Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოების რადიკალიზაციის ერთი მიზეზი


სულ ახლახან გამოვიდა გიორგი ნათაძისა და გიორგი კანკავას წერილების კრებული, სათაურით “თვითსპობის სინდრომი”. წიგნის ავტორები მსჯელობენ იმ პრობლემებზე,

რომლებიც ახალი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას აბრკოლებს. ერთ-ერთ არსებით პრობლემად საზოგადოების რადიკალიზაცია მიაჩნიათ. საყოველთაოდ მიღებულია, რომ თანამედროვე ქართული საზოგადოების რადიკალიზაციას იწვევს მწვავე სოციალური პრობლემები, გლობალური უსამართლობა და ხელისუფლებისგან გაუცხოება. მაგრამ ამ პრობლემას კიდევ სხვა, არანაკლებ სერიოზული, საფუძველი აქვს.

გიორგი კანკავას წერილი “უკრიტიკობის ირონია” იმ პრობლემას ეძღვნება, რომელზეც, კარგა ხანია, ქართული ჰუმანიტარული ინტელიგენცია საუბრობს: “ქართული საზოგადოების ფართო ფენებს, მის ინტელიგენციას, ერთგვარი ხაზგამყოფის კვალი დამჩნევია. ხაზგამყოფის ერთ მხარეს ვხედავთ იმათ, ვინც ახალ და უახლეს დროთა (ანუ “დასავლურ”) მიღწევებს უპირობოდ აღიარებს ეროვნულ ღირებულებათა უარყოფის ხარჯზე; საპირისპირო მხარეს კი ვხედავთ მათ, ვინც თვლის, რომ ახალ და უახლეს დროთა “დასავლური” მიღწევები უცხო და მავნეა ჩვენი არსებობისთვის. ერთნიც და მეორენიც არ ცნობენ ერთმანეთის ღირებულებებს, უპირისპირდებიან ერთურთს, რაც საზოგადოების რადიკალიზაციას, პოლიტიკურ დაპირისპირებას წარმოქმნის.”

დასავლური და ეროვნული ღირებულებების ურთიერთმიუღებლობის პრობლემამ ყველაზე უხეში ფორმით მაშინ იჩინა თავი, როდესაც უფლებადაცვით ორგანიზაციას – თავისუფლების ინსტიტუტს – პატრიოტული გზნებით დაესხნენ თავს და მომხვდურები დამხვდურებს უმოწყალოდ გაუსწორდნენ.

ამ ფაქტზე საზოგადოების ორმხრივმა რეაქციამ დაადასტურა, რომ ისტორიული გამოცდილებისა და ახალი დროის მიღწევების სინთეზი რეალური პრობლემაა. როდესაც ჩემმა მეგობარმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თავის მეცხრეკლასელ მოსწავლეებს თავისუფალი თემა შესთავაზა სამსჯელოდ, მოზარდებმა სწორედ ეს თემა შეარჩიეს და სწორედ ამგვარი ფორმულირებით: დასავლური და ეროვნული ღირებულებების კონფლიქტი.

თუ პრობლემას განვაზოგადებთ, უნდა ვისაუბროთ იმ მზაობაზე, რომლითაც პატარა ქვეყანა ღირსეულად უნდა დახვდეს გლობალიზაციის პროცესს. გლობალიზაცია ჰორიზონტალური ტალღაა, რომელიც სიკეთეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვიტანს, თუ მას ეროვნული ღირებულებების მტკიცედ ფესვგადგმულ ვერტიკალს დავახვედრებთ. ამ პროცესთან დაკავშირებულ საფრთხეს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ განიხილავდა “ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნებულ სტატიაში მწერალი თამაზ ჩხენკელი. ამ თემაზე რამდენიმე თვის წინ ჩვენს მსმენელს გავაცანით ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ნესტან სულავას თვალსაზრისი. ამავე თემას ეძღვნება წიგნი, რომლის შესახებაც დღეს ვსაუბრობთ. უეჭველია, რომ ჰუმანიტარული ინტელიგენცია ფიქრობს და მსჯელობს ეროვნული ღირებულებების შეჯერებაზე დასავლურ მიღწევებთან. ოღონდ ეგ არის, დღევანდელ ხმაურიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტელიგენციის მოკრძალებული ხმა სრულებით აღარ ისმის.
XS
SM
MD
LG