Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიძლება თუ არა ნავთობსადენი და სხვა ეკონომიკური ბერკეტები აფხაზეთის კონფლიქტის გასაღებად იქცეს


თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის გაეროს მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც ბოდენის დოკუმენტის სახელწოდებითაა ცნობილი,

საერთაშორისო საზოგადოების მიერ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საფუძვლად არის აღიარებული. თუმცა, გაეროს ძალისხმევის ნაკლებ ეფექტურობის გამო, ქართულ საზოგადოებაში აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის სხვა მექანიზმებზეც მსჯელობენ. გამოდგება თუ არა ერთ-ერთ ვარიანტად რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ნავთობსადენის მშენებლობის იდეა, რომელიც საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტს გიორგი ჭანტურიას ეკუთვნის?

იმის გამო, რომ პოლიტიკური, სამშვიდობო გზებით აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესი ჩიხში მოექცა, ამოტივტივდა პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიული იდეები. როგორც ცნობილია, კამათის ძირითადი საგანი ასლან აბაშიძის მიერ შემოთავაზებული წინადადებებია. არის კიდევ სხვა იდეაც, რომელიც, ასევე, კონფლიქტის ეკონომიკური გზებით გადაწყვეტას გულისხმობს, ოღონდ ეკონომიკური ბერკეტებით დიდ პოლიტიკაზე ზემოქმედებისა და არა სეპარატისტული ხელისუფლების ეკონომიკური ინტერესების პირდაპირი დაკმაყოფილების მეშვეობით. ლაპარაკია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პარალელური, აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი, ნოვოროსიისკი-ჯეიჰანის მილსადენის იდეის შესახებ.

ეს მხოლოდ იდეა არ არის და სულ რამდენიმე წელიწადში შეიძლება რეალობადაც იქცეს, თუ საქართველოს ხელისუფლება მის განხორციელებას ისეთივე ყურადღებით მოეკიდება და მთავარ პრიორიტეტად აღიარებს, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ან, თუნდაც, ბაქო-სუფსის მილსადენების პროექტების შემთხვევაში იყო.
ნოვოროსიისკი-სოხუმი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებით რუსეთი სისხლორცეულად არის დაინტერესებული და თუ რატომ, ამის შესახებ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ სანდრო თვალჭრელიძეს გავესაუბრე.

[თვალჭრელიძის ხმა] „2007 წელს ნოვოროსიისკში, თენგიზის საბადოს გათვალისწინებით, 120 მილიონი ტონა ნავთობი შეგროვდება. ახლა ბოსფორისა და დარდანელის სიმძლავრე 50 მილიონი ტონაა წელიწადში და 2007 წლისათვის, საერთაშორისო გადაწყვეტილებით, 35 მილიონამდე დასწევენ ეკოლოგიური პრობლემების გამო. რუსეთს ნოვოროსიისკში უგროვდება 80-90 მილიონი ტონა, რომელსაც ვერ გაიტანენ, რომელიც უნდა გადატვირთონ ტანკერებზე, შეიტანონ ვარნაში და კონსტანცაში და ამიტომ, თუ 21 დოლარზე დაბლა დავარდა ნავთობის ფასი, მათი ნავთობი არაკონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიო ბაზარზე. ამიტომ ამ ნავთობსადენის გაყვანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის”.

განვმარტავ, რომ რუსეთის ნავთობის ნოვოროსიისკიდან დასავლეთში ექსპორტის მოცულობა დამოკიდებულია ბოსფორის სრუტის გამტარუნარიანობაზე, ჯეიჰანის მიმართულება კი მას გვერდს აუქცევს საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით. თუმცა ხშირად ისე ხდება, რომ მოსკოვი ეკონომიკურ მოგებას არაფრად აგდებს, როდესაც საქმე პოლიტიკურ ინტერესებს ეხება. სანდრო თვალჭრელიძე ფიქრობს, რომ მოსკოვი იძულებული გახდება არჩევანი ეკონომიკური ინტერესების სასარგებლოდ გააკეთოს.

[თვალჭრელიძის ხმა] „რუბლისაგან აღარაფერი დარჩება, ოპეკის ქვეყნებს ბაქო-ჯეიჰანის გაყვანის შემდეგ ისეთი ზეწოლა ექნება რუსეთზე, რომ მუხლებზე დააჩოქებენ. ხომ იცით, რომ რუსეთის სავალუტო შემოსავლების 60% ნავთობიდან და გაზიდან მოდის.“

არაოფიციალური ინფორმაციით, იდეა იმდენად მომწიფებულია, რომ ინვესტორები მზად არიან პროექტის რეალიზება დააფინანსონ. წინასწარი მონაცემებით, მილსადენის წლიური გამტარუნარიანობა 40 მილიონი ტონა ნავთობი იქნება.

საეჭვოა, რუსეთმა ამ რესურსების ათვისებაზე უარი თქვას, ეს კი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების ახალ პერსპექტივებს ქმნის, რაც უფრო რეალურია, ვიდრე სეპარატისტული ხელისუფლების ეკონომიკური ინტერესებით შემორიგება ან გაეროს დიპლომატიის მეშვეობით ბოდენის დოკუმენტის განხილვაზე მათი დაყოლიება.
XS
SM
MD
LG