Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ახალი სტრატეგია და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობის პერსპექტივები


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრაღის სამიტის შემდეგ საქართველოში ნატოსთან დაახლოებისათვის სამზადისი დაიწყო. ალიანსის 5 სტანდარტის დასაკმაყოფილებლად საქართველოს უამრავი

პრობლემისა თუ წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. ერთ-ერთი მათგანი კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებთან ურთიერთობის ნორმალიზებაა, რაც საქართველოში დღემდე გადაუჭრელი მრავალი პრობლემის გასაღებს წარმოადგენს.

სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა, გამორჩეულად კი, საქართველოს ნებისმიერი მცდელობა მჭიდროდ ეთანამშრომლა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, ყოველთვის რუსეთის უკმაყოფილებას იწვევდა. არადა, თავად რუსეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ საქართველოს მედასავლეთე პოლიტიკოსებიც კი გაკვირვებას ვერ ფარავენ.

მიუხედავად ამისა, საქართველოში ჯერაც არ არიან დარწმუნებულები კრემლის კეთილ ზრახვებში და ცდილობენ გაარკვიონ მოსკოვის პოზიცია სამხრეთ კავკასიისა და ნატოს თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამ მიზანს ემსახურება 9 დეკემბერს თბილისში გახსნილი კონფერენცია.

საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად, სომხეთსა და აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური დამოკიდებულების გარდა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაც სჭირდება. სწორედ მოსკოვის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული საქართველოს პრობლემათა მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარება,
რაც ნატოში გასაწევრიანებლად აუცილებელ პირობას წარმოადგენს. კონფერენციაზე გაკეთებულ მოხსენებაში განსაკუთრებით ამაზე გაამახვილა ყურადღება ნატოში საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ:

[დავით დონდუას ხმა ] „ყველა სამხედრო ბაზისა და სამხედრო ობიექტის საქართველოდან გაყვანა ერთ-ერთი წინაპირობაა ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედის, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების, ადაპტირებული ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად.“

ამ ვალდებულების შესრულება რუსეთს ნატოს სამიტმაც შეახსენა დასკვნითი დეკლარაციის მეთხუთმეტე მუხლში. თუმცა მოსკოვს ნაკისრი ვალდებულების შესრულების გაჭიანურებით მაინც შეუძლია ხელი შეუშალოს საქართველოს ნატოსთან დაახლოებას. ამავე მიზნით შეუძლია გამოიყენოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები. დავით დონდუას თქმით:

[დავით დონდუას ხმა] „ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მოგვარებას, ჩვენი კონფლიქტებით არც ერთი ორგანიზაცია არ მიგვიღებს თავის რიგებში. ამიტომაც არის, რომ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი ამოცანა სწორედ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და არსებული კონფლიქტების დროული მოწესრიგებაა.“

დონდუას ამ განცხადებას შეეწინააღმდეგა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე.

[გიორგი ბარამიძის ხმა] „მე ვთვლი, რომ ეს მთლად ასე არ არის. სიტუაცია ისეთია, რომ არ არის პირდაპირი პირობა, ისეთი, რომ თუ საქართველოს ტერიტორიაზე იქნება რუსეთის ბაზები, ან იქნება სეპარატისტული რეგიონები, მაშინ ნატო კატეგორიულად უარს აცხადებს, რომ საქართველო იქნას მიღებული. ეს ასე რომ არ არის, ეს უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ მაშინ, თუ რაიმე მოტივაცია აქვს რუსეთს, რომ ეს პრობლემები არ მოაგვაროს, მაშინ ჩვენ კიდევ დამატებით მოტივაციას ვაძლევთ, რომ არ მოაგვაროს.“[სტილი დაცულია]

ბარამიძის განცხადებას დაეთანხმა მისი ყოფილი თანაპარტიელი, ამჟამად გაეროში საქართველოს ელჩი რევაზ ადამია. მან გაიხსენა ნატოში იმ ქვეყნების მიღების ისტორია, რომელთაც მოუგვარებელი შიდა კონფლიქტები ჰქონდათ. როგორც ჩანს, ქართულ მხარეს ნატოსა და რუსეთთან ურთიერთობის გასარკვევად თავად სჭირდება ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება. ამაში ქართველ პოლიტიკოსებს კონფერენციაზე მოწვეული რუსი, აზერბაიჯანელი, სომეხი პოლიტოლოგები და ნატოს წარმომადგენლები დაეხმარებიან.
XS
SM
MD
LG