Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირას კიდევ ერთხელ შეივსო ბოლომდე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა


გასულ კვირას კიდევ ერთხელ შეივსო ბოლომდე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზი – ამჯერად, არა უცხოელი მსახიობის საგასტროლო სპეტაკლზე,

არამედ საბავშვო წარმოდგენაზე: თბილისის კლასიკური გიმნაზიის საბალეტო სტუდიამ ლეო დელიბის “კოპელიას” გამარტივებული დადგმა გვიჩვენა. თუმცა წარმოდგენა რომ გამარტივებული იყო, ამას, ალბათ, მხოლოდ ბალეტის სპეციალისტები და ქორეოგრაფიის განსაკუთრებული თაყვანისმცემლები მიხვდებოდნენ. სპექტაკლის ორგანიზატორებმა, მაკა მახარაძემ და თამაზ ვაშაკიძემ, მთლიანად შეინარჩუნეს კლასიკური საბალეტო სპექტაკლის ხაზები, მოძრაობები, თუმცა პატარა შემსრულებლებს ცხოვრება არ გაურთულეს – აუცილებელი იყო, რომ ბავშვებს ცეკვისგან სიამოვნება მიეღოთ, აუცილებელი იყო დღესასწაულის განცდა სცენაზეც და დარბაზშიც. უნებურად გაგახსენდებოდათ ბათუმის საბავშვო ოპერის სპექტაკლი “ტურანდოტი”, რომელშიც პატარა მსახიობებს საოპერო ჰიტების შესრულება მოუხდათ. იქ საოპერო მუსიკა ესტრადას დაემსგავსა: ჭრელ-ჭრელ კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები მიკროფონების საშუალებით, შეიძლება ითქვას, “ხმას იმაღლებდნენ” და დიდ მომღერლებს ბაძავდნენ. ამიტომ ეს უფრო ოპერის პაროდია იყო, ვიდრე ოპერა, მით უმეტეს, “საბავშვო ოპერა”... “კოპელიაში” ყველაფერი პირიქით მოხდა: ბავშვებმა დელიბის ბალეტი საბავშვო წარმოდგენად გარდაქმნეს – თოჯინებით, ჯადოქრებით და ჯადოქრობით. მართალია, ფონოგრამაზე ცეკვავდნენ (სპექტაკლში გამოყენებულია ლონდონის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის ჩანაწერი), მართალია, კოსტიუმები არ იყო ისეთი “მდიდრული” და ძვირფასი, როგორიც ბათუმელი მომღერლების სპეტაკლში, დელიბის ბალეტის გამარტივებულმა დადგმამ ამ ბავშვებს ბავშვობა შეუნარჩუნა, ე.ი. თავისუფლებაც, რაც, სულ უფრო უცხო ხდება მხატვრული აღზრდის იმ სისტემაში, რომელიც დღეს საქართველოში დამკვიდრდა.

ვუნდერკინდებზე ნადირობა ჩვენში საბჭოთა ეპოქიდან დაინერგა. თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამ პროცესმა ბევრად უფრო მასშტაბური და, ცოტა არ იყოს, ისტერიული ხასიათი მიიღო. შოუბიზნესისთვის სწორედ ბავშვი გახდა სათამაშო, რომელიც თოჯინა ბარბივით შეიძლება ათასნაირად გადააკეთო, იმისდა მიხედვით, თუ რაზე იქნება მოთხოვნილება. ვუნდერკინდებზე ნადირობა ძალიან ხშირად არღვევს თავად ბავშვის უფლებებს, თუმცა ამის შესახებ დღევანდელ საქართველოში, როგორც წესი, არ ლაპარაკობენ. ალბათ, იმიტომ, რომ “ პატარა ვარსკვლავების გაბრწყინების” ვნება, პირველ რიგში, მათი მშობლებიდან მოდის. იმასაც ამბობენ, რომ უნიჭო ბავშვის “ვუნდერკინდად” წარმოჩენა ზოგიერთ მშობელს 30 000 ლარამდე უჯდება.

შოუბიზნესი – საბაზრო ეკონომიკის ღვიძლი შვილია. ამიტომ ამ პროცესის შეჩერება ადმინისტრაციული მეთოდებით თუ საზოგადოებრივი აზრის შექმნით, ცხადია, ვერ მოხერხდება. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ხელოვნურად შექმნილი ვარსკვლავები ძალიან ხშირად ჩრდილავენ ნამდვილ ვარსკვლავებს, ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომელთაც ქართული მედია იშვიათად ახსენებს ხოლმე.

მედიისგან განსხვავებით, საბედნიეროდ, ამ ბავშვების მიმართ გულგრილი კვლავაც არ არის ქართული ხელოვნება, კერძოდ, კინოხელოვნება. ამ დღეებში ახალგაზრდა კინორეჟისორმა ალექსანდრე ქორიძემ დაასრულა თავისი ახალი ფილმი “თამუნა” – ძალიან ლამაზი, კინემატოგრაფიული ენის თვალსაზრისით, უაღრესად დახვეწილი ჩანახატი, რომელიც ახალგაზრდა ქართველ პიანისტ თამუნა შალვაშვილს ეძღვნება. როგორც ჩანს, კონსერვატორიის სტუდენტ თამუნა შალვაშვილის მოღვაწეობა უცხოა ბულვარული პრესისთვის, თორემ უსინათლო გოგონას ფენომენით აუცილებლად დაინტერესდებოდნენ სენსაციის მოყვარულები. მართლაც, საოცარია: პარიზის ბახის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ლაურეატმა თამუნა შალვაშვილმა 7 წლის ასაკში დაკარგა მხედველობა, მაგრამ შეისწავლა ურთულესი პარტიტურები და კონსერვატორიამდე მიაღწია. თამუნას ბიოგრაფია, უდავოდ, დიდი ცდუნებაა კინორეჟისორებისთვისაც, რომლებიც ყოველთვის ჭკუას კარგავდნენ უსინათლო გმირებზე, განსაკუთრებით, უსინათლო ქალიშვილებზე. ასეთი პერსონაჟები აძლიერებდნენ ეფექტს, რომელიც, დაახლოებით, ამგვარად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: “მე მას ვუყურებ, ის კი ვერ მხედავს”, - იმ ეფექტს, რომელიც კინემატოგრაფის სპეციფიკად არის მიჩნეული.

ალექსანდრე ქორიძის წინა, გახმაურებულ ფილმში, რომელსაც “ხმა” ჰქვია, რეჟისორი გვიამბობდა თითქმის სრულიად პარალიზებულ ყმაწვილზე, რომელსაც დაუყოვნებლივ სჭირდება სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამგზავრება. ეს იყო – “ფილმი-შუამავალი” საზოგადოებასა და სურათის პერსონაჟს შორის. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ “თამუნაც” ეგრეთ წოდებული “ჰუმანიტარული კინოს” ჟანრში გადაწყდებოდა. მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. სურათის რეჟისორის თქმით [ალექსანდრე ქორიძის ხმა]: “თამუნა ძალიან ძლიერი პიროვნებაა და საკმარისი დახმარება აქვს ახლო ადამიანებისგან და მე ვერ ვიტყვი, რომ თამუნა არის უბედური, დაჩაგრული გოგო – არავითარ შემთხვევაში... მე მგონი, ფილმში ჩანს კიდეც ეს.”

ფილმში ეს, მართლაც, ჩანს და ესაა ალექსანდრე ქორიძის სურათის ღირსებაც. აქცენტი კეთდება უფრო იმაზე, თუ როგორ ეხმარებიან უსინათლი პიანისტს მეგობრები, პედაგოგები, უფრო სწორად, კი არ ეხმარებიან, არამედ “თანასწორად” აღიქვამენ თამუნას... და აქცენტი კეთდება, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა პიანისტის ნიჭზეც. ამაში ახლა თქვენც დარწმუნდებით, როცა მოუსმენთ, როგორ უკრავს თამუნა შალვაშვილი შოპენს [ჩართვა. მუსიკა]

ადამიანი აუცილებლად დაინტერესდება უსინათლო პიანისტის ფენომენით. როგორ სწავლობს იგი დაკვრას, როგორ კითხულობს ნოტებს. ამ შეკითხვით ჩვენც მივმართეთ თამუნას პირველ პედაგოგს ლალი ბურჯანაძეს, რომელმაც გვიპასუხა

[ლალი ბურჯანაძის ხმა ]: “აბსოლუტურად გაუკვალავი მეთოდებით. აქ მეთოდიკა არ არსებობს, სწავლების მეთოდიკა რასაც ჰქვია... კარნახით ვსწავლობთ ჩვენ. უნდა უკარნახო სათითაოდ ყველა ნოტი, “გრძლიობა” – იქ არის წერტილი, იქ არის პაუზა, იქ არის ლიგა... კარნახის შემდეგ მისი ტვინი (საოცარი მეხსიერების პატრონია ეს ბავშვი) აბსოლუტურად ზუსტად აღიქვამს. ეს იბეჭდება მასში და იქიდან აღარ ამოდის... და გაცილებით უფრო იოლია თამუნასთან მუშაობა, ვიდრე თვალხილულებთან.”

ალექსანდრე ქორიძის ფილმის ნახვის შემდეგ მაყურებელს შეიძლება ეგონოს, რომ თამუნა შალვაშვილს ჩანაწერებს ასმენინებენ, რის შემდეგაც პიანისტი გოგონა კოპირებას მიმართავს. მაგრამ ლალი ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ იგი ამ მეთოდის კატეგორიული წინააღმდეგია:

[ლალი ბურჯანაძის ხმა] მას იმდენად გამძაფრებული მეხსიერება აქვს, რომ შეიძლება კოპირება გააკეთოს სხვისი შესრულების. ამას მე კატეგორიულად ვკრძალავ... თავიდან ჰქონდა სურვილი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ავუხსენი, რა ხიფათის წინაშე შეიძლება დავდგეთ, მომყვებოდა ყველანაირად.”



თამუნა შალვაშვილი “სხვის დაკრულს” რომ იმეორებდეს, იგი, ალბათ, მხოლოდ სატელევიზიო შოუს გმირი გახდებოდა და მეტი არაფერი. მუსიკის სპეციალისტები კი დღეს სწორედ გოგონას უნიკალურ ნიჭზე საუბრობენ. ასე რომ არ იყოს, ახალგაზრდა პიანისტი ვერ მოაჯადოებდა პარიზის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის, რომლის წევრები, ლალი ბურჯანაძის თქმით, თამუნას ხელებს უთვალიერებდნენ.

[ლალი ბურჯანაძის ხმა]: “ჰქონდა ისეთი შეფასება, რომ ის ესაუბრება ღმერთს. ქაღალდს აქ არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა – ჟიურის ერთ-ერთი წევრი ადგა და თქვა, რომ მისი შესრულება იყო ღმერთთან საუბარი.”

ბუნებრივია, რადიო “თავისუფლება” დაინტერესდა, რა იცის თამუნამ იმ ფილმის შესახებ, რომელიც მას მიეძღვნა, დაესწრო თუ არა ახალგაზრდა პიანისტი ალექსანდრე ქორიძის სურათის პრემიერას. ამ კითხვით ჩვენ ფილმის რეჟისორს მივმართეთ:

[ალექსანდრე ქორიძის ხმა] “მე არ ვესწრებოდი ამ პროცესს, სამწუხაროდ. ისე, ძალიან მაინტერესებს პირველი რეაქცია. მერე დამირეკა თამუნამ და მითხრა: “ვნახეთ მეგობრებთან ერთად და ძალიან მოგვეწონა.”
უსინათლო პიანისტმა “ნახა” ფილმი მეგობრებთან ერთად. სიტყვამ “ვნახეთ” პირადად მე ძალიან გამაკვირვა, რაც მაშინვე შემატყო თამუნა შალვაშვილის პედაგოგმა ლალი ბურჯანაძემ და ასე ახსნა ყველაფერი:

[ლალი ბურჯანაძის ხმა] კი, ეს სიტყვა “ვნახეთ” არ არის უხერხული სიტყვა... ვერსალში, როცა მივიდა შადრევანთან და თითებით შეეხო, ყველას უყვებოდა მერე, რა ნახა... ძალიან იშვიათია, როცა პიანისტები პარტიტურას ხედავენ. ის ყველაფერს ხედავს და უკრავს.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG