Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში პიტერ შოუს მისამართით გამოთქმულ ეჭვებს აქარწყლებს


ევროკავშირის ექსპერტის პიტერ შოუს პიროვნებით საქართველოს პროკურატურა მისი გატაცების შემდეგ დაინტერესდა და, როგორც საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობაში ირწმუნებიან,

საეჭვოს ვერაფერს მიაკვლია. ასეა თუ ისე, საქართველოში შოუს საქმიანობის შესახებ დამაეჭვებელ ვერსიებზე საუბარი ქართველმა ჟურნალისტებმა ბრიტანელი ბანკირის გათავისუფლების შემდეგ გაააქტიურეს. ყოფილი მძევლის მიერ საქართველოს უსწრაფესმა დატოვებამ, ამის შემდეგ კი “აგრობიზნეს ბანკის” პრივატიზების საკითხის წინ წამოწევამ შოუს მიმართ ეჭვები გაამძაფრა. საქართველოში ევროკომისიის მისიის ხელმძღვანელმა ტორბენ ჰოლცემ ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრა ამ ეჭვების გაქარწყლების მიზნით გადაწყვიტა.


“ჩვენი წარმომადგენლობა მიესალმება პრესის, დემოკრატიის ამ უმნიშვნელოვანესი იარაღის, თავისუფლებას, მაგრამ ის ეჭვები, რომლებიც პიტერ შოუსთან დაკავშირებით ქართულ პრესაში გამოითქვა, უადგილოდ გამოიყურება,“- ნათქვამია საქართველოში ევროკომისიის მისიის მიერ 19 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. ამავე განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ პიტერ შოუს გატაცებასთან დაკავშირებით ევროკომისიის არც ერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია განცხადება საქართველოში ევროკავშირის კრედიტების შეჩერების თაობაზე და რომ ქართველი ჟურნალისტები ამ თემაზეც უსაფუძვლოდ საუბრობდნენ. აქვე შეგახსენებთ იმ დამაეჭვებელ ვერსიებს, რომლებიც პიტერ შოუს გათავისუფლების შემდეგ გავრცელდა.

ქართულ პრესაში აღინიშნა, რომ გათავისუფლებული ბრიტანელი ბანკირის გარეგნობა წინააღმდეგობაში მოდიოდა მის განმარტებასთან, რომ გამტაცებლები უმძიმეს პირობებში ამყოფებდნენ. ქართველმა ჟურნალისტებმა ეჭვი შეიტანეს შოუს გათავისუფლების ოპერაციის ოფიციალურ ვერსიაშიც, რადგან მათთვის ბუნდოვანი დარჩა, შოუმ საკუთარი ინიციატივით დააღწია თავი მძევლობას თუ ის სამართალდამცავების ოპერაციის წყალობით გათავისუფლდა. ამას გარდა, ახალი ინტენსივობით დაიწყო საუბარი ბრიტანელი ბანკირის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ, კერძოდ, გაკოტრებულ ბანკებზე და სასამართლო დავებზე, რომლებზეც შოუ ერთ-ერთი მხარის როლს ასრულებდა და, კიდევ, შოუს ისტორიაში ინტრიგა საქართველოდან მისმა უსწრაფესმა გაუჩინარებამაც შეიტანა. ამას დაემატა “აგრობიზნეს ბანკის” პრივატიზების საკითხის წინ წამოწევა. მას პიტერ შოუს სახელი დაუკავშირდა იმის გამო, რომ შოუ ამ ბანკის დირექტორი იყო. “აგრობიზნეს ბანკი” იმ ამოღებული თანხებით დაარსდა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირის სასურსათო პროგრამის ფარგლებში გაიცა. სასურსათო პროგრამასაც პიტერ შოუ ხელმძღვანელობდა. ერთი სიტყვით, შოუს გატაცების მიზეზად საქართველოში მისი “საეჭვო” საქმიანობა დასახელდა, თუმცა, როგორც ევროკომისიის მისიის ხელმძღვანელი ტორბენ ჰოლცე ამბობს, შოუს საქმიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

[ტორბერ ჰოლცეს ხმა] “ შოუს საქმიანობით პროკურატურა მისი გატაცების შემდეგ დაინტერესდა და გაარკვია, რომ პიტერი საქართველოში ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობდა. შემოწმდა მისი საბანკო ანგარიშებიც, მაგრამ ამ ანგარიშებზე სერიოზული თანხების ბრუნვა არ დადასტურდა. არსებობს აუდიტორთა დასკვნები და არ არსებობს რაიმე საბუთი საიმისოდ, რომ შოუს საქმიანობაში ეჭვი შევიტანოთ. მე როგორც ვიცი, ასეთი საბუთი არც საქართველოს მთავრობას გააჩნია. შესაძლოა, ის ჟურნალისტებს ჰქონდეთ.”

რაც შეეხება “აგრობიზნეს ბანკის” პრივატიზებას, ჰოლცეს თქმით, ეჭვის საბაბი არც აქ არსებობს. მისი განმარტებით, დღეისათვის გამოკვეთილია ამ ბანკის პრივატიზების ახალი, მოკლევადიანი, შესაძლებლობა და მიმდინარეობს ამ ვარიანტის შესწავლა, რათა საბოლოო გადაწყვეტილება ბანკის კლიენტებისთვის სასარგებლო იყოს. საქართველოში ევროკომისიის მისიის ხელმძღვანელმა ქართველ ჟურნალისტებს ისიც აცნობა, რომ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება შოუს დასაკითხად საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლების ინგლისში გამგზავრების შესახებ.
XS
SM
MD
LG