Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავ ზღვაში საქართველო საკუთარი სიტყვის თქმას ცდილობს


ამ რამდენიმე დღის წინათ საქართველოს სასაზღვრო დაცვამ დააკავა თურქეთის თევზსაჭერი გემი, რომელიც ცდილობდა, მესაზღვრეებს აფხაზეთისკენ გასხლტომოდა. გამაფრთხილებელი სროლის შემდეგ გემი დააკავეს.

ეს აღმოჩნდა თურქეთის ტრაულერი "შექირ ბაბა", რომელიც თურქეთისა და აფხაზების ერთობლივი საწარმოს "ამლაგურის" შეკვეთას ასრულებდა. საქართველოს სასამართლოს გადაწყვიტილებით, გემი უკანონო თევზჭერისთვის 65 ათასი ლარით, ხოლო საქართველოს სასაზღვრო წყლებში ასევე უკანონო შესვლისთვის, 200 ათასი ლარით დააჯარიმეს. თურქეთის მხარე განაჩენს არ ეთანხმება, ასევე არ იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას აფხაზეთის სეპარატისტიული მთავრობა.

საქართველოს წყლებში მოქმედებს წესი, რომელიც გულისხმობს ფოთში ყველა იმ გემის შემოწმებას, რომელიც აფხაზეთის მიმართულებით მოძრაობს ან, პირიქით, აფხაზეთიდან მოდის. ეს წესი გამუდმებით ირღვევა. ფოთის გვერდის ავლით გემების მოძრაობას საქართველოს მხარე კონტრაბანდას უწოდებს, აფხაზებისთვის კი ეს სასიცოცხლო ხაზია.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი არშბამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "შექირ ბაბას" დაკავებისას საქართველოს მხარის მოქმედება მეკობრეობას წარმოადგენს, რადგან ტრაულერი მოქმედებდა ნეიტრალურ წყლებში, ბიჭვინთის კონცხიდან 38 კილომეტრში.

მაგრამ აი, რას ამბობს სასაზღვრო დაცვის თანამშრომელი გოჩა ვეტრიაკოვი: "თურქეთის გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდა უფლების გარეშე. გემი ოთხი საათის განმავლობაში ვერ დავიმორჩილეთ, ის აფხაზეთისკენ მიილტვოდა და მხოლოდ სროლამ გაჭრა."

ვეტრიაკოვი დასძენს, რომ თურქეთის ქალაქ ტრაბზონის სასაზღვრო დაცვის მეთაურმა ნეჯდეთ გიულერმა სრულიად სამართლიანად მიიჩნია გემის მიმართ წაყენებული ბრალდებები. თვით გიულერი, საქართველოს მოთხოვნით, ინციდენტის დროს შეეცადა, დაკავშირებოდა გემს, მაგრამ უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ გემის ადვოკატის მირიან მათიაშვილის მონაცემებით, გემი მართლაც ნეიტრალურ წყლებში თევზაობდა: ის გაგრასა და სოჭს შორის იმყოფებოდა, როცა ქართველმა მესაზღვრეებმა შენიშნესო.

როგორც გითხარით, გემი დააჯარიმეს. მაგრამ მისი მფლობელი ფირმის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ფათიჰ თურანმა, რომელიც სასამართლოს ესწრებოდა, თქვა, საჭიროების შემთხვევაში, ევროპის საარბიტრაჟო სასამართლოში ვიჩივლებთო.

გემზე არსებული, კონფისცირებული, 6 ტონა თევზი, უკვე დიდი ხანია საქართველოს არმის სამზარეულოში იქნა რეალიზებული.

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ იქ აფხაზური დიასპორა ძლიერია და მისი აქტიურობით, თურქეთს აფხაზებთანაც ფართო ვაჭრობა აქვს გაჩაღებული, რაც კანონს ეწინააღმდეგება. თურქეთი აფხაზეთისგან ყიდულობს თევზს, ხე-ტყეს, ქვანახშირს. თურქეთის ზოგიერთი ფირმა ორივე მხარესთან შესანიშნავად ახერხებს პარტნიორობას. ერთხელ აფხაზებმა დააკავეს თურქეთის ტრაულერი, რომელსაც ხელშეკრულება ჰქონდა ქართულ ფირმასთან. დააკავეს და გაუშვეს და მალევე ამავე გემთან თვითონაც გააფორმეს თანამშრომლობის შეთანხმება.

აფხაზეთის თევსაჭერი ფირმა "აფხაზრიბა" გააკოტრა ამ სფეროში ერთობლივი აფხაზურ-თურქული საწარმოს, "ამლაგურის" გააქტიურებამ. სეპარატისტების ლიდერმა ვლადისლავ არძინბამაც ახალ, თურქებთან ერთად შექმნილ ორგანიზაციას დაუჭირა მხარი.

საქართველოს სასაზღვრო წყლებში აკრძალვის შემოღების შემდეგ დაკავებელ იქნა მხოლოდ 22 გემი. ეს ერთობ მცირე რიცხვია იმასთან შედარებით, რაც აფხაზეთის სანაპიროსთან მოძრაობს. უშიშროების სამსახურის თანამშრომლის სერგო ზიბზიბაძის თანახმად, აფხაზეთში თურქეთიდან ორი-სამი გემი ყოველდღე შედის. მისივე ინფორმაციით, ჩეჩნეთის წინა ომის პერიოდში თურქეთიდან, აფხაზეთის გავლით, ჩეჩნეთში მებრძოლები გადაჰყავდათ, გადაჰქონდათ იარაღი და სხვა საქონელი. თუმცა, აფხაზები ამგვარ ცნობებს უარყოფენ. მათი მტკიცებით, აფხაზეთის წყლებში მოძრავი გემები მხოლოდ სავაჭრო დანიშნულებისაა.

თევზჭერის ერთი ასპექტი არ მოსწონთ თვით აფხაზ მეთვალყურეებს. ამ უკმაყოფილების მიზეზია თურქეთის ფირმის დაკვეთით მომუშავე გემების თევზსაჭერი აღჭურვილობა – ტრალი. ტრალის ხმარება მთელს შავ ზღვაში აკრძალულია, რადგან, წვდება რა ფსკერს, ის ძლიერ აზიანებს მას. როგორც ერთი აფხაზი ეკოლოგი ამბობს, ფსკერზე მხოლოდ ქვაღა რჩება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG