Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უშლის ხელს გაეროს გეგმის მიხედვით აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესის დაწყებას


8 ნოემბერს საქართველოში იწყება სამშვიდობო ოპერაციათა საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ჟან-მარი გიენოს ოფიციალური ვიზიტი, რომელიც 12 ნოემბრამდე გასტანს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტ შევარდნაძესთან მოლაპარაკებამდე ჟან-მარი გიენო სოხუმს ესტუმრება და აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერებსაც შეხვდება. ამ ვიზიტის მთავარი თემა აფხაზეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის სრულყოფისა და ეფექტურობის ამაღლების საკითხებია.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჟან-მარი გიენოსთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავაც აპირებენ იმ საკითხების განხილვას, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აქამდეც მრავალჯერ დაუყენებიათ. საქმე ეხება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლის ინიციატივას, ასევე რამდენიმე თვის წინ გამოთქმულ წინადადებას გალის რაიონში საერთაშორისო ადმინისტრაციის შექმნის შესახებ და, რაც მთავარია, მსჯელობის თემა იქნება ეგრეთ წოდებული ბოდენის დოკუმენტის ბედი.

გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი წარმომადგენლის დიტერ ბოდენის მიერ მომზადებული დოკუმენტი თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე დღემდე პროექტად რჩება. ამის მიზეზი კი აფხაზ სეპარატისტთა მხარეა, რომელიც, რუსეთის წაქეზებითა და მხარდაჭერით, უარს აცხადებს ბოდენის დოკუმენტის განხილვაზე.

4 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის საკითხზე მსჯელობა იგეგმებოდა, კერძოდ, უნდა შეთანხმებულიყო გენერალური მდივნის განცხადების ტექსტი. ამ დოკუმენტით გაეროს გენერალურ მდივანს მხარეებისთვის ბოდენის პროექტის განხილვის დაჩქარება უნდა დაევალებინა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კახა სიხარულიძის განცხადებით, საკითხის განხილვა უშიშროების საბჭოს სხდომაზე 19 ნოემბრისთვის გადაიდო.

[სიხარულიძის ხმა] „იმის გამო, რომ რუსეთის მხარეს ჰქონდა ტრადიციულად არაკეთილმოსურნე, არალოგიკური და არაკონსტრუქციული დამოკიდებულება აფხაზეთის კონფლიქტთან მიმართებაში, საერთოდ, და, კერძოდ, ამ განცხადების ტექსტთან დაკავშირებით, გადაიდო მისი განხილვა. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ტექსტი რუსების გამო დაიბლოკა. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა დანარჩენ წევრს, ასევე, ჩვენს სურვილს და პრეტენზიებს.\”[სტილი დაცულია]

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ევგენია ვორონინა ყველაფერს თბილისის პოზიციებს აბრალებს. მისი განცხადების თანახმად, უშიშროების საბჭო იმიტომ გადაიდო, რომ ქართული მხარე აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით დათმობებზე არ წავიდა. მისივე თქმით, სწორედ თბილისის მხრიდან დათმობების საკითხი განიხილება 19 ნოემბრისთვის დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომაზეც.

აფხაზეთის კონფლიქტის მიმართ რუსეთის სუბიექტური დამოკიდებულება და ინტერესები ქართული საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, თუმცა ამ სურათს კიდევ უფრო შეავსებს რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ვლადისლავ არძინბა ვლადიმირ ვერნადსკის პრემიით დაჯილდოვდა. მას ეს პრემია პოლიტიკური მოღვაწეობისათვის, საერთაშორისო კავშირების განვითარებისა და რეგიონში მშვიდობის დამყარებაში ფასდაუდებელი წვლილის შეტანისათვის გადასცეს.

აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებისადმი რუსეთის ასეთი არაკონსტრუქციული დამოკიდებულების გამო გაოცებას ვერ მალავს კახა სიხარულიძე, მაგრამ მას პრობლემის დაძლევის იმედს გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის სიტყვები აძლევს.

[სიხარულიძის ხმა] „როგორც ქალბატონმა ტალიავინიმ თავისი სოხუმში ყოფნის დროს - სხვათა შორის, ახალი დანიშნული იყო პირად წარმომადგენლად - განაცხადა, ეგრეთ წოდებული ბოდენის დოკუმენტი გაეროს პლატფორმაა და მისი ბლოკირება , მისი არგანხილვა ნიშნავს თვითონ გაეროს, როგორც საერთაშორისო ინსტიტუტის, წინააღმდეგ გალაშქრებას.“[სტილი დაცულია]

თუ რამდენად ხელშესახებ შედეგს გამოიღებს, აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების დაჩქარების თვალსაზრისით, გაეროს წარმომადგენელთა ბოლოდროინდელი გააქტიურება,
უახლოეს მომავალში გახდება ნათელი.
XS
SM
MD
LG