Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძე ვანო ზოდელავას თანამდებობიდან დათხოვნას არ აპირებს


თბილისის საკრებულოს მიერ გამოცხადებული უნდობლობის მიუხედავად, ვანო ზოდელავა თანამდებობას ინარჩუნებს. დედაქალაქის ახლად არჩეული საკრებულოს კარნახით მოქმედებას რომ არ აპირებს,

ამის შესახებ შევარდნაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ დღეს თბილისის მერისადმი მხარდაჭერა მარტო პრეზიდენტს
არ გამოუხატავს. მერიის შენობის წინ, სადაც რამდენიმე დღით ადრე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა მოზღვავება იყო, ახლა უკვე ზოდელავას მომხრეები შეიკრიბნენ. მერის მხარდასაჭერად მერიაში კულტურის მუშაკთა 7 კაციანი დელეგაციაც გამოცხადდა. ერთი სიტყვით, საკრებულოსა და მერს შორის დაპირისპირება საზოგადოების დონეზე გაფართოვდა. ზოდელავას მომხრეები მათთან სალაპარაკოდ ჩასულ მიხეილ სააკაშვილს არ დაელაპარაკნენ.

მას შემდეგ, რაც დედაქალაქის საკრებულომ ვანო ზოდელავას უნდობლობა გამოუცხადა და პრეზიდენტს მისი თანამდებობიდან გადაყენების წინადადებით მიმართა, თბილისის წარმომადგენლობით და დანიშვნით ორგანოებს შორის დაპირისპირებამ ცოტა უფრო ფართომასშტაბიანი ხასიათი შეიძინა. პრეზიდენტი ზოდელავას თანმადებობიდან დათხოვნაზე უარს ამბობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკრებულოში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები სახელმწიფოს მეთაურის კრიტიკას გაამძაფრებენ – ეს ერთი. მეორე - პრეზიდენტის მხარდაჭერით მადლიერი მერი იტოვებს იმედს, რომ საკრებულოსთან თანამშრომლობას მოახერხებს, საკრებულოს თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ზოდელავასთან თანამშრომლობის რესურსი ამოწურულია, რაც, საკრებულოსა და მერს შორის თანამშრომლობის დაწყების ნაცვლად, მათ შორის კონფრონტაციის გაღრმავებას მოასწავებს. მესამე – დედაქალაქის თავითმმართველობის ორგანოს კანონდარღვევით დამტკიცების მიზეზით, 18 ნოემბერს ზოდელავა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუპირისპირდა და კომისიის მთელი შემადგენლობით გადაყენება მოითხოვა. საინტერესოა, რომ თბილისის მერს ცვნტრალური საარჩევნო კომისიის პრობლემა ახლაღა გაახსენდა.მეოთხე – ბოლო დროს თბილისის მერიის შენობის ბლოკირებას ხან “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ახდენენ, ხან ზოდელავას მხარდამჭერები და, თუ ისინი მერიის შენობასთან ერთდროულად მივლენ, უდავოდ, მძიმე სურათს მივიღებთ.


საგულისხმოა, რომ18 ნოემბერს საკრებულოსა და მერს შორის დაპირისპირებაში ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ, ამჯერად - ზოდელავს მხარეს. ქეთი დოლიძემ, გიგა ლორთქიფანიძემ, მარიამ ლორთქიფანიძემ და სხვებმა ზოდელავას გამოქომაგებით მას კულტურის თანადგომა დაუფასეს; მსგავსი კატეგორიის მხარდამჭერები “ნაციონალურ მოძრაობასაც” უნდა ჰყავდეს, ეს არის, რომ მერიის შენობასთან ისინი ჯერ არ მისულან. მაგრამ დავუბრუნდეთ 18 ნოემბრის მოვლენებს. თბილისის მერიის შენობასთან შეკრებილმა ზოდელავას მხარდამჭერებმა მათთან დასალაპარაკებლად ჩასულ საკრებულოს თავმჯდომარეს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს და შენობაში დაბრუნება “ძირს მიშას” შეძახილებით აიძულეს. სააკაშვილმა მხოლოდ ზოდელავას ერთ-ერთი აქტიური მომხრის კორუმპირებულად და გაქსუებულად შერაცხვა მოასწრო, ამასობაში კი სათქმელი კანცელარიაში ითქვა - ჯერ ტრადიციულ რადიოინტერვიუში, შემდეგ ტრადიციულ ბრიფინგზე. ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ ზოდელავას თბილისის საკეთილდღეოდ ბევრი რამა აქვს გაკეთებული, რომ ის ნინო ჟვანიას ღირსეული შვილია და კიდევ:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი და მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ასეთ რთულ სიტუაციაში, გამოზამთრების საპასუხისმგებლო ეტაპზე, ასეთი გადაწყვეტილების მიღება. რა, პარლამენტი ყევლაფერში მეთანხმება? უნდა ვისწავლოთ დემოკრატიის პორობებში მუშაობა და ცხოვრება.”

შევარდნაძემ ზოდელავას თანამდებობიდან დათხოვნაზე უარი თქვა, თუმცა ნათქვამს დასძინა, რომ მომხრეა საკრებულოს წინადადება ფართო დისკუსიის საგანი გახდეს.
აქვე შეგახსენებთ, რომ უკანონო მშენებლობების აღკვეთისა და დედაქალაქში წესრიგის დამყარებისთვის ზოდელავას 4 თვიანი ვადა აქვს მიცემული, რომ ამასწინანდელ მთავრობის სხდომაზე მას პრეზიდენტმა საკმაოდ მკაცრი გაფრთხილება მისცა.
XS
SM
MD
LG