Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო სამხედრო ბაზების სანაცვლოდ რუსეთს კომპენსაციას სთხოვს


6 დეკემბერს პორტუგალიის ქალაქ პორტოში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მეათე სხდომა გაიხსნა.

საქართველოს დელეგაცია სხდომაზე საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ორი დარჩენილი ბაზის გაყვანის საკითხს დააყენებს. ეუთოს შეხვედრის წინ კი საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ბაზებიდან მიწით სარგებლობის, საკომუნიკაციო და საბაჟო გადასახადების ამოღება უნდა მოხდეს. თუმცა ასეთი დავალება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისთვის, სადაც იმის დადგენაც კი უჭირთ, თუ რა რაოდენობის ვალის დაფარვა უნდა მოსთხოვონ რუსეთის მხარეს.

საქართველოს მიერ რუსეთისვის გადასახდელი ვალის მოცულობა 150 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით კი, 1992 წლიდან 2002 წლის ზაფხულის ჩათვლით, რუსეთმა საქართველოს 704 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს სამხედრო ბაზების სარგებლობაში არსებული მიწის საფასურად, ხოლო საკომუნიკაციო მომსახურებისა და საბაჟო გადასახადების თანხა, დამატებით, კიდევ 6,5 მილიონ დოლარს შეადგენს.

აქედან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია არა მხოლოდ გაქვითოს საკუთარი ვალები, არამედ სოლიდური თანხის გადახდა იქით დააკისროს რუსეთის ხელისუფლებას. მაგრამ ამის გაკეთებას ერთი გარემოება - პოლიტიკური ნების უქონლობა - აბრკოლებს.

აღსანიშნავია, რომ ორმხრივი მოლაპარაკების დროს საქართველოს ხელისუფლებას არც ერთხელ პრინციპულად არ მოუთხოვია, რომ რუსეთმა სახელმწიფო ვალად ცნოს სამხედრო ბაზების მიერ გადაუხდელი გადასახადები. ამის გამო, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ხშირად გაიგონებთ საკმაოდ გაუგებარ პასუხებს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პერსპექტივაში ამ თანხების ამოღება და, საერთოდ, რა სახის გადასახადებს იხდიან საქართველოში მყოფი რუსი სამხედროები.

[ვასიკო გიგოლაშვილის ხმა] "წესით, მათ უნდა გადაიხადონ მიწის გადასახადი, მაგრამ არ ვიცი ეხლა, თუ იყო რაღაც ხელშეკრულება... იყო ლაპარაკი რაღაც ხელშეკრულებაზე, 1994 წელში იყო მგონი დადებული, მაგრამ რატიფიცირებული იყო თუ არა, ეხლაც არ ვიცი. და იქ, მგონი, იყო რაღაც ჩანაწერები, რომელიც გარკვეულ რაღაც შეღავათებს აძლევდა ამ ბაზებს. მაგრამ, წესით და რიგით, მათ უნდა გადაიხადონ ყველა ის გადასახადი, რაც ქვეყანაშია მიღებული." [სტილი დაცულია]

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ვასიკო გიგოლაშვილის განცხადებით, საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში დღემდე ხინჯად რჩება ის ფაქტიც, რომ რუსი სამხედროები ხელფასს რუსულ რუბლებში ღებულობენ, რაც არღვევს ერთიან სავალუტო სივრცეს. აქედან გამომდინარე, პარლამენტის დავალება, რომ სამ თვეში მოხდეს რუსეთის ბაზებთან დაკავშირებული ყველა საფინანსო პრობლემის მოგვარება, ცოტა არარეალურად გამოიყურება. საკითხს მეტისმეტად რთულს უწოდებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა სიორიძეც, რომელმაც ჩვენთან საუბარში, პოლიტიკური შეთანხმების არარსებობის გარდა, ერთგვარ დაბრკოლებად ე.წ. "ნულოვანი ვარიანტიც" ახსენა.

[ზაზა სიორიძის ხმა] "ეს ის საკითხია, რომელიც ჩვენ “ნულოვანი ვარიანტის" მიღების დროს მხედველობაში უნდა მიგვეღო და რატომღაც მაშინ ვერ მოხერხდა. ასე რომ, არავის საქართველოსთვის არ წაურთმევია უფლება, რომ ეს პრეტენზია იქნეს წაყენებული. ეს პრეტენზია არსებობს, ეს ციფრი დადგინდება და ეს პრეტენზია იქნება სერიოზულად დაყენებული რუსეთის მხარის წინაშე."

მეტიც, ზაზა სიორიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს არა მხოლოდ პრეტენზიის წაყენების, არამედ იმის უფლებაც აქვს, რომ რუსეთს ამ ვალის დაფარვა მოსთხოვოს. თუმცა, როგორც ყოველთვის, საკითხი ღიად რჩება მხოლოდ იმ ნაწილში, თუ როდის და ვინ წაუყენებს ამ პრეტენზიებს დიდ "ჩრდილოელ მეზობელს".
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG