Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟან-მარი გიენოს უშედეგო ვიზიტი სოხუმში. აფხაზთა მხარემ ბოდენის დოკუმენტი არ მიიღო


გაეროს სამშვიდობო ძალების უფროსი ჟან-მარი გიენო საქართველოს თბილისსა და სოხუმს შორის ნდობის აღდგენის ამოცანით ესტუმრა, თუმცა სოხუმში გამართულ უშედეგო შეხვედრებს ის ამ ამოცანის

სირთულეში უნდა დაერწმუნებინა. ჟან-მარი გიენომ სოხუმში ბოდენის დოკუმენტი ჩაიტანა. მას ჰქონდა იმედი, რომ აფხაზთა მხარეს თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის წინადადებების განხილვაზე დაიყოლიებდა, მაგრამ მოხდა ის, რასაც ყველა ელოდა: აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ
გაეროს დოკუმენტის ირგვლივ საუბარი არ ისურვა.

გაეროს სამშვიდობო ძალების უფროსის მცდელობამ არ გაამართლა. არადა, აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების მეთაურის თამაზ ნადარეიშვილის თქმით, სოხუმში გამგზავრების წინ ჟან-მარი გიენო აფხაზთა მხარესთან გასამართ შეხვედრებს ოპტიმიზმით უყურებდა, იმედს იტოვებდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ბოდენის დოკუმენტის განხილვის დაწყებაზე დაიყოლიებდა.

გიენო აფხაზეთში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ვალერი არშბას, პარლამენტის სპიკერს ნუგზარ აშუბას და არძინბას ხელისუფლების კიდევ 2 წარმომადგენელს - ანრი ჯერგენიას და სერგეი შამბას შეხვდა და განუმარტა, რომ ბოდენის დოკუმენტი ბევრ ისეთ საკითხს შეიცავს, რომელთა განხილვის დაწყებაც შესაძლებელია. პასუხად ცივი უარი მიიღო. აფხაზთა მხარემ თბილისსა და სოხუმს შორის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ დოკუმენტზე საუბარიც არ ისურვა. არძინბას წარმომადგენლების პასუხი გაეროს სამშვიდობო ძალების უფროსის წინადადებაზე ასეთი იყო: “აფხაზმა ხალხმა თავისი არჩევანი 1998 წლის 3 ოქტომბრის რეფერენდუმზე გააკეთა. აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და, აქედან გამომდინარე, თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საუბარი არ შედგება”.

გიენოს მცდელობის უშედეგობა თბილისში მხარეთა შორის დაძაბულობის ესკალაციის მომასწავებლად აღიქვეს. ბოდენის გეგმის განხილვის დაწყებაზე სოხუმის კატეგორიული უარის შემდეგ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ მეთოდზე ალაპარაკდნენ. პრეზიდენტის მრჩევლის შალვა ფიჩხაძის განცხადებით: “ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგება ყველაზე სასურველი მეთოდია, მაგრამ, თუ ეს მეთოდი ვერ გაამართლებს, საქართველო აფხაზეთის დაკარგვას ვერ შეეგუება. სახელმწიფოს უნდა შეეძლოს აფხაზეთის პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა, თუ ეს საერთაშორისო თანამეგობრობას არ ძალუძს.”

აფხაზეთში გამგზავრებამდე გაეროს სამშვიდობო ძალების უფროსს აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის საკუთარი ხედვა შესთავაზა აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ხელმძღვანელმა თამაზ ნადარეიშვილმა. მისი წინდადებები ასეთი იყო:

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] “ უნდა ვაღიაროთ, რომ მშვიდობიანმა პოლიტიკურმა პროცესმა განიცადა სრული კრახი, რომ გაეროს არც ერთი რეზოლუცია არ სრულდება და რომ აფხაზთა დესტრუქციული პოზიციის გამო გაეროს დოკუმენტი მიღებული არ იქნება. ამიტომ ჩვენი წინადადებაა გაერომ მიიღოს რეზოლუცია, რომ მშვიდობის შენარჩუნების ოპერაციამ არ გაამართლა და უნდა გადავიდეთ გაეროს წესდების მეშვიდე მუხლზე, რაც ძალით მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს.”

გიენოს ანალოგიური წინადადებებით მიმართეს აფხაზეთიდან დევნილებმაც ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე. მაგრამ მათაც და ნადარეიშვილსაც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ აუხსნა, რომ გაერო პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა. დევნილებთან შეხვედრაზე გიენომ გამოთქვა იმედი, რომ ბოდენის დოკუმენტის განხილვაზე აფხაზთა უარი საბოლოო არ არის. ამ შეხვედრით დევნილები უკმაყოფილონი დარჩნენ. გაეროს წარმომადგენლის იმედიანი განწყობა მათ ვერაფერში გამოადგებათ.
თხილის სეზონის თანმდევი ტრადიციული მოვლენების გამო, შეგახსენებთ გალის რაიონიდან გატაცებულ 28 ქართველს, რომლებიც, ნადარეიშვილის თქმით, გამტაცებლებმა ფულის მიღების შემდეგ დააბრუნეს. არ არის გამორიცხული პარტიზანული მოძრაობა გააქტიურდეს.
XS
SM
MD
LG