Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში საპასპორტო რეჟიმი გამკაცრდა. როგორ გრძნობენ თავს მოსკოველი ქართველები


საინფორმაციო სააგენტო “კავკასპრესის” ინფორმაციით, 24 ოქტომბერს, დღისით, მოსკოვის მეტროპოლიტენის სადგურ “პეტროვსკო-რაზუმოვსკაიას” შესასვლელთან

ახალგაზრდების ჯგუფმა სასტიკად სცემა კავკასიელ მამაკაცს. თვითმხილველთა განცხადებით, დაზარალებული, მძიმე ტრავმებით, საავადმყოფოში მოათავსეს. სააგენტო “არმიინფო” კავკასიელებზე თავდასხმის ორ ფაქტს აღნიშნავს. სომხეთის ნაციონალური კლუბის მიერ გახსნილ საგანგებო “ცხელ ხაზზე” კი მარტო სამი საათის განმავლობაში 60 საჩივარი შევიდა. როგორც რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ელჩი ზურაბ აბაშიძე გვატყობინებს, მოსკოველი ქართველების ოფიციალური საჩივრები საელჩოს “ცხელ ხაზს,” ფაქტობრივად, არ მიუღია. ეს, ალბათ, ჩვენი მოქალაქეების ინერტულობას უფრო უნდა მივაწეროთ, ვიდრე რუსეთის დედაქალაქში მათ მიმართ გამოჩენილ დელიკატურობას. საქართველოს სათვისტომოს უფროსი მოსკოვში, დავით ბერიტაშვილი, გვიდასტურებს, რომ კავკასიური წარმოშობის ადამიანთა ყოფა რუსეთის დედაქალაქში უკანასკნელი დღეების განმავლობაში საგრძნობლად გართულდა.

საქართველოს სათვისტომოში დღეისათვის ოფიციალურად გაწევრიანებულ ადამიანთა საერთო რაოდენობა 600 კაცს შეადგენს. ეს ციფრი, რასაკვირველია, მინიმალურადაც კი ვერ ასახავს მოსკოვში მცხოვრები ქართველების სრულ რაოდენობას, რომელიც, არაოფიციალური მონაცემებით, თითქმის 100 000-ს აღწევს. აქედან ნახევარი რუსეთის მოქალაქეა, მეორე ნახევარი კი აფხაზეთში დატრიალებული საომარი მოქმედებების შემდეგ მოსკოვში დროებითი რეგისტრაციის საბუთით ცხოვრობს. მათ ემატებიან არარეგისტრირებული მოქალაქენი, რომელთა გამოვლენის მიზნით, 25 ოქტომბრის დილიდან მოსკოვში რეგისტრაციისა და საპასპორტო რეჟიმი გამკაცრდა. დაიწყო რეიდები, რომელიც რუსეთში საქართველოს ელჩის ზურაბ აბაშიძის თქმით, ეროვნული ნიშნით არ განხორციელდება. ქართველი ელჩი ოფიციალურ წყაროებს ეყრდნობა, საქართველოს სათვისტომოს უფროსი დავით ბერიტაშვილი კი - არაოფიციალურს.
[დავით ბერიტაშვილის ხმა]“ ჯერ ერთი, დღეს დაიწყო შემოწმებები ბინების, სარდაფების. ბინების შემოწმება უფრო ისეთი აქცენტით, რომ კავკასიური წარმოშობის ადამიანების ბინებს ამოწმებენ.” [სტილი დაცულია]
[ავტორის ხმა]“შემოწმებები მხოლოდ კავკასიური წარმომავლობის ადამიანებისთვისაა თუ ყველა უცხოელისთვის?”
[დავით ბერიტაშვილის ხმა]“არა, უცხოელები, ნუ, შეიძლება ვთქვათ, თურქები და არაბებიც აინტერესებთ მაგათ, მაგრამ ევროპელს რავა შეჰკადრებენ მაგას. ეს აქაურ კავკასიელებს ეხებათ.”[სტილი დაცულია]
[ავტორის ხმა]“ესე იგი, მოსალოდნელია, რომ თქვენთან მოვიდნენ და ბინა გაჩხრიკონ?”
[დავით ბერიტაშვილის ხმა]“არა მგონია, იმიტომ რომ ისეთი სიტუაციაა, რომ სამი შვილის პატრონი ვარ, შეყოფენ ცხვირს და გაყოფენ. მაგრამ უფრო ნაკლები სტატუსის ხალხს, ალბათ, შეაწუხებენ მაგრად. მაგრამ ბინაში არ არის სახიფათო იმდენად, რამდენადაც ქუჩაში. “ [სტილი დაცულია]
ქუჩაში რეიდის დროს აყვანილი არალეგალურად მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობას, ერთდროულად, ართულებს და აიოლებს ის ვითარება, რომ ქვეყანას არაკანონიერად მცხოვრები უცხოელების დეპორტაციისათვის საჭირო თანხების გაღება არ შეუძლია. შედეგად, ეს მდგომარეობა სასიკეთოდ აისახება ოპერატიული ორგანოების თანამშრომელთა ჯიბეებზე. ტრადიციულად, საპასპორტო და ადმინისტრაციული რეჟიმის დამრღვევ ეროვნულ უმცირესობებს მოსკოვის პოლიცია ქრთამზე ურიგდება ხოლმე. დავით ბერიტაშვილის აზრით, ასე იქნება ამჯერადაც. მოგვიანებით კი ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდება, მანამ, სანამ დრო მოვა და რუსეთი ჩეჩნეთის ომს მოინანიებს.
ჩვენს სიუჟეტს კი დღევანდელი რეალობის ამსახველი კიდევ ერთი ფაქტით დავასრულებთ. როგორც საინფორმაციო სააგენტო “კავკასპრესი” იტყობინება, ორი დღეა, მოსკოვში მცხოვრები ქართველების უმეტესობა, ანგარიშსწორების შიშით, შვილებს სკოლებში არ უშვებს.
XS
SM
MD
LG