Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო კავკასიური ომის ზღურბლზე


სპეციალისტები მოსკოვის თეატრალურ ცენტრში შეშვებული გაზით მოწამლულთა შორის დაღუპულთა რიცხვის 200-მდე გაზრდას ვარაუდობენ. ამავე დროს,

მოსკოვში უგზოუკვლოდ დაკარგულ ყოფილ მძევლებს ეძებენ - მათი რიცხვი საკმაოდ დიდია. ასეთია სპეცოპერაციის შედეგი, რომელიც “რუსეთის რეკორდული მიღწევების წიგნში” შეიტანეს. მელნიკოვის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მოსკოვში გლოვობენ კიდეც და გამარჯვებასაც აღნიშნავენ. მოსკოვის ტრაგედიის შემდეგ ანალიტიკოსები რუსეთში პუტინისა და რუსეთის გენერალიტეტის პოპულარობის კიდევ უფრო გაზრდას წინასწარმეტყველებენ. და ეს ყველაფერი კავკასიური ომის ფინალურ ეტაპს სულაც არ უნდა მოასწავებდეს. ამ ომით შექმნილ პრობლემებს ვერც საქართველო ასცდა.


დუბროვკის თეატრალურ ცენტრში დატრიალებულ ტრაგედიას რუსულ მენტალიტეტში გარდატეხა ჯერ არ შეუტანია. ჩეჩენ მებრძოლებზე გამარჯვებამ, რომელიც რუსეთის - და არამარტო რუსეთის - მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად დაჯდა, რუსეთის საზოგადოება ჩეჩნეთში ომის შეწყვეტის მნიშვნელობაზე სერიოზულად ვერ დააფიქრა.
ორშაბათს რუსულ ინტერნეტგვერდებზე გაჩნდა ინფორმაცია იმ აქციის წამოწყების შესახებ, რომლის მიზანსაც ჩეჩნეთში საბრძოლო მოქმედებების დასაფინანსებლად ფულის შეგროვება წარმოადგენს. ოქტომბრის მიწურულის ტრაგედიის შემდეგ ჩეჩნეთის პრობლემის პოლიტიკური გზით მოგვარების იდეა კიდევ უფრო უიმედო ხდება, პუტინი კი - უფრო მკაცრი და კატეგორიული. ეს ყველაფერი და ინგუშეთის ტერიტორიაზე ჩეჩენ მებრძოლებსა და რუსეთის სამხედროებს შორის გაჩაღებული ახალი ბრძოლები მშვიდობას კავკასიაში, რა თქმა უნდა, არ მოასწავებს და აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას კიდევ კარგა ხანს მოუწევს ფიქრი იმაზე, როგორ და რა მეთოდებით აიცილოს თავიდან საქართველოს ტერიტორიაზე კავკასიური კონფლიქტის გავრცელება, თუმცაღა პანკისის პრობლემას ის უკევ მოგვარებულად რაცხს.


იჩქერიის წარმომადგენელმა საქართველოში ხიზრი ალდამოვმა ორშაბათს კატეგორიულად უარყო “გაზეთ 24 საათის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, პანკისის ხეობის ტყეებს შეფარებულმა ჩეჩენმა მებრძოლებმა საქართველოს სამართალდამცავებს ულტიმატუმი წაუყენეს, თავის დანებება მოსთხოევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი,
საბრძოლო მოქმედებების გაშლით დაიმუქრნენ. ხიზრი ალდამოვი ირწმუნება, რომ პანკისის ხეობაში მხოლოდ ჩეჩენი ლტოლვილები არიან და რომ ჩეჩნები ქართველების წინააღმდეგ იარაღს არასდროს აიღებენ. აქვე უნდა განვმარტოთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აბსურდული უწოდეს ცალკეული რუსი ექსპერტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, თითქოსდა, ხიზრი ალდამოვი საქართველოდან, საზღვარგარეთიდან, ჩეჩენ მებრძოლთა დაფინანსებას უწყობდა ხელს. დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ავთანდილ იოსელიანის თქმით, სააგენტო “პრაიმ-ნიუსმა” გაავრცელა მისი განცხადება: “რუსეთის ხელისუფლებისადმი ნეგატიური საჯარო გამოსვლების გამო ხიზრი ალდამოვი სამართლებრივ დევნაში ვერ აღმოჩნდება, რამდენადაც საქართველოში სიტყვის თავისუფლებაა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თავისი აზრის გამოთქმა.”

საბედნიეროდ, მოსკოვის ტრაგედიას, რასაც, თავისთავად, თბილისშიც განიცდიან, საქართველოში არ მოჰყოლია ისეთი ნაბიჯი, როგორიც აზერბაიჯანში მოჰყვა. ვგულისხმობთ ბაქოში ჩეჩნური კულტურის ცენტრის დახურვას. მოსკოვში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოჩენილ ძალადობას თვითონ ჩეჩნებიც გმობენ, მათ შორის, პანკისის ხეობაში მყოფი მშვიდობიანი ჩეჩნებიც. ამის შესახებ განცხადება თბილისში მოქმედი “კავკასიური სახლის” წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილმა გააკეთა. და მაინც, ძნელისათქმელია, მოსკოვში დატრიალებული ტრაგედია რას მოუტანს მშვიდობიან ჩეჩნებს. რუსეთში კავკასიელების მიმართ აგრესიის გაღრმავებას ელიან. ორშაბათს გავრცელდა ინფორმაცია მოსკოვში 15 წლის ქართველი გოგონას სასტიკად ცემის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ეს თავდასხმა ანტიქართული ისტერიის შედეგი უნდა ყოფილიყო.
XS
SM
MD
LG