Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზი სეპარატისტები გაეროში აფხაზეთის საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან


როგორც ადრე ვიუწყებოდით, 4 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხომაზე აფხაზეთის საკითხის განხილვა, რუსეთის ძალისხმევის შედეგად,

ჩაიშალა და ხელახალი მოსმენა 19 ნოემბრისთვის დაიგეგმა. უშიშროების საბჭოს უნდა შეეთანხმებინა განცხადების ტექსტი, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის მხარეებს ბოდენის დოკუმენტის განხილვის დაჩქარებას დაავალდებულებდა. რუსეთის მხარე განხილვის პროცესში აფხაზ სეპარატისტთა ჩართვის ინიციატივით გამოვიდა, რაც ოფიციალურმა თბილისმა მკაცრად გააპროტესტა, თუმცა, მოსკოვის მხარდაჭერით, გაეროში აფხაზ სეპარატისტთა გამოსვლა მაინცაა მოსალოდნელი. უშიშროების საბჭოს სხდომაზე ქართველებთან კამათისთვის სოხუმში უკვე მოემზადნენ.

საქართველოში დამოუკიდებელ ექსპერტთა ნაწილი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობისას ეკონომიკურ ინტერესებს მიანიჭებს პრიორიტეტს და არა სამხედრო-პოლიტიკურს, რაც აფხაზ სეპარატისტთა დაუკითხავად აფხაზეთის კონფლიქტის მოლაპარაკებათა მაგიდასთან მოგვარების პერსპექტივას ქმნის. ეს რომ ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია, გასულმა კვირამ ნათლად აჩვენა.

13 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში ვალერი ლოშინინმა ღიად დაუჭირა მხარი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერების ინიციატივას გაეროს უშიშროების საბჭოზე მოხსენებით გამოსვლის შესახებ. ოფიციალური თბილისი პროტესტს აცხადებს მოსკოვის ასეთი პოზიციის გამო, მაგრამ ამით ჯერჯერობით ბევრი არაფერი შეცვლილა. აფხაზ სეპარატისტებს იმედი აქვთ, რომ უშიშროების საბჭოზე მათ მოსაზრებებს მოისმენენ. სოხუმის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ქართველ ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბარში განაცხადა:
[შამბას ხმა] „ ჩვენი აზრით, მიზანშეწონილი იქნება მოუსმინონ კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარეს. თუ ვინმეს ეშინია, რომ ჩვენ ჩვენს პოზიციას გამოვთქვამთ, ეს სხვა საქმეა. ობიექტური შეფასებისთვის კი, რა თქმა უნდა, აუცილებელია ორივე მხარის მოსმენა. ჩვენ ასეთი მიმართვა გავაკეთეთ. ჩვენ თუ მიგვიწვევენ მოსასმენად, სიამოვნებით გავაკეთებთ ამას. თუ არ მიგვიწვევენ, მაინც არაფერი შეიცვლება. ჩვენს პოზიციაში, ჩვენს ინტერესებში არსებითად არაფერი შეიცვლება იმის გამო, რომ გაეროში არ მოგვცემენ გამოსვლის საშუალებას ან იმის გამო, რომ გაეროში სიტყვით გამოვიდეთ. ეს არ იმოქმედებს ჩვენს ინტერესებზე.“

შამბას ასეთი თავდაჯერებულობა სწორედ რუსეთის აქტიური მხარდაჭერითა და ქართული მხარის სისუსტითაა გამოწვეული. ამ გარემოებათა წყალობითაა ისიც, რომ სოხუმი უარს აცხადებს გაეროს მიერ შეთავაზებული უფლებამოსილებათა გამიჯვნის პროექტი განიხილოს. ოფიციალური თბილისი საპროტესტო მწვავე განცხადებებს თითქმის ყოველდღე აკეთებს, თუმცა მის უკან რეალური ძალა არ დგას, ის ძალა, რომელიც თბილისის საპროტესტო სიტყვებს ანგარიშგასაწევს გახდიდა. ამ სისუსტეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გულისტკივილით აღიარებს.

[ბურჯანაძის ხმა] „ის, რომ ჩვენ აფხაზები ახლა არც გველაპარაკებიან, ლაპარაკის ღირსადაც არ გვთლიან რეალურად და იმდენად არიან თავგასულები, რომ ჩვენ კი არა, გაეროსაც არ ელაპარაკებიან, იმის ბრალია, რომ ჩვენ ელემენტარული ძალა არა გვაქვს. რომ არსებობდეს იმის საფრთხე, რომ დღეს თუ აფხაზეთი ჩვენ კონსტრუქციულად არ დაგველაპარაკება, ხვალ მოთმინებადაკარგული ქართული ჯარი შევა და 2 დღეში გადაწყვეტს ამ პრობლემას, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური დარეგულირება მოვიდოდა ბევრად უფრო მალე.“

ამ პრობლემის გარდა, ქართულ მხარეს გადასაწყვეტი აქვს სხვა პრობლემებიც, რომელთა არსებობა სეპარატისტებსა და რუსულ მხარეს მომგებიან პოზიციაში აყენებს. კერძოდ კი, საქართველოს ხელისუფლებაში აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესის ირგვლივ არსებული უთანხმოება სეპარატისტებს საშუალებას აძლევს თბილისის იურისდიქციის ქვეშ მყოფი კოდორის ხეობიდან სამხედრო ნაწილების გაყვანისა და შეიარაღების გატანის საკითხი დააყენონ, არათუ ბოდენის დოკუმენტის განხილვის, არამედ, საერთოდ, მოლაპარაკებათა განახლების წინაპირობად.

სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებს სწორედ იმისთვის უნდათ გაეროში სიტყვით გამოსვლა, რომ კოდორის ხეობის დაცვას ქართული მხარის მიერ ომისათვის მზადება დაარქვან და საქართველოს ხელისუფლების შიგნით არსებული უთანხმოება თბილისის არაკონსტრუქციულობად გაასაღონ. ამასვე ადასტურებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის პრესმდივნის ცოტნე ბაკურიას სიტყვები.

[ბაკურიას ხმა] „მოლაპარაკებები უნდა წარმოებდეს ერთ სახელმწიფო ენაზე და არ შეიძლება სახელმწიფოს გააჩნდეს სხვადასხვა ენა ამდაგვარი მოლაპარაკებების წარმოებისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე, რომელთანაც თქვენ აწარმოებთ მოლაპარაკებას, იბნევა და ხდება დეზორიენტაცია.“[სტილი დაცულია]

თუმცა კი აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით თავად აჭარის ლიდერის, ასლან აბაშიძის, დამოუკიდებელი ნაბიჯები ქმნის ისეთ ვითარებას, რომელსაც აფხაზი სეპარატისტები და რუსეთი აქტიურად იყენებენ. ცოტნე ბაკურია ფიქრობს, რომ პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ასლან აბაშიძე სულაც არაა ვალდებული ყველა ნაბიჯი ცენტრალურ ხელისუფლებას შეუთანხმოს; მისი აზრით, ყველაფერი პირიქით უნდა ხდებოდეს.

ასლან აბაშიძე 13 ნოემბერს დაბრუნდა მოსკოვიდან, სადაც ვალერი ლოშინინთან აფხაზეთის საკითხებზე მოილაპარაკეს და, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საინტერესო შედეგებსაც მიაღწიეს, თუმცა კონკრეტულად რას, არავინ იცის.

ასეთი შიდაპოლიტიკური უთანხმოება და სამხედრო სისუსტეები აფხაზ სეპარატისტებსა და რუსეთს ეფექტურ საშუალებას აძლევს საიმისოდ, რომ დაბლოკონ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების გაეროს მიერ აღიარებული პროექტი - ბოდენის დოკუმენტი.
XS
SM
MD
LG