Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიეტნამი და ეკონომიკური რეფორმები


სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში ვიეტნამი ერთადერთი ქვეყანაა,

რომლის ეკონომიკამ სტაბილურობა შეინარჩუნა იმ დროს, როცა ამ რეგიონის საფინანსო ბაზრებზე კრიზისი იყო. ვიეტნამი ისე ღრმად და ბრმად არ არის ჩათრეული საერთაშორისო საფინანსო სისტემაში, რომ რაც გარეთ ხდება, ასე, პირდაპირ, მასაც გადაედოს. ამ ქვეყანაში ექსპერიმენტი ტარდება. ვიეტნამს მართავს სულით კომუნისტი, მოსკოვში განათლებამიღებული რეფორმისტი პოლიტიკოსი, რომელიც ფიქრობს, რომ სოციალისტური და კაპიტალისტური სისტემების უპირატესობათა გამოყენება შეიძლება. ვიეტნამი, ჩინეთის მსგავსად, რჩება სახელმწიფოდ, სადაც კომუნისტური პარტია ერთადერთი მმართველი ლეგალური ძალაა და დარჩება ასეთად. რა თქმა უნდა, დაუნდობლად ებრძვიან მათ, ვინც ამ ერთპარტიულობას შეუტევს, ან კიდევ უცხოეთში გაავრცელებს ქვეყნის მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედების შესახებ ინფორმაციას. პოლიტიკურად ვიეტნამი რჩება კომუნისტურ ქვეყნად, მაგრამ ეკონომიკაში, როგორც გითხარით, ნაბიჯებს დგამს თავისუფალი ბაზრისკენ. კომპარტია მიხვდა, რომ უცხოეთის ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის სასარგებლოა. ინვესტორების მიზიდვა ვიეტნამს გუშინ არ დაუწყია. 1986 წლიდან არსებობს განახლების პოლიტიკა, რომელიც “დოი მოის” სახელითაა ცნობილი. მაშინდელი მმართველობა შორს იყო იმ აზრისაგან, რომ სოციალიზმი არ ვარგა, მაგრამ საბჭოთა კავშირის მაგალითზე ისიც დაინახეს, რომ უფულოდ ვერც სოციალიზმი იარსებებს და ვერც სხვა, მეტად თუ ნაკლებად დახვეწილი, სისტემა. მაგრამ ვიეტნამელი კომუნისტები დააფრთხო ჩინეთის ამბებმა 1989 წელს, როცა სტუდენტებმა პეკინში გამოსვლები დაიწყეს და მათ ტანკებით შეუტიეს. ვიეტნამის ხელისუფალთ უკან დახევა ამჯობინეს, მიხვდნენ რა, რომ ქვეყანაში ჩასაფრებულ მშვიდობიან ცვლილებებს ისინი ისევე შეიძლებოდა წაელეკა, როგორც ეს ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში მოხდა. მაგრამ განახლების ქარმა ვიეტნამში მოგვიანებით კიდევ ერთხელ დაბერა და ძველი მიმართულება უკეთ გამოაჩინა. 90-იანი წლების ბოლოს, პრემიერ-მინისტრად ფან ვან ხაის დანიშვნის შემდეგ, ხალხი გამოცოცხლდა, პარლამენტში ღია დებატებიც კი დაიწყო ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. საქმე ისე წავიდა, რომ 2001 წლისთვის ვიეტნამის მთავრობამ თავის ყოფილ საძულველ მტერთან - შეერთებულ შტატებთან - ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ვიეტნამის ომი, რომელსაც თვით ვიეტნამში ამერიკასთან ომი ჰქვია, ჯერ მონელებული არ არის. მონელებული არ არის არა იმიტომ, რომ ხალხს ახსოვს იგი, ან კიდევ სამი მილიონი დაღუპული ვიეტნამელის ხსოვნას პატივს სცემენ. არა. ომის დროს, 1962 წლიდან 1971-მდე, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მიერ გამოყენებული შხამი შეიცავდა ნივთიერებას, რომლის ზემოქმედების გამო დღემდე ყოველწლიურად ათასობით ბავშვი იბადება საზარელი პათოლოგიით, უამრავი ადამიანია დაავადებული ნერვული სენით, ასევე ღვიძლის კიბოთი. ვიეტნამის ხელისუფლება ამ შემთხვევაში გაუგონარ რაციონალურობას იჩენს და ამერიკელებთან ამ სფეროში თანამშრომლობს. გერმანული ჟურნალის, “შპიგელის,” კორესპონდენტს შეკითხვაზე, რატომ არ ცდილობს ვიეტნამი ამერიკის შეერთებულ შტატებს კომპენსაცია მოსთხოვოს ამერიკული ქიმიური იარაღის იმ ურიცხვი მსხვერპლის გამო, ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი ფან ვან ხაი ასე უპასუხებს: ჩვენ სიტყვა კომპენსაციას არ ვხმარობთ, მაგრამ შეერთებული შტატების სულიერი, მორალური და ჰუმანიტარული მოვალეობაა, ვიეტნამს ომის მემკვიდრეობის დაძლევაში დაეხმაროს. პრემიერი ამბობს, რომ შხამის გამოყენება მძიმე ტვირთად აწევს ვიეტნამს და ამ პრობლემით თაობები იქნებიან დაკავებული. იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნების მომავალ ურთიერთობებს არ ვავნოთ, აცხადებს ხაი, საკითხი ამერიკელებთან ისე დავსვით, რომ ორივე მხარისთვის მისაღები ყოფილიყო.
ვიეტნამის არადემოკრატიული ხელისუფლების არსებობა დასავლეთისთვის, იქ ინვესტირებით დაინტერესებულ ფირმებისთვის მხოლოდ უარყოფით მოვლენას არ წარმოადგენს. მაშინ, როცა სხვა მეზობელ ქვეყნებში - ინდონეზიაში, მალაიზიაში, თვით ტაილანდში - ტერორისტები პრობლემებს ქმნიან, რაც იქიდან ინვესტორთა გასვლას იწვევს, ვიეტნამს არავინ ტოვებს. პირიქით, ბოლო წლებში ეკონომიკურმა ზრდამ 7 პროცენტს მიაღწია. ეს ქვეყანა სავსეა ევროპაში განათლებამიღებული სპეციალისტებით. ცნობილია თავის დროზე განსაკუთრებით კარგი ურთიერთკავშირი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, სადაც უამრავი ვიეტნამელი სწავლობდა უმაღლეს სკოლებში. მათთან ერთად ვიეტნამის დღევანდელ ხელისუფლებას იმათი იმედიც აქვს, ვინც თავის დროზე ვიეტნამში ამერიკის ომის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდა და დღეს ისეთი წამყვანი ქვეყნის მთავრობის შემადგენლობაშია, როგორიც გერმანიაა. ამას ადასტურებს ზემოხსენებულ ინტერვიუში ვიეტნამის პრემიერი. საინტერესოა ფან ვან ხაის დამოკიდებულება დასავლური ფასეულობებისადმი. ის ასეთ კომენტარს უკეთებს გერმანელი ჟურნალისტის ნათქვამს, რომ ვაშინგტონი ვიეტნამს ადამიანის უფლებების დარღვევაში სდებს ბრალს; რომ ვიეტნამში, მართლაც, იდევნებიან სხვაგვარად მოაზროვნეები, ვიეტნამი კი იქით ედავება შეერთებულ შტატებს: აშშ-ში ვიეტნამის წინააღმდეგ მიმართულ ტერორს უჭერენ მხარსო. აი, რას ამბობს ხაი: ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, რელიგიის შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს. ჩვენ ამერიკელებთან საკამათოდ მზად ვართ. აშშ-ში არის ტერორისტული ჯგუფები, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა ვიეტნამის მთავრობის დელეგაციაზე თავდასხმისა. პრემიერისთვის ცნობილია ამ ჯგუფის ლიდერის ვინაობა. ხაი ამბობს, რომ ვიეტნამმა ამერიკელებს სთხოვა ამ ჯგუფის მოქმედების აკრძალვა. როგორც ხედავთ, არც ვიეტნამია გამონაკლისი: პოლიტიკა თავისას მოითხოვს, კომერცია - თავისას. ვინ იცის, იქნებ განგებამ ამიტომაც გაყო ვიეტნამში ეს ორი სფერო: პოლიტიკურ ცენტრად დარჩა ჰანოი, კომუნისტური ჩრდილოეთ ვიეტნამის დედაქალაქი; ეკონომიკა კი ყოფილი საიგონიდან, დღეს ჰოშიმინად წოდებული სამხრეთის დედაქალაქიდან, იმართება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG