Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მყარი პოლიტიკური სისტემის როლი სახელმწიფოში


თბილისი საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების გულისგულია. ის, რაც დედაქალაქში ხდება, ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ტენდენციებს ასახავს. 30 ნოემბერს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ჩაშლილი

არჩევნები მკაფიოდ მიუთითებს, რომ საზოგადოება არანაკლებ მძიმე და საშიშ მდგომარეობაშია, ვიდრე ხელისუფლება.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხშირად მოვისმენთ, რომ ადამიანებს მობეზრდათ პოლიტიკა, მობეზრდათ ყოველ საღამოს ტელეეკრანზე დაპირისპირების ცქერა და ურთიერთბრალდებების მოსმენა. ყველაზე მთავარი, რაც თითქმის ნებისმიერ ოჯახს აწუხებს, უმუშევრობა და დაბალი შემოსავლებია. ადამიანებს სჭირდებათ ნორმალური სამსახური, ნორმალური ცხოვრება. მათ აღარ სჭირდებათ პოლიტიკა და, ცხადია, აღარ სჭირდებათ არჩევნები, რომელიც პოლიტიკის ნაწილია.

ასეთი მსჯელობა ბუნებრივიც არის და გასაგებიც. ოღონდ, ცუდი ისაა, რომ საზოგადოებას მანამდე მობეზრდა პოლიტიკა, ვიდრე თავად გახდებოდა პოლიტიკური პროცესის რეალური მონაწილე; ვიდრე “დაქოქავდა” იმ მანქანას, რომლითაც სადღაც, უკეთეს ცხოვრებაში მისვლას აპირებს.

მიხეილ სააკაშვილი ხშირად იმეორებს ფრაზას, რომ ყველა ქვეყანას ეშველა და მხოლოდ საქართველოს საშველი არ არის. პოლიტიკოსები, რომლებიც ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში არიან, ვერ ახერხებენ, რომ საზოგადოებას თვალნათლივ და სისტემურად წარმოუდგინონ, როგორ, რა გზით უნდა შეიცვალოს საერთო მდგომარეობა უკეთესობისკენ. თუმცა ამისთვის დასავლეთის ქვეყნებმა თავის დროზე ერთი და იგივე რეცეპტი გამოიყენეს.

სახელმწიფოს ეკონომიკური სისტემა მისი პოლიტიკური სისტემის ნაყოფია. ასე იყო საბჭოთა კავშირში, ასეა დღევანდელ საქართველოში და ყველგან. რატომ ხდება, რომ საგადასახადო და საბაჟო კოდექსებში ცვლილებები პარლამენტში ხშირად საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომაზე იხილება, ახალ წლამდე ერთი დღით ადრე, ღამის 12 საათზე? იმიტომ, რომ ეს ცვლილებები ხელსაყრელია ვიღაცისთვის და არა ქვეყნისთვის; იმიტომ, რომ ნორმალურ პირობებში განხილვისას ამგვარი ცვლილებები კრიტიკას ვერ გაუძლებს და მომხრეთა საჭირო რაოდენობას ვერ მოაგროვებს. დღესასწაულის წინ კი პარლამენტარებს შინ მიეჩქარებათ და, თუ სხდომის დასასრულებლად პულტზე ხელის დაჭერაა საჭირო, უარს არ ამბობენ. ეს სურათი წლიდან წლამდე მეორდება და კონცენტრირებულად გამოხატავს იმას, რაც ქვეყანაში ხდება: ეკონომიკური წესრიგი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ერთი წვრილი ძაფითაც კი არ უკავშირდება. შედეგი ისაა, რომ ჩვეულებრივ, რიგით ადამიანებს არ უნდათ პოლიტიკა და უნდათ სამსახური, მაგრამ მათ აქვთ პოლიტიკა – დიდი დოზით, სამსახური კი არ გააჩნიათ.

ამ ჯადოსნური წრის გარღვევა მხოლოდ არჩევნებს შეუძლია. დღეს, როდესაც სახელისუფლო პარტია მოსახლეობის ორი პროცენტის მხარდაჭერასაც ვერ აგროვებს, პოლიტიკურ სპექტრს მეტ-ნაკლებად თანაბარი პირობები ექმნება საარჩევნო ბრძოლაში.

პარტიები, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ერთმანეთს გააკონტროლებენ და ეს პროცესი გაყალბების პროცენტს შეამცირებს. მოსახლეობას კი იმის საშუალება მიეცემა, რომ ხელისუფლებაში იხილოს სწორედ ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც თავად აირჩევს. თუ გასულ წლებში არჩევნების ბედი კახა თარგამაძის კაბინეტში წყდებოდა, ახლა შესაძლებელია ხელისუფლებაში აღარც თარგამაძე იყოს და აღარც მისი არჩეული პარლამენტი.

წელს, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, თბილისის საკრებულოში მოხვდნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა. ეს არ ნიშნავს, რომ საკრებულო ნდობას უსათუოდ გაამართლებს. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ თბილისის მოსახლეობას შეუძლია შემდეგ არჩევნებში გამარჯვებულ პარტიებს მათივე საქმიანობა ბუმერანგივით დაუბრუნოს: კიდევ ერთხელ გამოუცხადოს ნდობა მათ, ვინც დაიმსახურებს და აღარ აირჩიოს დანარჩენები.

მყარი პოლიტიკური სისტემა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას მართავდნენ ძალები, რომლებსაც ხალხი აირჩევს და მართავდნენ მანამ, სანამ მათ საზოგადოება ენდობა. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ძალიან შეეცდება, ნდობა გაამართლოს. ვიდრე მოსახლეობა არ იტვირთებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ხელისუფლებაზე, არც ხელისუფლება იგრძნობს პასუხისმგებლობას ხალხსა და ქვეყანაზე.

წლების წინ, როდესაც ჯაბა იოსელიანი ხელისუფლების უმაღლეს ეშელონს წარმოადგენდა, ერთმა ენერგიულმა ქალბატონმა მას ტრადიციული პოლიტიკური შეკითხვით მიმართა: “ბატონო ჯაბა, ვის გავყვეთ?” “ტრამვაის გაჰყევით!” – ასეთი იყო ჯაბა იოსელიანის გულშიჩამწვდომი პასუხი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საზოგადოება დაბეჯითებით ასრულებს ამ მითითებას - გნებავთ, რჩევას - და მიჰყვება ტრამვაის, რომელიც უკან, ავტორიტარული სახელმწიფოსკენ მოძრაობს: ტრამვაის ადგილი სწორედ იქ არის.
XS
SM
MD
LG