Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კონტრაბანდასთან ბრძოლას საინფორმაციო ბანკის შექმნით აპირებენ


ქართული ჩრდილოვანი ეკონომიკის მასაზრდოებელ წყაროს კონტრაბანდა და სხვა სახის ეკონომიკური დანაშაულის დაუსჯელობა წარმოადგენს. ანალოგიური პრობლემა მეტ-ნაკლები სიმწვავით

აწუხებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნებსაც. ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა თბილისში 16 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე ეკონომიკურ დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

[ნიკო ორველაშვილის ხმა] „საქართველოს საპატიო მოქალაქე ქალბატონი ირენ გედევანიშვილი, მოგეხსენებათ, საფრანგეთში ცხოვრობს და ის და მისი მეუღლე პერიოდულად საქართველოში აგზავნიან ხოლმე სხვადასხვა სახის დახმარებას. ძირითადი დახმარება მათი მხრიდან, ეს არის წიგნები. მახსენდება მათი სახე, როგორი გაოგნებული იყვნენ ხოლმე განბაჟების პროცესის გავლის შემდეგ. ეს მაშინ, როცა საქართველოს საპატიო მოქალაქე და მისი ტვირთები საბაჟო ჩხრეკას არ ექვემდებარებიან.“

ეკონომიკის ექსპერტს ნიკო ორველაშვილს ეს ფაქტი იმის თვალსაჩინოებისთვის მოჰყავს, თუ სად და როგორ ეძებენ სახელმწიფო სტრუქტურები ეკონომიკური ხასიათის დანაშაულს.

ეკონომიკურ დანაშაულებათა დასჯის ამჟამინდელი სისტემა თავად უწყობს ხელს ამ ტიპის კანონდარღვევას, რადგან როგორც გამოძიება, ასევე სასამართლო საქმის წარმართვა სულ სხვადასხვა უწყებების პრეროგატივაა. შესაბამისად, თითოეული რგოლი სულაც არაა საქმის ბოლომდე მიყვანით დაინტერესებული და დამნაშავესთან კორუფციულ გარიგებაზე მიდის.

თბილისში გამართული დსთ-ს საგადასახადო ფინანსურ საგამოძიებო სამსახურთა საბჭოს სხდომა საქართველოს საგადასახადო ლეგიონმა თავის სასარგებლოდაც გამოიყენა. უფრო კონკრეტულად კი, ლეგიონმა დსთ-ს ქვეყნების პრაქტიკით საკუთარი უფლებების გაზრდის აუცილებლობა დაასაბუთა.
ლაპარაკია საფინანსო პოლიციის შექმნაზე, რომელსაც საგამოძიებო ორგანოს ფუნქციებიც მიენიჭება.

საქართველოს ხელისუფლებაში კარგა ხანია ამაზე მუშაობენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ცვლილებების განხორციელების წინააღმდეგ გამოდის. ეს გასაგებიცაა, რადგან ამჟამად ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა პოლიციის ფუნქციაა და ამ ფუნქციასთანაა დაკავშირებული უწყებრივ-კორუფციული ინტერესები. ეკონომიკის ექსპერტის ნიკო ორველაშვილის აზრით:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] „საქართველოს, ისევე როგორც სომხეთ-აზერბაიჯანს, დღეს აქვს მეორე პლანის პრობლემა. ეს არის აბსოლუტური დაუცველობა გადამხდელებისა საგადასახადო და საბაჟო ორგანოების ძალადობისაგან.“

ბიზნესმენთა დამცავი მექანიზმების ნაცვლად, საქართველომ დსთ-ს სახელმწიფოთა წარმომადგენლების სტუმრობით ის იხეირა, რომ გადაწყდა ერთიანი საინფორმაციო ბანკის დაარსება. მის ბაზაში თავს მოიყრის დსთ-ს წევრი ქვეყნების საფინანსო ინსპექციათა ცნობები ამა თუ იმ კომპანიის საქმიანობისა თუ კანონდარღვევების შესახებ. საგადასახადო ლეგიონის უფროსის თემურ ძიძიგურის განმარტებით:

[თემურ ძიძიგურის ხმა] „უკვე მიდის ლაპარაკი იმ ტექნიკურ მხარეზე, თუ როგორ მოხდება ერთიანი საინფორმაციო ბანკის მუშაობა. საჭიროების შემთხვევაში, როცა მივმართავთ ამ საინფორმაციო ცენტრს, შევძლებთ, კონკრეტული დაინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტული ინფორმაციის მოპოვებას.“

საქართველოში კონტრაბანდის დიდი ნაწილი მეზობელი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოდის. შესაბამისად, ამ სახელმწიფოთა საგადასახადო ფინანსურ ინსპექციებთან თანამშრომლობა ქართული ეკონომიკის უკურნებელი სენის დაძლევის პერსპექტივის მატარებელია. თუმცა ამ ინიციატივებს დამცავი მექანიზმებიც თან უნდა ახლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორი სრულიც არ უნდა იყოს ესა თუ ის საინფორმაციო რესურსი, მას ქართველი ჩინოვნიკები პირადი კორუფციული ინტერესების რეალიზებისთვის გამოიყენებენ.
XS
SM
MD
LG