Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების მოკრძალებული ხიბლი


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან ხუთი თვის შემდეგ თბილისის საკრებულო პირველ სხდომაზე შეიკრიბა. საკრებულოს თავმჯდომარეს – მიხეილ სააკაშვილს - სახელისუფლო

უმრავლესობაში საქმიანობის გამოცდილება არ აკლია, მაგრამ ამჯერად იგი უცნაურ, სრულიად საგანგებო ვითარებაში აღმოჩნდა: თან დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და თბილისის ერთ-ერთი გავლენიანი ხელისუფალია, თან კი - გამოკვეთილი ოპოზიციონერი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ უკვე მეორედ მიაღწია სერიოზულ წარმატებას: წინა არჩევნებში ლეიბორისტებმა მეორე შედეგი აჩვენეს მოქალაქეთა კავშირის შემდეგ, წლევანდელი არჩევნები კი ყველა პარტიას მოუგეს. ხელისუფლებაში – თუნდაც, ადგილობრივ ხელისუფლებაში - ყოფნა ლეიბორისტული პარტიისთვის მძიმე გამოცდა აღმოჩნდა: წინა საკრებულოში მათი ფრაქცია ნაწილ-ნაწილ დაიშალა, პარტიის წევრები ხელისუფლებამ სათითაოდ გადაიბირა და ვერც მოსახლეობისთვის გაკეთდა რაიმე სასიკეთო.

ძველი გამოცდილების ფონზე, არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი სხვა პარტიას დაუთმო და პასუხისმგებლობისგან თავი დაიხსნა. ეს გამარჯვებული პარტიისთვის პირველი უარყოფითი შედეგი იყო – ამომრჩეველთა ნდობის უგულებელყოფა. ნებისმიერი საზოგადოება, რომლისთვისაც ღირსება უცხო არ არის, ასეთ პარტიას შემდეგ არჩევნებში აღარ ენდობა.

ლეიბორისტების მხარდამჭერებს საკრებულოს ამოქმედებამდე კიდევ ერთი განხიბვლა ელოდათ: ამჯერადაც ნათელაშვილის პარტიისთვის ტრადიციულმა სენმა იჩინა თავი: შიდა განხეთქილების გამო ფრაქციას სამკაციანი ჯგუფი გაემიჯნა. ასე რომ, ლეიბორისტებისთვის არჩევნების მოგებას ჯერ არანაირი სიკეთე არ მოუტანია, ვნება კი პარტიას ორმაგი მიადგა.

რა შედეგით დასრულდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოპოვებული წარმატება ნაციონალური მოძრაობისთვის? მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში საქმიანობის გამოცდილებაც აქვს და ხელისუფლებასთან მწვავე დაპირისპირების გამოცდილებაც. ამჟამინდელი ვითარებით კი, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თან ხელისუფალია, თან - რადიკალი ოპოზიციონერი. ეს ორსახა ფუნქცია მიხეილ სააკაშვილს მძიმე პირობებს და უხერხულ ფონს უქმნის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობისთვის. მას მოუხდება თანამშრომლობა დედაქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან იმისათვის, რომ კონსტრუქციულად იმოქმედოს. იმავდროულად, მას მოუხდება დაპირისპირება ქალაქის სამსახურებთან და პირადად მერთან იმისათვის, რომ ზოგადი მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს.

მიხეილ სააკაშვილის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ამ ორმაგ წნეხს ვერ გაუძლებს და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი მისი კარიერისთვის დამღუპველი აღმოჩნდება. საფრთხე რეალურია. თუ სააკაშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან - კონკრეტულად, დედაქალაქის მერთან - კონსტრუქციული თანამშრომლობის გზას აირჩევს და დაპირისპირებას მოერიდება, მისი ოპოზიციური იმიჯი შეიძლება გვარიანად შელახული აღმოჩნდეს. ოპონენტები მეყსეულად დაიწყებენ საუბარს გარიგებებზე, საერთო ფინანსურ ინტერესებზე - განსაკუთრებით, საპარალმენტო არჩევნების წინა პერიოდში. ასეთი ბრალდებები გასული წლების განმავლობაში ხშირად გაისმოდა ლეიბორისტული პარტიის მიმართ, რომელსაც ხელთ ეპყრა სერიოზული ბერკეტები თბილისის საკრებულოში. ამბობდნენ, რომ ხალხის ნდობით მოპოვებული ეს ბერკეტები კონკრეტული ადამიანების პირად კეთილდღეობაში გაიცვალა. ხელისუფლების მიმართ საზოგადოების მხრიდან უნდობლობა იმდენად დიდია, რომ მიხეილ სააკაშვილს გაუჭირდება, თავისი ამომრჩეველი დაარწმუნოს ვანო ზოდელავასთან შეხმატკბილებული საქმიანობის ეფექტიანობაში.

მეორე მხრივ, თუ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დედაქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაპირისპირების გზას აირჩევს, შესაძლოა, ვითარება გამწვავდეს და, პასუხისმგებლობის მოხსნის მიზნით, მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ მოუხდეს გადადგომა – დავუშვათ, საპარლამენტო არჩევნების წინ. Eეს, ერთი შეხედვით, კარგი გამოსავალია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, როდესაც პოლიტიკური ფიგურა ორჯერ მოდის ხელისუფლების მაღალ პოსტზე და ორივეჯერ გადადგომით ასრულებს კარიერის შესაბამის ეტაპს, ეს აჩენს დასაბუთებულ ეჭვს თავად ამ პიროვნების მიმართ – შეუძლია კი მას, საერთოდ, კონსტრუქციული, აღმშენებლობითი საქმიანობა? ან, იქნებ, მისი საქმე მხოლოდ ნგრევაა, შენება კი სხვა ლიდერებს და სხვა პოლიტიკურ ძალებს უნდა მივანდოთ?

ასე რომ, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას ორმხრივი საფრთხე ახლავს: აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გარეშე საკრებულო თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს; ურთიერთობა კი ორგვარი შეიძლება იყოს -თანამშრომლობითი ან მწვავე დაპირისპირებითი. პირველი გზაც და მეორეც დიდ რისკს გულისხმობს. სამომავლო ამბიციების მქონე პოლიტიკოსი – მიხეილ სააკაშვილი - არც სახელისუფლო პასუხისმგებლობას გაურბის და თან ოპოზიციურ იმიჯსაც თვალის ჩინივით უფრთხილდება. არსებობს თუ არა ოქროს შუალედი – უცნობია.
XS
SM
MD
LG