Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა 23 ოქტომბერს მომხდარმა ტრაგედიამ, როცა ჩეჩენ ექსტრემისტთა შეიარაღებულმა ჯგუფმა ასობით მძევალი დაატყვევა მოსკოვის თეატრში,

რასაც ბოლოს მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საბოლოოდ გააქარწყლა იმედი, რომ ჩეჩნეთის კონფლიქტი, ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში, მშვიდობიანი გზით იქნება მოგვარებული. როგორც გაზეთ "იუეს ნიუს ენდ უორლდ რიპორტის" მოსკოველი კორესპონდენტი მაშა გესენი აღნიშნავს, ახალგაზრდობა რუსეთსა და ჩეჩნეთში, 1994 წელს დაწყებული ომის ფონზე აღიზარდა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ რუსი ახალგაზრდები საინფორმაციო წყაროებიდან იგებდნენ ქვეყნის სამხრეთში მიმდინარე ომის შესახებ, მაშინ როცა მათი ჩეჩენი თანატოლებისთვის ომი, ძალადობა და შიში ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მაშა გესენი განაგრძობს:

"23 წლის მოვსარ ბარაევი, რომელიც მოსკოვში მძევლების აყვანის ოპერაციას ხელმძღვანელობდა, ალბად დარწმუნებული იყო იმაში, რომ თავისი ქმედებით ომს შეწყვეტდა ჩეჩნეთში. მაგრამ ბარაევის იმედი არ გამართლდა, ვინაიდან ძალადობით შეუძლებელია ომის დამთავრება. ახალგაზრდებისთვის ძნელია ამის გაცნობიერება, ვინაიდან მათ არ ახსოვთ ისეთი პერიოდი, როცა ერთმანეთს არ ეომებოდნენ. მოსკოვის თეატრში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რუს და ჩეჩენ ახალგაზრდებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება ურთიერთმტრობა. ჩეჩნეთში მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა კიდევ უფრო არარეალური გახდა".

ხოლო გაზეთ "მოსკოუ ნიუსის" მიმომხილველს მეტ ბივენსს მიაჩნია, რომ რუსეთის ჯართან ერთად არაერთი ბარბაროსობა ჩაიდინეს ჩეჩენმა მეამბოხეებმაც. ძნელი არჩევანი გააკეთა ვლადიმირ პუტინმა, როცა ჯარს უბრძანა მძევლების გათავისუფლება. მეტ ბივენსი წერს:

"თუმცა პუტინის გადაწყვეტილებას, კიდევ უფრო გააფართოვოს სამხედრო ოპერაცია ჩეჩნეთში, არა აქვს არანაირი გამართლება. ჩეჩნეთში განზრახ დაწყებულმა ამ სისხლიანმა ომმა, რაც სამხედრო დანაშაულია, თუმც ჯერჯერობით დაუსჯელი, განადგურების ნაცვლად კიდევ უფრო მეტი ტერორისტი წარმოშვა. არ შეიძლება ჩეჩნეთის გაიგივება "ალ-ყაიდასთან", ვინაიდან ჩეჩნეთის პრობლემა არა არაბი მეომრების, არამედ კრემლის ბარბაროსული მმართველობიდან მომდინარეობს."

გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალის" მოსკოველი კორესპონდენტი პაველ ფელგენჰაუერი გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, თუ რაოდენ ცალმხრივად აშუქებდნენ რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მძევლების აყვანასთან დაკავშირებულ კრიზისს. ჩეჩენი ექსტრემისტები, წერს ფელგენჰაუერი, ცეცხლს უხსნიდნენ და ხელყუმბარებს ესროდნენ რუს ჯარისკაცებს, მაგრამ ერთხელაც კი არ გაუკეთებიათ ეს მძევლების მიმართ. ექსტრემისტებს ჰქონდათ შესაძლებლობა აეფეთქებინათ თავიანთი ყუმბარები, მაგრამ ეს არ უქნიათ, რაც საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ ისინი მხოლოდ იმუქრებოდნენ მძევლების დახოცვით, სინამდვილეში კი ნაბრძანები ჰქონდათ - ადამიანურად მოპყრობოდნენ მძევლებს. ის ფაქტი, რომ ჩეჩნებს არ მოუკლავთ თავიანთი ტყვეები, რატომღაც არაა რუსეთში საჯარო მსჯელობის საგანი - დასძენს პაველ ფელგენჰაუერი.

"ვინ აღმოჩნდა წაგებული ტერორიზმის გამო" - ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში". მძევლების აყვანა მოსკოვის თეატრში, გაზეთის აზრით, მნიშვნელოვანწილად ისე დამთავრდა, როგორც ეს, ალბად ახალგაზრდა კამიკაძეებს სურდათ - ისინი მრავალ უდანაშაულო ადამიანთან ერთად დაიღუპნენ. გაზეთი განაგრძობს:

"თუმცა ეს ტრაგიკული ფინალი სულაც ვერ მოემსახურება იმ საქმეს, რისთვისაც თვითმკვლელი ექსტრემისტები ჩავიდნენ მოსკოვში, და ვერც ფედერალური ჯარის წასვლას დააჩქარებს ჩეჩნეთიდან. პირიქით, ამ საზარელმა აქტმა დაგვანახა, როგორ უთხრის ძირს ტერორიზმი თავად კანონიერ პოლიტიკურ მოძრაობას. ჩეჩნეთი სავსებით იმსახურებს სამართლიან შეთანხმებას მოსკოვთან, რაც თვითმმართველობის უფლებას მისცემდა კავკასიის ამ რესპუბლიკას. მაგრამ ახალგაზრდა ექსტრემისტებმა, ფაქტობრივად გააქარწყდეს ყოველგვარი იმედი იმისა, რომ უახლოეს მომავალში
ჩეჩნეთში შეწყდება სისხლისღვრა, ხოლო რესპუბლიკის მშვიდობიანი მოსახლეობა კიდევ უფრო მეტი ტანჯვისთვის გაწირეს. ჩეჩნეთის ომის, ისევე, როგორც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის შეწყვეტა შეუძლებელია სამხედრო ძალით. დაპირისპირებული მხარეები - მოლაპარაკებათა მაგიდას უნდა მიუსხდნენ".

გაზეთ "ქრისჩიენ საიანს მონიტორის" აზრით, სულ უფრო კლებულობს ჩეჩნეთში მშვიდობის დამყარების შანსი. მოსკოვში მძევლების აყვანის პასუხად, პრეზიდენტმა პუტინმა კიდევ უფრო გააფართოვა ჩეჩნეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მასშტაბები. კრემლის ოფიციალური წარმომადგენლები გამორიცხავენ ჩეჩენ სეპარატისტებთან მოლაპარაკების ყოველგვარ შესაძლებლობას.

"კარნეგის ფონდის ექსპერტის, ალექსეი მალაშენკოს აზრით, მძევლების გათავისუფლებამ ვლადიმირ პუტინს მისცა შესაძლებლობა ძლიერის პოზიციიდან წარმართოს მოლაპარაკება, და დასანანი იქნება, თუკი რუსეთის პრეზიდენტი ხელიდან გაუშვებს ამგვარ შესაძლებლობას. თუმცა როგორც ჩანს, ასეც მოხდა -კრემლი ტერორის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური ომის კონტექსტში მოიხსენიებს კვლავინდებურად ჩეჩნეთის კონფლიქტს და საჯაროდ აცხადებს, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ სამხედრო ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი. დღეს ალბად, მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთში მხარს დაუჭერს ამგვარ პოზიციას, მაგრამ დროებით. სულ მალე, საგრძნობლად იმატებს იმათი რიცხვი, ვინც ჩეჩნეთის ომმა დაქანცა".

უკეთებს რა კომენტარს მძევლების გათავისუფლებას მოსკოვში, გაზეთი "მონდი", კრემლის რეაქციაში ამ კრიზისთან დაკავშირებით, ტიპიურ საბჭოთა ხელწერას ხედავს.


"26 ოქტომბერს, გამთენიისას განხორციელებული რეიდის შემდეგ, მოსკოვის თეატრი სასაკლაოს დაემსგავსა. ორი დღის შემდეგ 120-დე მძევალი მკვდარი იყო. გაზით მოწამლული ასობით სხვა საავადმყოფოებში მოათავსეს. ყოველივე ეს, საბჭოთა პერიოდს გვაგონებდა. პუტინისთვის მთავარი წესრიგის აღდგენა იყო და არა მძევალთა გადარჩენა. როცა კრემლის ძალაუფლება გამოწვევას დაუპირისპირდა, რუსეთის პრეზიდენტს ყველაზე მეტად წესრიგის აღდგენა ადარდებდა. საიდუმლოების მანიით შეპყრობილმა კრემლის ლიდერებმა დაუმალეს მოსკოველ ექიმებს, რა გაზი იქნა გამოყენებული მოსკოვის თეატრში განხორციელებული რეიდის დროს, რითაც არ მისცეს მედიკოსებს შესაძლებლობა დროულად ემკურნალად პაციენტებისთვის, და ამდენად, სასიკვდილოდ გაწირეს გათავისუფლებული მძევლები."

სტატიაში, რომელიც გაზეთმა "უოლ სტრიტ ჯორნალმა" გამოაქვეყნა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი თავმჯდომარე ივან რიბკინი, რომელიც რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოსაც ხელმძღვანელობდა თავის დროზე, წერს, რომ მისმა შეხვედრებმა ვაშინგტონში, ოქტომბრის დამლევს, დაარწმუნა იმაში, რომ აშშ-ს ბოლომდე არა აქვს გაცნობიერებული ჩეჩნეთის კონფლიქტის არსი.
სტატიაში ვკითხულობთ:

"შეერთებულ შტატებში გასული წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის შემდეგ ვაშინგტონი და მოსკოვი შეთანხმდნენ - ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური ომის კონტექსტში განიხილონ ჩეჩნეთის კონფლიქტი. ვაშინგტონთან დაწყებულმა ახალმა თანამშრომლობამ გარკვეული ბიძგი მისცა რუსეთის უგუნურსა და წარუმატებელ პოლიტიკას ჩეჩნეთში. სინამდვილეში, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის პოლიტიკური გარიგება მოხდა. თუ რუსეთი აშშ-ს დაუპირისპირდება ერაყის გამო, მაშინ კრემლი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცევა ჩეჩნეთის გამო. ჩეჩნეთის ომმა კარგა ხანია უკვე დაკარგა რუსი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა - 60 პროცენტი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და ჩეჩენ მეამბოხეებთან მოლაპარაკების განახლებას უჭერს მხარს. მაგრამ რუსეთის მთავრობა ანგარიშს არ უწევს ხალხის აზრს და პირიქით, მეამბოხეთა უპირობო კაპიტულაციას მოითხოვს. კრემლმა უნდა განაახლოს ჩეჩნეთის პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან მოლაპარაკება, ხოლო შეერთებულმა შტატებმა მვეთრი ხაზი უნდა გაავლოს ჩეჩნეთის კონფლიქტსა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალურ ომს შორის".

როგორც გაზეთი "გარდიანი" აღნიშნავს, ოფიციალური პირები მოსკოვში სიხარულით შეხვდნენ ცნობას იმის შესახებ, რომ კოპენჰაგენში ასლან მასხადოვის ოფიციალური წარმომადგენელი აჰმედ ზაკაევი დააპატიმრეს. გაზეთი წერს:

"ზაკაევი თავისებური ელჩი იყო ჩეჩენთა წინააღმდეგობის მოძრაობისა; მას რეგულარულად ღებულობდნენ ევროპის მთავრობები. დანიის პოლიციამ, რუსეთის თხოვნით ინტერპოლის მიერ გასული წლის ოქტომბერში გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე დააკავა აჰმედ ზაკაევი. დანიელი მოსამართლის განკარგულებით ზაკაევი 13 დღეს დაჰყოფს პატიმრობაში, ვიდრე გამოძიება რუსეთიდან მიღებულ საბუთებს შეისწავლის. მოსკოვის მიერ დანიშნულმა ჩეჩნეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა აჰმად კადიროვმა მოიწონა ზაკაევის დაპატიმრება და მოუწოდა დანიის ხელისუფლებას - სასწრაფოდ გადასცეს ზაკაევი რუსეთს გასასამართლებლად, ხოლო კოპენჰაგენში ამ კვირაში გამართული "ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესის" დანარჩენი მონაწილენი" დააპატიმროს.

გაზეთ "ფრანკფურტერ რუნდშაუს" მიმომხილველის ჰანეს გამილშეგის აზრით, ზაკაევის დაპატიმრებამ ცხადყო, რომ დანიის მთავრობას შიშმა სძლია, როცა უყოყმანოდ შეასრულა მოსკოვის თხოვნა. გერმანელი ჟურნალისტი წერს:

"უნებლიედ იბადება კითხვა: ჯერ ერთი,რატომ მიიწვიეს ზაკაევი "ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესზე" კოპენჰაგენში, თუ რუსეთს მისი დაპატიმრების ორდერი ჰქონდა გაცემული? რატომ მოხდა ზაკაევის დაკავება კონგრესის დამთავრების შემდეგ? და ბოლოს, რატომ არ იყვნენ საქმის კურსში დანიის პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ კოპენჰაგენში ჩასულ, ჩეჩენ მეამბოხეთა თვალსაჩინო ლიდერს დაპატიმრება მოელოდა, მაშინ როცა სათანადო საბუთები მოსკოვიდან კარგა ხნით ადრე იყო მიღებული? ყოველივე ეს იმაზე მიანიშნებს, რომ დანიის ხელისუფლება, მოულოდნელად, შიშმა შეიპყრო. ამის პირველი ნიშანი და პირველი შეცდომაც, კოპენჰაგენში დანიშნული რუსეთ-ევროკავშირის სამიტის გადადება იყო. ხოლო ზაკაევის დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორ ცდილობს ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე დანია კრემლის გულის მოგებას".
XS
SM
MD
LG