Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში პოლიტიკური ორგანიზაცია „დათვი“ დაფუძნდა


საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დღითი დღე იზრდება პოლიტიკურ ორგანიზაციათა რიცხვი. ახლად დაფუძნებული თუ ძველი პარტიების აქტიურობა ჯერჯერობით მხოლოდ პარტიული

ყრილობების მოწყობითა და პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლება. თუმცა, არჩევნების ფინიშის სწორთან მიახლოებასთან ერთად, მათ შორის ურთიერთობის გამწვავებაა მოსალოდნელი. ასეთი ვარაუდის საფუძველს კი ძირითად პოლიტიკურ ძალთა ორიენტაცია იძლევა.

16 დეკემბერს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მეშვიდე კონფერენცია გაიმართა, რომელზეც მისი ლიდერები კიდევ ერთხელ გამოვიდნენ მემარჯვენე-ცენტრისტული ძალების კონსოლიდაციის ინიციატივით. შეგახსენებთ, რომ, ამ პარტიის ძალისხმევით, რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაცია - მათ შორის, „გაერთიანებული დემოკრატები“ და „ახალი მემარჯვენეები“ - ქართული პოლიტიკის კრიმინალიზაციის წინააღმდეგ გაერთიანდა. ახლა კი მათი შეკავშირების მიზეზი - პრეზიდენტ შევარდნაძეზე ტერაქტის განხორციელებისთვის მსჯავრდებული, ხოლო შემდეგ შეწყალებული თემურ ხაჩიშვილი - კონტრშეტევაზე გადავიდა.

[თემურ ხაჩიშვილის ხმა] „ზუსტად იმიტომ, რომ მე და ჩემი თანამოაზრეები პატიოსნები ვართ, მათ ნაძარცვ ქონებას ცხვირიდან ძმრად ვადენთ. ცხვირიდან ძმრად დენაში ვგულისხმობ, რომ ყველა მათი გატანილი კაპიტალი უკლებლივ დაუბრუნდება მოსახლეობას. აქვე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ყველა ეს ადამიანი, ე.წ. დემარშისტები თუ დემოკრატიული ფრონტელები, სინამდვილეში არიან ნაყიდები ბორის ბერეზოვსკის მიერ და ბორის ბერეზოვსკის დავალებით ცდილობენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას და საქართველოში პუტინის და რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად პლაცდარმის შექმნას.“[სტილი დაცულია]

ეს განცხადება თემურ ხაჩიშვილმა 17 დეკემბერს დაფუძნებული, მკვეთრად პრორუსული ორიენტაციის ორგანიზაციის, “დათვის“ თავმჯდომარედ არჩევისას გააკეთა. მისი ნათქვამიდან ნათლად იკვეთება, რომ რუსეთის შიდა პოლიტიკური ბრძოლის არენად შეიძლება საქართველო იქცეს.
ცხადია, რუსეთის ინტერესების დამცველი ის ორგანიზაცია იქნება, რომლის სახელწოდებაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დასაყრდენი პარტიის სახელწოდების, “მედვედის,“ ქართული ვარიანტია. თუმცა თავად ხაჩიშვილი პრორუსულობას უარყოფს, მისი საპროგრამო თეზისები საპირისპიროზე მეტყველებს.
[თემურ ხაჩიშვილის ხმა] „ჩემი, ჩვენი შეხედულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის გარკვევის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან რა ენაზე უნდა ისაუბროს აფხაზმა და ქართველმა ან ქართველმა და ოსმა? ამიტომ ქართულთან ერთად, ვთვლით, რომ ამ რეგიონებში მისაღებია სახელმწიფო ენად რუსული ენა.“[სტილი დაცულია]

კიდევ ერთი პოსტულატი “დათვის“ სამოქმედო გეგმიდან.

[თემურ ხაჩიშვილის ხმა] „თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის ბაზების დაკანონებასთან კავშირშია და ჩვენთვის, ისევე როგორც ყველასთვის, ცნობილია, რომ ეს კავშირი პირდაპირია, საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავაკანონოთ ეს ბაზები, რა დროც მისაღები იქნება მსოფლიო საზოგადოებისათვის.“[სტილი დაცულია]

ამ განცხადებებს ყურად არავინ იღებდა, მოსკოვზე ორიენტირებულ სხვა პოლიტიკურ ძალთა გავლენის ზრდა რომ არ შეიმჩნეოდეს. “დათვის“ დამფუძნებელ ყრილობაზე ფართოდ იყო წარმოდგენილი ასლან აბაშიძის აღორძინების კავშირი. თავად ხაჩიშვილი თავის გათავისუფლებას სწორედ ასლან აბაშიძეს უმადლის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთზე მყარად ორიენტირებულმა, ასევე ასლან აბაშიძის მეგობარმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა პრეზიდენტ შევარდნაძის გარემოცვაში მნიშვნელოვანი ადგილი მოიპოვა, არაა გამორიცხული, ამ პოლიტიკურმა ძალებმა სერიოზული ალიანსი შეკრან.
ისიც საყურადღებოა, რომ თემურ ხაჩიშვილი თავის შემწყალებელ შევარდნაძეს არ უპირისპირდება და პრეზიდენტს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერას ჰპირდება.

ზევით ნახსენებ სხვადასხვა ორიენტაციის ორ პოლიტიკურ ძალას შორის წინასაარჩევნო ბრძოლა შეიძლება სწორედ შევარდნაძის ფავორიტობის მისაღწევად და ამ გზით ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე გავლენის მოსაპოვებლად წარიმართოს.
XS
SM
MD
LG