Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იმუქრებიან გაფიცვით კოდორის ხეობის მასწავლებლები


აფხაზეთში, კოდორის ხეობაში, მოქმედი ქართული სკოლების მასწავლებლები გაფიცვით იმუქრებიან. ამის მიზეზი 3 თვის მანძილზე მიუღებელი ხელფასებია. საკუთარი პრობლემების აფიშირებას

შეუჩვეველი ხეობის ამაყი მოსახლეობა უხელფასობასაც არ გამოამზეურებდა, რომ არა ის საშიშროება, რაც მასწავლებელთა ჯამაგირის გარეშე დატოვებას შეიძლება მოჰყვეს. ფრონტის წინა ხაზზე მყოფ, დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილ, კოდორის მოსახლეობას ხეობაში დარჩენის მოტივაცია სჭირდება. ამ მისიას მოქმედი სკოლები და ჯანდაცვის სისტემა ასრულებს.

კოდორის ხეობაში 3 საშუალო და 7 დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებს. სკოლებში სულ 500-მდე ბავშვი სწავლობს, მათი უმრავლესობა ომის შვილებია. ისინი, საწერ კალამსა და წიგნებთან ერთად, სკოლაში „კალაშნიკოვის“ ავტომატებს დაატარებენ. სხვა მასწავლებლებთან ერთად, ასეთ მოსწავლეებთან ურთიერთობა უხდება კოდორის ხეობის აჟარის საშუალო სკოლის დირექტორს რუსუდან პირველს.
[რუსუდან პირველის ხმა] „14 წლიდან ბიჭები იქ იარაღით დადიოდნენ, იარაღით. ჩვენც არ შევეწინააღმდეგეთ, აქ სიცოცხლეზე იყო ლაპარაკი, გადარჩენაზე მათიც და ჩვენიც, მასწავლებლებისა და ბავშვებისაც.“

დროთა განმავლობაში, თანდათან, მასწავლებელთა ძალისხმევით, სასკოლო ცხოვრების მოწესრიგება მოხერხდა. შეიარაღებულ მოსწავლეთა ნაწილმა სკოლა დაამთავრა და ხეობის დამცველთა რიგებს შეუერთდა. თუმცა კოდორის ხეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არის სხვა უამრავი წინააღმდეგობა, რაც სასწავლო პროცესს დიდად განასხვავებს დანარჩენი საქართველოს განათლების სისტემისგან. მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც კოდორის ხეობის განათლების სისტემის მიმართ სახელმწიფო მამების დამოკიდებულებაა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს კოდორის ხეობის 50-მდე მასწავლებლის 3 თვის ხელფასი მართებს. თბილისში კოდორის ხეობის 3 საშუალო სკოლის დირექტორია ჩამოსული. ისინი უკან დაბრუნებას მანამდე არ აპირებენ, სანამ ხელისუფლება ხეობის სკოლების სახელფასო დავალიანებას არ გაისტუმრებს. ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში ჩხალთის საშუალო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელმა ზოია დევდარიანმა განაცხადა, რომ თავად ხეობაში დარჩენილი მასწავლებლები გაფიცვას აპირებენ.
[ზოია დევდარიანის ხმა] „ერთად ვართ შეკრებილი და ვითხოვთ სამი თვის ხელფასს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლები დაიკეტება, მედპერსონალიც არ იმუშავებს და სკოლები რომ დაიკეტება, მე მგონი, მოსახლეობაც არ გაჩერდება აქ და, რატომ გვიკეთებენ ამას, რატომ?“

მასწავლებლების ასეთი პოზიციის ახსნას ჩემთან საუბრისას რუსუდან პირველი შეეცადა.

[რუსუდან პირველის ხმა] „ადამიანი ყველაფრისგან იღლება, კარგი ცხოვრებისგანაც შეიძლება დაიღალო ადამიანი, თორემ იმ ცხოვრებისაგან? აბა, ბატონი თამაზ ნადარეიშვილი შებრძანდეს, არასოდეს არ ყოფილა დალის ხეობაში. აბა, შევიდეს და სამი თვე იცხოვროს იქ, მაშინ იქნება პრიორიტეტი გახადოს ეს ხელფასები...“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებითა და ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერებით ფინანსდება. მისი ყველა მუხლი წინასწარაა გაწერილი. ავტონომიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ლონდერ ცაავას განცხადებით, ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერი რესპუბლიკის კმაყოფაზე მყოფთა ხელფასებს თითქმის მთლიანად ფარავს.

[ლონდერ ცაავას ხმა] „ფინანსთა სამინისტრო ჩვენ ყოველთვიურად გვაძლევს 386 ათას ლარს და ჩვენ, პრაქტიკულად, ხელფასების პრობლემა არა გვაქვს.
-
ბატონო ლონდერ, მე როგორც შევიტყვე კოდორის ხეობის მასწავლებლების ხელფასებია გაუცემელი 3 თვის, რატომ მოხდა ასე?
-
არ არის ასე. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ კოდორის ხეობა ჩვენთვის არის პრიორიტეტი, პრიორიტეტზე პრიორიტეტი...“

თუმცა ლონდერ ცაავამ ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში მოგვიანებით ისიც აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობას 3 თვის სახელფასო დავალიანება, მართლაც, დაუგროვდა და მისი ნაწილის დაფარვა მხოლოდ პრეზიდენტის ფონდიდან 500 ათასი ლარის გამოყოფის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ლონდერ ცაავა იმასაც აღიარებს, რომ ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანება მომავალი წლის ბიუჯეტის გასასტუმრებელი იქნება.

[ლონდერ ცაავას ხმა] „მაგრამ იმ პერიოდისთვის, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, იმ პერიოდში დავიწყეთ ჩვენ ხელფასების გაცემა და, ასე რომ, იქ ოქტომბერი კოდორის ხეობის დაიფარა, ნოემბერი იქნება, როგორც ყველა, ვერ გავცემთ და დეკემბერი მიიღებს. ასე რომ, კოდორის ხეობა...“ [სტილი დაცულია]

რუსუდან პირველი აცხადებს, რომ მათ მხოლოდ დაპირება მიიღეს ოქტომბრის თვის ხელფასების გასტუმრების თაობაზე. იგი ამბობს, რომ არ სურს პრობლემების შეხსენებით ცენტრალურ ხელისუფლებას ან თუნდაც აფხაზეთის მთავრობას თავი მოაბეზროს. კოდორის ხეობის მასწავლებლები, უბრალოდ, ხეობის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას ითხოვენ.

[რუსუდან პირველის ხმა] „ ჩვენ, ვინც იქ ვართ, ქართულ საქმეს ვემსახურებით, მათ საქმეს ვაკეთებთ იქ. ჩვენ შვილები შევწირეთ, ქმარი, ოჯახი და მაინცდამაინც ყოველდღე უნდა ვიბომბებოდეთ, რომ ხელფასები გამოგვიგზავნონ?“
XS
SM
MD
LG