Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტარობასთან სხვა არჩევითი თანამდებობის შეუთავსებლობის საკითხის განხილვა ახალი დესტაბილიზაციის საფრთხე ხდება


გარდა ქვეყნის ტერიტორიული მოწყობისა, საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ არც დეპუტატობასთან სხვა არჩევითი თანამდებობის შეუთავსებლობის საკითხს განსაზღრავს.

ამ კონსტიტუციური ხარვეზის გამოსწორების მცდელობა, კერძოდ კი, თბილისის საკრებულოში მოხვედრილი "გაერთიანებული დემოკრატების" სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხის განხილვა, ხუთშაბათს მუშტი-კრივით დასრულდა. 15 ნოემბერს პარლამენტარები შედარებით დამცხრალნი იყვნენ, თუმცა სადავო საკითხზე საერთო აზრის გამოტანა კვლავ არ მოხერხდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შეთავსება საქართველოს პარლამენტში არცთუ იშვიათი მოვლენა გახლავთ. ასე რომ, თუ დეპუტატები ბოლომდე პრინციპულად მიუდგებიან მათი კოლეგების მიერ კანონის დარღვევას, მაშინ ამან, შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანოს შიგნით სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.


საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 23 დეპუტატი მაინც იმყოფება, რომელთა მიმართ, სხვა თანამდებობის შეთავსების გამო, შესაძლებელია, დადგეს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ზოგი საკანონმდებლო მოღვაწეობას უთავსებს სამეწარმეო საქმიანობას, ზოგი სხვა არჩევითი ორგანოს ხელმძღვანელია, სხვებს კი - მაგალითად, დეპუტატებს აფხაზეთიდან - უფლებამოსილება მეათე წელია უნარჩუნდებათ არჩევნებში მონაწილეობის გარეშე, რაც, ალბათ, უპრეცედენტო ფაქტია მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში.

მაგრამ შეუთავსებლობის პრინციპის დარღვევის გამო პარლამენტართათვის უფლებამოსილების შეჩერება დღის წესრიგში აქტიურად მას შემდეგ დადგა, რაც თბილისის საკრებულოს პირველ სხდომაზე პარტია "გაერთიანებული დემოკრატების" სიით გასულმა სამმა დეპუტატმა - გია ბარამიძემ, ელდარ შენგელაიამ და ელენე თევდორაძემ - საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო და მხარი მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას დაუჭირა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტში ამ საკითხის გატანას და აჟიოტაჟის ატეხას ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატების" წევრი ვასილ მაღლაფერიძე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად და პარლამენტის დისკრედიტაციად მიიჩნევს.

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] "ვის სჭირდება ეს? ეს სჭირდება დღევანდელ პრეზიდენტს, რომელსაც ყელზე ადგას ეს პარლამენტი, რომელიც ახლა ცდილობს, რომ მოახდინოს პარლამენტის დისკრედიტაცია და განიმტკიცოს თავისი ხელისუფლება ამ გზით."

თუმცა პარლამენტართა ერთ ნაწილს - მათ შორის, ვალერი გელბახიანს "აღორძინებიდან" და სოციალისტ ზაქარია ქუცნაშვილს - მიაჩნია, რომ დეპუტატებმა დაარღვიეს კანონი და ისინი უნდა დაისაჯონ. “გაერთიანებული დემოკრატების” სამი დეპუტატის ასეთ საქციელში კანონის დარღვევას ხედავს დეპუტატი აკაკი ბობოხიძეც, თუმცა მას მიაჩნია, რომ პარლამეტი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მათი სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებით, არამედ საკანონმდებლო ორგანო უნდა გაიწმინდოს იმ პარლამენტარებისგანაც, რომლებიც ასევე არღვევენ შეუთავსებლობის პრინციპს. მაგრამ ეს მოთხოვნა მიუღებელი აღმოჩნდა სხვა ფრაქციების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც შეიძლება ძალიანაც უნდათ "გაერთიანებული დემოკრატების" სამაგალითო დასჯა, მაგრამ არავითარი სურვილი არა აქვთ, რომ წმენდაში მათი თანაფრაქციელებიც მოჰყვნენ.
ამიტომ პარასკევს გაგრძელებულ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასკვნის იმდენნაირი ვარიანტი იქნა წარმოდგენილი, რომ, საბოლოოდ, თავად პარლამენტარები დაიბნენ, თუ რომელი მათგანისთვის ეყარათ კენჭი და, საერთოდ, ღირს თუ არა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანა. რაც არ უნდა იყოს, შეთავსების უფლებით სარგებლობა პარლამენტარებისთვის ერთგვარ შეღავათად იქცა, პრივილეგიებზე უარის თქმა კი ქართველ კანონმდებლებს, ადამიანურად, ყოველთვის ძალიან უჭირთ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG