Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის აძლევს ხელს სახალხო ამბოხი


შარშანდელი ოქტომბერ-ნოემბრის მოვლენებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება,

რომელიც გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა შეაფასეს როგორც ხელისუფლების მიერ სახალხო ამბოხის ხელოვნურად გამოწვევის მცდელობა.

გაერთიანებული დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ვასილ მაღლაფერიძემ სატელევიზიო ეთერით განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის რამდენიმე წევრს სოლიდური თანხა გადაუნაწილეს, რათა ხმა ზვიად ძიძიგურის რეგისტრაციაში გატარების წინააღმდეგ მიეცათ. პარლამენტარის განცხადების თანახმად, სწორედ ამ გადაწყვეტილებას ხელოვნურად უნდა გამოეწვია საზოგადოების პროტესტი, თანამდევი გართულებებითურთ.



შარშან, ოქტომბრის მიწურულს, ქართული საზოგადოება ქუჩაში გამოვიდა, რათა ხელისუფლებისგან დაეცვა ქვეყნის მთავარი მონაპოვარი – თავისუფალი სიტყვა. წმინდა პოლიტიკური ხასიათი აქციამ მოგვიანებით შეიძინა. თავდაპირველად კი საზოგადოება, პრესა, არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური სპექტრი ერთიანი პოზიციით იცავდნენ მხოლოდ სიტყვის თავისუფლებას. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერით პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს მოღვაწეები ერთხმად და უწყვეტად მოუწოდებდნენ საზოგადოებას, არ მიეცათ ხელისუფლებისთვის საინფორმაციო საშუალებების შეზღუდვის უფლება. მაგრამ როგორც კი საპროტესტო აქციამ წმინდა პოლიტიკური შინაარსი შეიძინა, როგორც კი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ჟვანია-სააკაშვილისა და თარგამაძე-მეფარიშვილის მომხრე ორ ბანაკად გაიხლიჩა, ბრძოლის მიზანიც გაორდა და მომიტინგეები სახლებს დაუბრუნდნენ.

რა მოხდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ მოვლენიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ? კომისიის წევრებმა, პირველი კენჭისყრის შედეგად, გადაწყვიტეს, რომ ზვიად ძიძიგურს არ მისცენ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მეორე კენჭისყრის შედეგად კი, ზუსტად ამის საპირისპირო დაადგინეს. კომისიის მოჭოჭმანე წევრები ვერც პირველ და ვერც მეორე პოზიციას არგუმენტებით ვერ იცავენ. სამაგიეროდ, გაერთიანებული დემოკრატები საჯაროდ ამტკიცებენ, რომ ამ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების უკან სერიოზული კორუფციული ინტერესი იმალება. საკითხავია, ვინ და რატომ დააფინანსა ზვიად ძიძიგურის კანდიდატურის ჩაგდება? ვასილ მაღლაფერიძის განმარტებით, თანხა გადაიხადა იმან, ვინც ბიუჯეტს ვერ ასრულებს და თავისი პრობლემების მისაჩქმალად ცდილობს, ხელოვნურად გამოიწვიოს არეულობა ქვეყანაში. თუ საქმე ბიუჯეტის შეუსრულებლობას ეხება, ბრალდების ობიექტად და ფულის წყაროდაც, ირიბი მინიშნებით, სახელმწიფო კანცელარია გამოდის. პოლიტიკოსების მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ სახალხო ამბოხი თავად ნაციონალურ მოძრაობასაც აძლევს ხელს.

ასეც რომ იყოს, ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ძალა – კანცელარია და ნაციონალური მოძრაობა – დაინტერესებულიც რომ იყოს საპროტესტო განწყობის ხელოვნური გამწვავებით, იმის გამო, რომ ცენტრისტული პოლიტიკური ძალები სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობენ, ამბოხის ხელოვნურად გამოწვევა ვერ ხერხდება. შარშანდელი და წლევანდელი შემთხვევა ადასტურებს, რომ ხალხის ქუჩაში გამოყვანას ისეთი მიზეზი სჭირდება, რომელიც, პირველ რიგში, პოლიტიკურ სპექტრს გააერთიანებს.
XS
SM
MD
LG