Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰყავს თუ არა პატრონი საქართველოს ენერგოსექტორს


6 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოსმენა მეტისმეტად დააყოვნა. არადა, პარლამენტში მისული მინისტრი მთელი დღე ელოდა თავის ჯერს იმისთვის,

რომ მის მიმართ გამოთქმულ სერიოზულ ბრალდებებზე და დეპუტატთა შეკითხვებზე ეპასუხა. შეგახსენებთ: ენერგეტიკული კრიზისის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ჩუბინიშვილმა ენერგეტიკის სექტორში დატაცებულ თანხებზე პასუხისმგებლობა ენრეგეტიკის სექტორის ხელმძღვანელებს დააკისრა. სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოსმენა დღის მიწურულს დაიწყო. დავით მირცხულავამ არ გასცა პასუხი შეკითხვას, ჰყავს თუ არა საქართველოს ენერგოსექტორს პატრონი, და არც დეპუტატებმა გამოიდეს თავი პასუხისმგებელთა საძიებლად. ენერგეტიკის მინისტრის მოსმენას, რომელიც ნახევრად ცარიელ დარბაზში შედგა, არაფერი შეუცვლია.

ენერგეტიკის მინისტრის მიერ უპასუხოდ დატოვებული შეკითხვის პასუხი წლევანდელი ზამთარია. როგორ დაიწყო ის, ყველამ კარგად იცის, მაგრამ მაინც მოვიყვან შეკითხვებს, რომლებითაც დეპუტატებმა პარლამენტში მისულ მინისტრს მიმართეს და რომლებიც, ენერგოკრიზისის თვალსაზრისით, საქართველოს რეგიონებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს.

[დეპუტატების ხმები] “იმ გადახდის პირობებში, რასაც საჩხერის რაიონი აკეთებს, ექნებათ თუ არა იქ დენი და როგორ - უწყვეტად, რაღაც პროგრამით თუ თვეში ერთხელ?”[სტილი დაცულია]

“კვირების განმავლობაში არა აქვთ დენი ოზურგეთის რაიონში. “

“მთავრობის სხდომაზე როცა გამოვიდა სამეგრელოს გუბერნატორი, იმ წუთას დაუბრუნეს პასუხი, რომ ცუდად იხდით და იმიტომ არა გაქვთ ელექტროენერგიაო. სასიცოცხლო ობიექტები ხომ მაინც უნდა მოვამარაგოთ? სტერილიზაციას ვერ ახდენენ საავადმყოფოებში.”


ასე დაიწყო 2002 წლის ზამთარი. არადა, როგორც პრეზიდენტმა ამ რამდენიმე დღის წინ განმარტა, არსებობდა საიმისო რესურსი, რომ ყველაფერი საპირისპიროდ მომხდარიყო.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა]“ ყოველ შემთხვევაში, წლის რესურსი ისეთია, როგორიც არასოდეს ყოფილა, მაგრამ ბევრი რამ იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობენ. ენგურზე 4 ბლოკი უნდა მუშაობდეს და 2 გამოვიდა წყობიდან, რისი თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. მეცხრე ბლოკის საკითხი არ გადაწყვიტეს დროზე. ერთი სიტყვით, აქ სუბიექტური ხასიათის შეცდომები უფრო მეტია. “


სუბიექტური ხასიათის შეცდომებზე პასუხისმგებელი პირები პრეზიდენტს არ მოუკითხავს და არც სათბობ-ენერგეტიკის მინისტრსა და პარლამენტარებს შორის 2 დღიან დებატებს გამოუკვეთია ისინი. ენერგეტიკული კრიზისის მიზეზთა შემსწავლელი საგამოძიებო კომისიისა და კონტროლის პალატის მონაცემებზე დაყრდნობით, დეპუტატ ირაკლი ჩუბინიშვილის მიერ წამოყენებული მძიმე ბრალდებები მირცხულავამ არ მიიღო. ენერგეტიკის სექტორში დატაცებული თანხებისა თუ სომხეთის 4, 4 მილიონიანი ვალის 8 მილიონად გაფორმების გამო დარგის ხელმძღვანელის დადანაშაულება მან უადგილოდ მიიჩნია. პასუხისმგებელთა გამორკვევა მომავალს მიანდო, იმის იმედით, რომ, ადრე თუ გვიან, თავის სათქმელს სასამართლო იტყვის. ეს იყო და ეს. გვიან საღამოს დავით მირცხულავამ თითქმის ცარიელ დარბაზს მისცა განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ არის საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტი:

[დავით მირცხულავას ხმა] “ჩვენ ყოველთვის დეფიციტური ქვეყანა ვიყავით.”

რეგიონებში არსებულ განსაკუთრებით მძიმე ენერგოკრიზისთან დაკავშირებით მინისტრმა თქვა, რომ რეგიონებში ელექტროენერგიის საფასურს ცუდად იხდიან და იქ ბევრი რამ გადასახადების გადახდაზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება ელექტროენერგიის საფასურის კარგად გადამხდელთა პრობლემას:

[დავით მირცხულავას ხმა] “ორშაბათ-სამშაბათს იქნება მეცხრე ბლოკი გაშვებული.”
XS
SM
MD
LG