Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსალოდნელია თუ არა ''დიდი კაზაკობა'' აფხაზეთში?


"პარლამენტსა და სახელმწიფო ორგანოებში ყოველი სამუშაო დღე აფხაზეთის საკითხის განხილვით უნდა იწყებოდეს." - სამშაბათის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის სპიკერ ნინო ბურჯანაძის

ეს ზოგადი პოსტულატი უმალ იმპერატიულ მითითებად იქნა აღქმული და 4 დეკემბრის საპარლამენტო სხდომა, მთლიანად, აფხაზეთის პრობლემატიკის განხილვას მიეძღვნა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დეპუტატმა ჯემალ გამახარიამ პარლამენტს გააცნო უტყუარი ინფორმაცია ურალში მცხოვრები 5000 კაზაკის აფხაზეთის დაცარიელებულ სოფლებში ჩასახლების გეგმის შესახებ. დეპუტატის თქმით, საქართველოს ანექსიის ახალ მცდელობას ხელმძღვანელობს გადამდგარი რუსი გენერალი შიშკინი, რომელიც კაზაკებს რუსეთის მთელ ტერიტორიაზე აგროვებს.

აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია 1993 წლის შემდეგ აღარ ვრცელდება, მაგრამ შეცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ცენტრალური ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები არ ფლობდნენ გარკვეულ ინფორმაციას სეპარატისტული უმცირესობის მმართველობის ქვეშ დარჩენილი რეგიონის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობა და საპარლამენტო ფრაქცია "აფხაზეთის" დეპუტატები ინფორმაციის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიან. ერთი წლის წინ სწორედ მათ ატეხეს განგაში აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პრივატიზაციისა და ადგილობრივ მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების დარიგების შესახებ. 4 დეკემბერს კი დეპუტატმა ჯემალ გამახარიამ საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთი საგანგაშო ინფორმაცია მიაწოდა.

[ჯემალ გამახარიას ხმა] "ორი დღის წინ მივიღე უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქ ჩელიაბინსკში გადამდგარი გენერალი შიშკინი აგროვებს 5000 კაზაკს იმისათვის, რომ ჩამოასახლოს აფხაზეთში, დაცარიელებულ სოფლებში."

აფხაზეთის ტერიტორიაზე კაზაკთა ჩასახლების გეგმის არსებობა რადიო “თავისუფლებასთან" საუბარში არც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა გამორიცხა. ამასთან, საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი 1992-93 წლებში დარწმუნებულია, რომ ეს სურვილი არახალია და იგი ჯერ კიდევ მაშინ წარმოიშვა, როცა კაზაკთა რაზმები თავგამოდებით იბრძოდნენ სეპარატისტების მხარეზე.
[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "ეს იყო გამოცდილი, ნაომარი ხალხი, სამხედრო მომზადებაგავლილი. და ადრეც იყო, მე მინდა გითხრათ, რამდენიმე წლის წინ, ასეთი იდეა, რომ სტანიცები გაკეთებულიყო, მათ შორის, გალის რაიონში."[სტილი დაცულია]

თუმცა აფხაზეთის ტერიტორიაზე კაზაკთა სტანიცების შექმნის საკმაოდ ხანდაზმული იდეის შესახებ ინფორმაცია არ აღმოაჩნდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. საგარეო უწყება, როგორც მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ განაცხადა, ამჟამად დაკავებულია იმით, რომ ცდილობს დაადგინოს, თუ რა სტატუსით იმყოფება 600 რუსი სამხედრო მოსამსახურე გაუქმებული გუდაუთის ბაზის ტერიტორიაზე.
[მერაბ ანთაძის ხმა] "ეს არის ის რაოდენობა, რომელსაც რუსეთის მხარე აფიქსირებს როგორც სამშვიდობოების პუნქტს, რომელიც მათი როტაციის ან დასვენებისთვის გამოიყენება. თუმცა, როგორც გითხარით, ამაზე ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება."სტილი დაცულია]

რაც შეეხება თავად დევნილობაში მყოფ აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას, იგი დიდი ხანია შეგუებულია აზრს, რომ დიპლომატიური მეთოდებით კონფლიქტის გადაჭრა შეუძლებელია. ასე რომ, კაზაკთა ჩამოსახლების მცდელობა, უდავოდ, კიდევ ერთი არგუმენტი იქნება სტრასბურგში მყოფი თამაზ ნადარეიშვილისთვის, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, შეეცდება ევროსაბჭო აფხაზეთში ძალის გამოყენების აუცილებლობაში დაარწმუნოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG