- ამ საკითხებს შევეხებით დასავლეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში. როგორც გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" აღნიშნავს, ამ დღეებში ერაყის ბედი უნდა გადაწყდეს. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:
"ოთხწლიანი შუალედის შემდეგ გაეროს ექსპერტები ერაყში დაბრუნდნენ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე ამოწმებენ ქარხნებსა და სხვა ობიექტებს, სადაც შესაძლოა აკრძალული იარაღია დამალული, ან მისი წარმოება ხდება. ეს იმედისმომცემი ფაქტი და დამსახურებაა პრეზიდენტ ბუშისა, რომელმაც კატეგორიულად მოითხოვა, რომ ერაყმა განუხრელად შეასრულოს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები. თუმცა თავად ექსპერტებს არ ძალუძთ ერაყის განიარაღება. ამისათვის მათთან, ბაღდადის რეჟიმის აქტიური თანამშრომლობაა საჭირო. ამ კვირის ბოლოს მივიღებთ იმის პირველ დადასტურებას - აპირებს თუ არა სადამ ჰუსეინი გაეროსთან თანამშრომლობას. განიარაღების ექსპერტებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. რაც მთავარია, მათმა საქმიანობამ დაანახა ერაყელ ხალხს, რომ სადამი არც ისე საშიშია, რაც ერაყის პრეზიდენტის ერთ-ერთი სასახლის მოულოდნელმა შემოწმებამ ცხადყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, აღიარებს თუ არა ბაღდადი ქვეყანაში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობას და წარმოადგენს თუ არა ამ იარაღის სრულ ნუსხას".
გერმანიის გაზეთი "ზიუდოიჩე ცაიტუნგი" ექსპერტების აზრს გვაცნობს იმის თაობაზე, თუ რა სამხედრო პოტენციალი შეიძლება გააჩნდეს რეალურად ერაყს. ინფორმაცია ამის შესახებ, საზღვარგარეთ დარჩენილ ერაყელ მოქალაქეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებზე, ან კიდევ საჰაერო დაზვერვის მონაცემებზეა დაფუძნებული. სპეციალისტები სამ ბანაკად არიან გაყოფილი. ერთნი ფიქრობენ, რომ 90-იან წლებში თითქმის მთლიანად იქნა ერაყში ლიკვიდირებული მასობრივი განადგურების იარაღი.
სხვები ვარაუდობენ, რომ ბაღდადს კვლავაც შემორჩა სკადის ტიპის 20-ე სარაკეტო დანადგარი, რომლებითაც ქიმიური ან ბიოლოგიური ქობინების გატყორცნა შეუძლია. და ბოლოს, ცალკეულ ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ ერაყი მთელი ამ ხნის მანძილზე განაგრძობდა შორ რადიუსში მოქმედი რაკეტების წარმოებას, და ისინი მიწისქვეშა აქვს დამალული, მაშინ როცა გაეროს რეზოლუციის თანახმად ერაყს ეკრძალება ისეთი რაკეტების წარმოება, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს აღემატება.
გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" აზრით, შეერთებული შტატების რეაქცია ერაყის დეკლარაციაზე მისი არენალის შესახებ, დაგვანახებს, ვინ აღმოჩნდება უფრო გავლენიანი თეთრი სახლის ადმინისტრაციაში - მკაცრი კურსის მომხრე ვიცე-პრეზიდენტი ჩეინი და თავდაცვის მინისტრი რამსფელდი, თუ შედარებით ზომიერი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი. გაზეთი წერს:
"უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული გასულ თვეს ნათქვამია, რომ ხსენებული დეკლარაცია გამოცდა უნდა გახდეს ერაყისთვის, და რომ ყალბი ინფორმაციის შემთხვევაში ბაღდადი, ნაკისრ ვალდებულებებს დაარღვევს. მაგრამ, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ცალკეულ წევრებს მიაჩნიათ, რომ დეკლარაცია ვერ გახდება დაუყოვნებლივი ომის საბაბი, ვინაიდან ორშაბათს ამ დოკუმენტს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ-ქვეყნებს გადასცემენ, ხოლო ამის შემდეგ იგი, ექსპერტებმა უნდა განიხილონ, რისთვისაც სულ ცოტა ერთი კვირა გახდება საჭირო."
ბრიტანეთის საგარეო საქმთა სამინისტრომ ამ დღეებში გამოაქვეყნა 23-გვერდიანი საანგარიშო მოხსენება, რომელიც მრავლად მოყვანილი ფაქტების საფუძველზე ადამიანის უფლებათა მასობრივსა და სისტემატურ დარღვევაში ადანაშაულებს ერაყის პრეზიდენტს სადამ ჰუსეინს. და ამასთან დაკავშირებით გაზეთი "ინდეპენდენტი" სვამს შეკითხვას - თუკი ასეთი ურჩხულია სადამი, მაშ რატომღა ვვაჭრობდით ჩვენ, ადრე მასთან და იარაღსაც ვაწვდიდით? სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:
"არა გვაქვს არანაირი საფუძველი დაეჭვებისა იმაში, რომ თვითმხილველთა ცნობები თვალების დათხრის, ელექტროშოკისა თუ მჟავიან აბაზანაში წამების შესახებ, რასაც ერაყის რეჟიმი სჩადის, სინამდვილეს შეესაბამება. არც ისაა საეჭვო, რომ სადამის დამხობა სასიკეთო იქნებოდა ერაყელი ხალხისა და მთელი ახლო აღმოსავლეთისთვისაც. მაგრამ გაუგებარი ისაა, რატომ უჭერდნენ ესოდენ აქტიურად მხარს ამ ურჩხულს შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი 80-იან წლებში, როცა ერაყი ირანს ეომებოდა? იმის მტკიცება, რომ მაშინ ირანი მეტ საფრთხეს უქმნიდა დასავლეთს, უსაფუძვლოა. ამჯერად, ბრიტანეთის საგარეო უწყების მოხსენებაში ჩართულია კადრები, რომლებზედაც ქიმიური იარაღის შედეგად 1988 წელს დახოცილი ქურთებია გამოსახული. მაშ, რატომღა არ გამოეხმაურა მაშინ ამ ბარბაროსობას დასავლეთი? თუმცაღა დღესაც, როცა აქტიური კამპანია აქვს გაჩაღებული სადამის წინააღმდეგ, დასავლეთი ადამიანის უფლებათა დარღვევებს ჰპატიობს თავის ეგრედ წოდებულ "მეგობრებსა" და სტრატეგიულ პარტნიორებს".
აჰმედ ზაკაევი სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს მოსკოვს, წერს გერმანიის გაზეთი "ველტი" და დასძენს, რომ კოპენჰაგენში ხუთი კვირის წინათ დაპატიმრებულმა ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერმა აჰმედ ზაკაევმა, მისი გათავისუფლების მეორე დღეს განაცხადა, რომ ჩეჩნეთში საომარ მოქმედებათა შეწყვეტა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაა აუცილებელი. გაზეთი განაგრძობს:
"კრემლის მთავარმა პროპაგანდისტმა სერგეი იასტრჟემბსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი კვლავაც დაჟინებით მოითხოვს ზაკაევის გაცემას, სადაც არ უნდა იყოს იგი. საგულისხმო ისაა, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, იასტრჟემბსკი ზაკაევს მოიხსენიებდა, როგორც პატიოსან ადამიანს, რომელთანაც შეიძლება მოლაპარაკება, და რომელსაც ხელები არა აქვს სისხლში გასვრილი. ზაკაევის გახმაურებულმა ისტორიამ მკვეთრად დაძაბა რუსეთის ურთიერთობა დანიასთან და მთელს ევროკავშირთან. მოსკოვი ტერორისტთა მფარველობაში ადანაშაულებს კოპენჰაგენს და დანიის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოში. აჰმედ ზაკაევი მიესალმა მოსკოვის განზრახვას და განაცხადა, რომ პროცესზე მისი მხარე მრავალად წარმოადგენს ფედერალური ჯარის მიერ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა მიუტევებელი დარღვევის ფაქტებს."
გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" მიესალმება დანიის უარს აჰმედ ზაკაევის გაცემაზე და მიიჩნევს, რომ ამით კოპენჰაგენმა დაანახა მთელს მსოფლიოს,
რაოდენ უსაფუძვლოა მოსკოვის მცდელობა -საერთაშორისო ტერორიზმს დაუკავშიროს ჩეჩნეთის კონფლიქტი. ხოლო გაზეთი "უოლ სტრიტ ჯორნალი", ზაკაევის გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ კრემლი ყველა ღონეს ხმარობს ჩეჩენი ლიდერის შესაპყრობად.
გაზეთი წერს:
"სულ რამდენიმე თვის წინათ, ბატონ ზაკაევს კრემლი მოიხსენიებდა სანდო პარტნიორად, რომელთანაც შეიძლება მოლაპარაკება. მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა არა დიპლომატიური, არამედ სამხედრო ძალის გამოყენებით გადაწყვიტა ამ უაზრო, სისხლიანი ომის დამთავრება ჩეჩნეთში. ოქტომბრის დამლევს მძევლების აყვანამ მოსკოვის თეატრალურ ცენტრში, რასაც უზარმაზარი მსხვერპლი მოჰყვა, კიდევ უფრო აგრესიული გახადა კრემლის პოზიცია: ბატონი ზაკაევი და სხვა ზომიერი ჩეჩენი ლიდერები, ყველასათვის მოულოდნელად, "ტერორისტები" გახდნენ. დანია არ შეუშინდა პოლიტიკურ ზეწოლას რუსეთის მხრიდან და უარი თქვა აჰმედ ზაკაევის გაცემაზე. არ უღალატეს რა ევროპულ ტრადიციებს, დანიელებმა ამით, კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რამდენად შორსაა დღევანდელი რუსეთი კანონის უზენაესობისაგან".
საფრანგეთის გაზეთი "მონდი" სინანულით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ მშვიდობის დამყარება ჩეჩნეთში, კვლავაც ილუზიად რჩება. მოსკოვში მძევლების აყვანიდან ერთი თვის შემდეგ, აღნიშნავს გაზეთი, ომის მომხრე პოლიტიკოსებმა საბოლოოდ გამორიცხეს სამშვიდობო მოლაპარაკებათა დაწყების ყოველგვარი შესაძლებლობა. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:
"მოსკოვი კატეგორიული წინააღმდეგია ჩეჩენ მეამბოხეებთან მოლაპარაკებისა, სამაგიეროდ მომავალი წლის მარტში რეფერენდუმის მოწყობას აპირებს ჩეჩნეთის კონსტიტუციის მისაღებად. ეს სცენარი ერთ წელზე მეტია მზადდება ევროპის საბჭოს ექსპერტთა დახმარებით, რომლებმაც ირწმუნეს მოსკოვის მტკიცება ჩეჩნეთში ვითარების სტაბილიზაციის შესახებ. თუმცა ამ ზაფხულს, სამწლიანი ომის შემდეგ, მეამბოხეთა თავდასხმებმა სამხედროებზე, კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო. შემოდგომაზე, თავად ჩეჩნეთის პრომოსკოურ ადმინისტრაციაში ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ომის ფონზე შეუძლებელია რეფერენდუმის მოწყობა. მაგრამ ამის შემდეგ ჩეჩნეთში ჩატარდა აღწერა, რომლის შედეგები - განმაცვიფრებელი აღმოჩნდა - მოსახლეობის რიცხვი, დღეს, ჩეჩნეთში, თურმე უფრო მეტია, ვიდრე ორ ომამდე იყო."
ქალაქ ბოსტონის ყოველდღიური გაზეთი "ქრისჩიენ საიანს მონიტორი" აღშფოთებას არ მალავს იმის გამო, რომ რუსეთის უშიშროების უწყების თანამშრომლები, ინგუშეთში გახიზნულ ათასობით ჩეჩენ ლტოლვილს იძულებით აბრუნებენ სამშობლოში, სადაც ომი მძვინვარებს. ორშაბათს წყლის, დენისა და ყლველგვარი სურსათის მიწოდება შეუწყვიტეს ლტოლვილთა ბანაკს აკი-იურტში, და ათასზე მეტ ადამიანს, ძირითადად ქალებსა და ბავშვებს ისღა დარჩენოდათ, სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. ხმები იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას ლტოლვილთა გაძევება აქვს განზრახული კარგა ხანია გავრცელდა, თუმცა ახლა, ეს, რეალობა ხდება - ამბობს რუსეთის, ადამიანის უფლებათა ოფიციალური კომისიის წევრი სვეტლანა განუშკინა.
"რუსეთის ხელისუფლება კარგა ხანია ამტკიცებს, რომ ლტოლვილთა ბანაკებში ჩეჩენი მეამბოხეები და მათი მომხრეები იმალებიან. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ შეტყობინება მიიღო მოსკოვისაგან იმის შესახებ, რომ ინგუშეთში მყოფი ლტოლვილები, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარის ნება-სურვილით ბრუნდებიან სამშობლოში. თუმცა მეორე დღეს, თავად კრემლის რწმუნებულმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ოლეგ მირონოვმა, პრესკონფერენციაზე მოსკოვში განაცხადა, რომ ჩეჩენი ლტოვილების გაძევება ინგუშეთიდან ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე მიუტევებელი დარღვევა იქნება რუსეთის ისტორიაში."