Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას ვიზიტი საქართველოში


“ვიზიტი, რომელიც 18 დეკემბერს იწყება, უდავოდ, მნიშვნელოვანი იქნება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და რეგიონალური პრობლემების განხილვის თვალსაზრისით,”

– ეს განცხადება ედუარდ შევარდნაძემ საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის დაწყების წინ გააკეთა. 18 დეკემბერს საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ლეონიდ კუჩმასთან შეხვედრებით იყვნენ დაკავებულნი. უკრაინის პრეზიდენტი საქართველოდან უზბეკეთში უნდა გაემგზავროს.

ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტს საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს. საქართველოსა და უკრაინის ჭეშმარიტად კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე ეს ფაქტიც მეტყველებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ ვიზიტებისას გაფორმებულ შეთანხმებებზე, ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობის გაღრმავებისა და გაფართოების შესახებ შეთანხმებებზე. და მაინც, საქართველოსა და უკრაინას შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობაზე კიდევ უფრო მკაფიო წარმოდგენის შესაქმნელად საქართველოში წინა ვიზიტისას ლეონიდ კუჩმას მიერ გაკეთებულ განცხადებას გავიხსენებ. როგორც მან მაშინ აღნიშნა, ბოლო წლების მანძილზე საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის ადგილი არ ჰქონია არც ერთ გაუგებრობას. მეზობელ დიდ სახელმწიფოსთან, თანაც იმ სახელმწიფოსთან, რომელსაც, სხვადასხვა ექსპერტების თვალსაზრისით, აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერის როლის შესრულება შეუძლია, ასეთი თანამშრომლობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ედუარდ შევარდნაძეს არაერთხელ აღუნიშნავს ეს. მან წინასწარვე მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის მორიგ ოფიციალურ ვიზიტს, რომელიც 18 დეკემბერს დაიწყო. ლეონიდ კუჩმასა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციასთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური შეხვედრები ამ დღეს სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებით უნდა დასრულებულიყო, შევარდნაძეს და კუჩმას კი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები ფართო ჭრილში უნდა განეხილათ. ამას გარდა: აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფანი, საქართველოს და უკრაინის თანამშრომლობის კუთხით; კასპიის ნავთობის ტრანსპორტირება, ფოთი-ილიჩევსკის საბორნე გადასასვლელის ერთობლივი ექსპლუატაცია, თანამშრომლობა სუუამის ფარგლებში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინის სურვილი და შესაძლებლობა აფხაზეთის სამშვიდობო ოპერაციაში ჩართვისა – ასეთია საკითხები, რომელთა ირგვლივ მსჯელობაც 18 დეკემბერს დაწყებული ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა.

გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა დაინტერესებულია ალტერნატიული ენერგორესურსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებით, ის კარგა ხანია აქტიურად ცდილობს ამიერკავკასიის სტაბილურობისთვის თავისი წვლილის გაღებას და აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში მონაწილეობას. უკრაინა არის საქართველოს მეგობარ სახელმწიფოთა ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც გამოთქვამს მზადყოფნას მიიღოს მონაწილეობა აფხაზეთის სამშვიდობო ოპერაციაში, ოღონდ გაეროს, და არა თანამეგობრობის, ეგიდით. გაეროს მანდატით აფხაზეთის სამშვიდობო ოპერაციაში უკრაინის ჩართვის სურვილს ამ ქვეყნის ხელმძღვანელობა კარგა ხანია გამოხატავს და ეს გარემოება ლეონიდ კუჩმას საქართველოში ვიზიტს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს. ჩვენს რეგიონში არსებული პრობლემებისადმი უკრაინის დამოკიდებულებამ ლეონიდ კუჩმასთან შეხვედრებზე ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უნდა დაიკავოს.
XS
SM
MD
LG