკება. რადგან შეერთებული შტატების მთავრობამ, სახელმწიფო დეპარტამენტმა სრულიად ოფიციალურად განუცხადა მოსკოვს, რომ არ ურჩევს მოლაპარაკებების წარმართვას მასხადოვთან, ვინაიდან ის დაკავშირებულია ალ-ყაიდის ტერორისტებთან, ჯიჰადისტებთან, რომ ბოლო თვეებში მათთან მჭიდრო კონტქატი დაამყარა. შტატების ხელისუფლების ასეთ მოსაზრებას მტკიცებულებაც აქვს. ეს ოპერაციაც ამის კიდევ ერთი დასტურია. ანუ თითქოს არავინ არის, ვისთანაც მოლაპარაკებების წარმართვა იქნებოდა შესაძლებელი, მეორეს მხრივ კი მოლაპარაკების გარეშე შეიძლება ყველაფერი მოსკოვის ცენტრში ასობით უდანაშაულო ადამიანის დაღუპვით დასრულდეს, რაც შესაძლებელია დიდი ტერორისტული კამპანიის დასაწყისად იქცეს."

დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი დასძენს, რომ მსგავსი ტერორისტული აქტის ორგანიზება, თუკი ჩეჩნები ასეთ რამეს გადაწყვეტდნენ მათთვის რთული არ იქნებოდა, რადგან ამის იდეალურ ფონს ქმნის რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების დაბალი პროფესიონალიზმი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – კორუმპირებულობა.

სამწუხაროდ, უკვე ცხადია, რომ ტერორისტებთან საქმის უმსხვერპლოდ მოგვარება არ მოხერხდა. ერთია ის, თუ როგორ მოქნილობას გამოიჩენს რუსეთის ხელისუფლება, მეორე კი ის, თუ როგორ ნებისყოფას გამოავლენენ ტერორისტები, რადგან ამაზეც არის დამოკიდებული მსოფლიო საზოგადოებრიობის აზრის რეფორმირება ჩეჩნეთის კონფლიქტთან მიმართებაში. ვაშინგტონში მდებარე ამერიკული კომიტეტეტის – მშვიდობისათვის ჩეჩნეთში აღმასრულებელი დირექტორი გლენ ჰავარდი ამის თაობაზე დასძენს:

[ჰაუარდის ხმა] "რა თქმა უნდა, თუკი აქ ხალხი დაიღუპება, ეს იქნება ტრაგედია ჩეჩნებისთვის მოსკოვში, რუსეთში და აქაც – ამერიკაში. მსოფლიო საზოგადოებრიობა ამის გამო ძალიან ცუდად განეწყობა ჩეჩნების მიმართ".

ისევე, როგორც 11 სექტემბრის ტერაქტი შეერთებული შტატების მთავრობისთვის, ასევე ახლანდელი შემთხვევა მოსკოვში უკვე შეიძლება შეფასდეს, როგორც რუსეთის ხელიუფლების კრახი. ლილია შევცოვას კარნეგის ცენტრიდან მიაჩნია, რომ მოსკოვის ტერაქტის შედეგები ჩეჩნეთის მასშტაბებს გასცდება და გაცილებით გაართულებს რუსეთის მდგომარეობას.

[შევცოვას ხმა] "რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის წყარო ჩეჩნეთია და რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ხელისუფლების სრული კრახი ჩეჩნეთში ომის მოგების თვალსაზრისით. როცა ჩვენ ვფიქრობთ რა შეიძლება მოჰყვეს ამას, ეს შეიძლება იყოს ჩეჩნეთის პლაცდარმზე ბევრად ფართო მასშტაბის, რადგან მსგავსი მოვლენები ჩვენ გვაბრუნებენ "კურსკის" სიტუაციაში და თუ შეიძლება ასეთი მეტაფორა ვიხმარო, ჩვენ დღეს ყველანი "კურსკში" ვართ".

გვაქვს უფლება ვიქონიოთ იმედი, რომ ამჯერად პუტინის ხელისუფლება შეძლებს "კურსკის" თავიდან აცილებას და შეცდომების გარჩევას აღარ დასჭირდება კიდევ მსხვერპლი.

ბოლო წლებში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები ადასტურებს, რომ ჩეჩნეთში რუსეთის ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების გამო ყველაზე დიდ საფასურს თავად რუსეთის მოქალაქეები იხდიან. ძნელია დაიჯერო, რომ ეს ის შედეგია, რომლის მიღწევაც რუსეთის ხელისუფლებას სურდა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG