Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო არჩევნები ავსტრიაში


ავსტრიაში კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა კანცლერ ვოლფგანგ შიუსელის კონსერვატულმა სახალხო პარტიამ.

ამავე დროს, სასტიკი მარცხი იწვნია სამთავრობო კოალიციაში შემავალმა ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიამ, რომლის ლიდერად მემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსი იორგ ჰაიდერი ითვლება. ოპოზიციონერი სოციალ-დემოკრატები, რომლებსაც ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე ყველაზე ხშირად ეძლეოდათ მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, ამჯერად მეორე შედეგს დასჯერდნენ და პირველობა, როგორც უკვე მოგახსენეთ, სახალხო პარტიას დაუთმეს.

სახალხო პარტიის ლიდერსა და ფედერალურ კანცლერს, ვოლფგანგ შიუსელს, სიხარული არ დაუმალავს. არც არის გასაკვირი: მის პარტიას, ბევრისთვის მოულოდნელად, მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 42,3-მა პროცენტმა.

[ვოლფგანგ შიუსელის ხმა] "შესანიშნავია! ბრწყინვალე შედეგია! ეს იყო ნდობის არნახული ტალღა, რომელმაც გამარჯვება მოგვიტანა. თვით შედეგი, გულახდილად გეტყვით, მოულოდნელი იყო; მაგრამ, ამავე დროს, საბედნიეროდ, სრულიად მკაფიოც. ანუ, არავის შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს იმის თაობაზე, როგორი მმართველობა სურთ ავსტრიელებს, ან იმაზე, თუ ვინ გაუძღვება ქვეყანას. ეს ჩვენთვის დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს."

2000 წელს გამართულ არჩევნებთან შედარებით სახალხო პარტიამ 15 პროცენტზე მეტით გაიუმჯობესა შედეგი და ახლა დამარცხებულ პარტიებთან მოლაპარაკებას აწარმოებს სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე.

დამარცხებული სამი ძირითადი პარტიიდან ორმა (სოციალ-დემოკრატებმა და მწვანეებმა) პროცენტულად, მართალია, წინა არჩევნებზე უკეთესი შედეგი აჩვენა, მაგრამ სულაც არ არის გამორიცხული, ერთსაც და მეორესაც ისევ ოპოზიციონერთა როლში ყოფნა მოუხდეთ.

იქნებ პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ კვირას ჩატარებული არჩევნების მთავარი დამარცხებული – ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტია – შესაძლოა, ისევ მთავრობაში ვიხილოთ. საქმე ის გახლავთ, რომ სახალხო პარტია, ბევრი ექსპერტის აზრით, სწორედ მასთან მოისურვებს კოალიციის შექმნას. არადა, ჰაიდერის თავისუფლების პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა ხმების თითქმის ორი მესამედი დაკარგა და 27 პროცენტის ნაცვლად ამჯერად 10 პროცენტზე ოდნავ მეტი მოაგროვა.

დაბოლოს, მწვანეთა პარტიას, ხმების დაახლოებით 9 პროცენტი ერგო. ის ყველაზე მცირერიცხოვანი საპარლამენტო პარტია იქნება.
XS
SM
MD
LG