Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პიტერ შოუს მისტიკური გათავისუფლების ზოგიერთი დეტალი


ბრიტანეთის მოქალაქის პიტერ შოუს გათავისუფლებას ხუთშაბათ დილას ახალი სპეცოპერაციის დაწყება მოჰყვა პანკისის ხეობაში. ამჯერად უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული

ქვედანაყოფის ამოცანას წარმოადგენს გამტაცებელთა ჯგუფის ცოცხლად დარჩენილი წევრების დაპატიმრება, რის შემდეგაც სპეცსამსახურის ხელმძღვანელობა პირობას იძლევა, რომ პასუხს გასცემს ყველა იმ მწვავე შეკითხვას, რაც ბრიტანელი ბიზნესმენის მისტიკურმა გათავისუფლებამ საზოგადოებაში წარმოშვა. თუმცა, უშიშროების სამინისტროს პასუხისმგებელი მუშაკების ცალკეული გამონათქვამებით თუ ვიმსჯელებთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ მიერ დაგეგმილი ოპერაცია ახლოს იყო ჩავარდნასთან და, რომ არა თავად პიტერ შოუს მოხერხებულობა, ყველაფერი, შესაძლოა, საბედისწეროდ დამთავრებულიყო.

ბრიტანელი საქმოსნის პიტერ შოუს მძევლობის 141 დღიანი ისტორიის დასასრული ისევე უცნაურად გამოიყურება, როგორც მისი დაპატიმრება. 18 ივნისს ხომ ევროსაბჭოს ექსპერტი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან პოლიციის თვალწინ და, ფაქტობრივად, მათი პასიური თანამონაწილეობის შედეგად გაიტაცეს. უცნაურობა ამ ისტორიას არც მერე მოჰკლებია. როგორც უშიშროების სამინისტროში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ სპეცსამსხურებმა და პოლიციის საიდუმლო წყაროებმა გამტაცებელთა ჯგუფის ვინაობა კარგა ხნის წინ გაარკვიეს, არაფერი ეშველა მძევლისა და გამტაცებელთა ჯგუფის ადგილმდებარეობის დადგენას. დაუჯერებლად მოჩანს ოფიციალური პირების მტკიცება, რომ ბანდიტური ჯგუფი ყოველთვის ბოლო მომენტში ახერხებდა ადგილის შეცვლას. თანაც, სად? - ბლოკსაგუშაგოებით დასერილ და სპეცსამსახურის თანამშრომლებით გავსებულ პანკისის ხეობაში.

ამაზე სპეცსამსახურის წარმომადგენლებს თავიანთი მყარი შეხედულება აქვთ: როცა საქმე ეხება მძევლის სიცოცხლეს, ხოლო კედელთან მიმწყვდეული ბოროტმოქმედის ქმედება ამოვარდნილია ჩვეულებრივი ლოგიკიდან, საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება ერთბაშად ვერ ხერხდება. აქედან გამომდინარე, უშიშროების მინისტრის მოადგილის ირაკლი ალასანიას განცხადებით, სპეცსამსახურების მთელი ყურადღება გადატანილი იყო იმაზე, რომ გამტაცებლები ხეობიდან იმ მიმართულებით გამოსულიყვნენ, სადაც მათი განეიტრალება ოპერაციის გეგმის მიხედვით მოხდებოდა. მაგრამ მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა.

[ირაკლი ალასანიას ხმა] "და ზუსტად ამ დროს მოხდა, რომ ეს მარშრუტიც უცებ იქნა ჩვენთვის ცნობილი. თორემ პირადად მე სულ სხვა კუთხიდან ველოდებოდი გადაყვანას ამ ხალხის. და შიგნით მოხდა შემდეგ გაურკვევლობა იმის ნიადაგზე, რომ ჩვენთვის სასურველი მარშრუტით უნდა წაეყვანა ერთს ეს ხალხი. იქ ვერ შეთანხმდნენ და ერთმანეთს შორის უცებ სროლა ატყდა. ამან საერთოდ არია ყველაფერი და პიტერ შოუმაც მოახერხა გამოსვლა ბლოკპოსტისკენ. ეს იყო რეალურად."[სტილი დაცულია]

უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლები არ აზუსტებენ, თუ რა როლი ითამაშა ამ მოულოდნელ გადაადგილებაში სროლის დროს მოკლულმა მერაბ მექუდიშვილმა, რომელიც ახმეტის პოლიციაში ნარკობიზნესის ხაზით მუშაობდა და პოლიციის რიგებიდან ნარკოტიკებისა და იარაღის ვაჭრობაში მონაწილეობის ბრალდების გამო დაითხოვეს. მაგრამ მკვდრები არ ლაპარაკობენ. ამ ისტორიის ერთადერთი ცოცხალი მოწმე კი ჯერჯერობით თავად გატაცებული პიტერ შოუა, რომელმაც ბრიტანეთში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს უამბო თავისი გათავისუფლების დეტალები:

[პიტერ შოუს ხმა] "მე გავიგონე, თუ როგორ იძრო იარაღი ერთ-ერთმა იმ ორიდან, ვისაც მე ვყავდი შეპყრობილი. ისინი მიტრიალებულები იყვნენ, მე კი დრო ვიხელთე და თხრილში ჩავხტი. დაიწყო სროლა და ერთი მათგანი მოკვდა. ამის შემდეგ დანარჩენი სამი იმავე გზით წავიდა, მე საპირისპირო გზა ავირჩიე და ქართველი ჯარისკაცების ბანაკში აღმოვჩნდი."

გამტაცებლები, რომლებიც ერთმანეთს ხოცავენ და მძევალი, რომელიც 141 დღიანი პატიმრობის შემდეგ მდევრისგან გაქცევას ახერხებს. ეს ყველაფერი უკვე მოინათლა მისტიკად საქართველოში. მაგრამ, ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება: ყველაზე სკნადალური მძევალი გათავისუფლებულია, ხელისუფლება მორიგ გამარჯვებას ზეიმობს და ძალოვანთა დასაჯილდოებლად ემზადება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG